პირველადი პრევენცია

კვლევებში, რომლებშიც ბიჭები მონაწილეობდნენ, დადგინდა, რომ წინდაცვეთას პრევენციული დატვირთვა აქვს.[31] თუმცა, მოზრდილი მამაკაცებისათვის რეკომენდაციები ჩამოყალიბებული არ არის. ვერცხლით ან ანტიბიოტიკით დაფარული კათეტერი ამცირებს კათეტერთან დაკავშირებული ბაქტერიურიის რისკს, თუმცა ბოლომდე დადასტურებული არ არის, რომ მოახდენს საშარდე გზების ინფიცირების (UTI) პრევენციას; შესაბამისად, კათეტერის ამოღება ან მისი ჩადგმისაგან თავის არიდება პრევენციის საუკეთესო გზაა.[27][32][33][34][35][36][37] სადავოა რამდენიმე ფარმაკოლოგიური (მაგ. მეთენამინის ჰიპურატი) და არაფარმაკოლოგიური სამკურნალო სტრატეგიის (მაგ. მოცვის წვენის მიღება) ხარისხი და მტკიცებულება კლინიკურ პრაქტიკაში პაციენტთა სხვადასხვა ჯგუფში, რადგანაც საშარდე გზების ინფექციების მქონე მამაკაცების გარკვეული ქვეჯგუფების პათფიზიოლოგია ბოლომდე შესწავლილი არ არის. აღნიშნული თერაპიების კვლევების დროს არ უნდა გამოგვრჩეს მამაკაცებში საშარდე ტრაქტის სტრუქტურული პათოლოგიის ალბათობაც.[38][39][40][41][42]

მეორეული პრევენცია

მამაკაცებში საშარდე გზების ინფექციის (UTI) მეორეული პროფილაქტიკა შესაძლებელია მაშინ, როცა მიზეზი კორექტირებადი ან განკურნებადია. მაგალითად, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (BPH) მკურნალობა და შარდის დინების აღდგენა ამცირებს მომავალში საშარდე გზების ინფექციის რისკს.

ფონური მდგომარეობა, რომელიც საშარდე გზების ინფექციას უწყობს ხელს, უნდა გამოვიკვლიოთ რადიოლოგიურად თუ მამაკაცს აღენიშნება:

  • შარდის დაცლის დისფუნქცია მკაფიო მიზეზის გარეშე, როგორიცაა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია

  • წარუმატებელი მკურნალობა

  • პერსისტენტული ჰემატურია

  • საშარდე გზების ზედა ნაწილის ინფექციის ნიშნები

უროლოგიური კონსულტაცია შეიძლება საჭირო გახდეს ფონური სტრუქტურული ან ფუნქციური პათოლოგიის შესასწორებლად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას