მიდგომა

მკურნალობის მიზანია ბაქტერიის ერადიკაცია; მკურნალობის მთავარი მიმართულებაა ანტიმიკრობული აგენტების დანიშვნა.

თუ მამაკაცი სიმპტომურია და კულტურაზე დადასტურდა საშარდე გზების ინფექცია (UTI), საჭიროა ანტიმიკრობული აგენტებით მკურნალობა.[28]

თუ მამაკაცს აღენიშნება შარდის დადებითი ტესტი (მარკერ-ზოლით ან მიკროსკოპულად) და სპეციფიკური სიმპტომები (დიზურია, გახშირებული და მოშარდის დაუოკებელი სურვილი, ბოქვენზედა ტკივილი ან ნეკნ-ხერხემლის კუთხის ტკივილი), საჭიროა ემპირიული მკურნალობა მანამ, სანამ კულტურა გამორიცხავს მნიშვნელოვან ბაქტერიურიას ან მიგვითითებს განსხვავებული ანტიმიკრობული პრეპარატის საჭიროებაზე, გამომწვევი მიკროორგანიზმის მგრძნობელობის მიხედვით.

კათეტერთან დაკავშირებული საშარდე გზების ინფექცია (გართულებული ინფექცია) საჭიროებს ფრთხილ მკურნალობას, რადგანაც არსებობს ბაქტერიემიის რისკი. თუმცა, უსიმპტომო ბაქტერიურიის სკრინინგი და მკურნალობა კათეტერის მქონე პაციენტებში რეკომენდებული არ არის.[4][მტკიცებულების დონე A][მტკიცებულების დონე A] თერაპიის დაწყების შემთხვევაში, კათეტერი უნდა გამოიცვალოს ანტიბიოტიკების მიღებამდე.[29]

ინტრავენური თერაპია და ჰოსპიტალიზაცია ნაჩვენებია მძიმე ავადმყოფ პაციენტებში, მაგ. შესაძლო ბაქტერიემიის შემთხვევებში.[28] ინტრავენური მკურნალობა გრძელდება მანამ, სანამ პაციენტი არ დასტაბილურდება და ცხელება აღარ ექნება. პერორალური ანტიბიოტიკოთერაპია ფტორქინოლონების გამოყენებით შეიძლება ჩაითვალოს ინტრავენური თერაპიის ალტერნატივად, რადგანაც ფტორქინოლონებს კარგი ბიოშეღწევადობა ახასიათებს. ავადმყოფობის სიმძიმე განისაზღვრება პაციენტის ზოგადი ტოქსიკური შესახედაობით, ცხელებით, ტაქიკარდიით, ტაქიპნოეთი, ჰიპოტენზიით ან ლეიკოციტების რაოდენობის მომატებით. გადაწყვეტილება ჰოსპიტალიზაციის თაობაზე ემყარება პაციენტის უუნარობას, მიიღოს პერორალური მედიკამენტები (მაგ. შეუჩერებელი ღებინების შემთხვევებში). თუ პაციენტს აღენიშნება საშარდე გზების ინფექცია და იმუნოსუპრესია, კლინიცისტმა უფრო მარტივად უნდა გადაწყვიტოს მისი ჰოსპიტალიზაცია.

ანტიბიოტიკების შერჩევა

მამაკაცებში საშარდე გზების ინფექციის მკურნალობა განსხვავდება ქალებში საშარდე გზების ინფექციის მკურნალობისაგან. რეკომენდაციების უმეტესობა ეფუძნება ქალების შემთხვევებისაგან მიღებულ ინფორმაციას, თუმცა მამაკაცებში უფრო ხშირია გართულებული ინფექციები. მკურნალობის ვარიანტები მოიცავს ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს (ხშირად სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად [მაგ., ამინოგლიკოზიდებთან]), ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი (TMP/SMX), ნიტროფურანტოინი და ფტორქინოლონები.[10][28]

საწყისი ემპირიული თერაპიის არჩევისას უნდა ხელმძღვანელობდეთ ადგილობრივი რეზისტენტობის შაბლონებით.[28] მამაკაცებში საჭიროა შარდის კულტივირება, რათა თავდაპირველი ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია სწორი იყოს.

თერაპიის მიზანი (ბაქტერიების აღმოფხვრა) და თერაპიის პირველადი საშუალება (ორალური ანტიბიოტიკები) იგივე რჩება როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. ანტიბიოტიკების არჩევის ძირითადი პრინციპები მოიცავს:

  • ინფექციის გამომწვევი სავარაუდო მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება

  • პაციენტის ჰიპერმგრძნობელობის განსაზღვრა

  • შესაძლო გვერდითი ეფექტების შეფასება

  • თირკმლლის ან ღვიძლის დაავადების გათვალისწინება

  • თერაპიის ფასის გათვალისწინება.

ჯამში, UTI-ის შემთხვევების უმეტესობას იწვევს Escherichia coli. თუმცა, E coli, როგორც გამომწვევი ორგანიზმი, იდენტიფიცირდება საშარდე გზების ინფექციების მქონე მამაკაცების 50%-ზე ნაკლებში, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ბაქტერიების უფრო მრავალფეროვანი ჯგუფი.[3][6][11][12][13][14][21][25][51] მამაკაცებში UTI-ის გამომწვევი დამატებითი მიკროორგანიზმებია Klebsiella, Proteus, Providencia, Enterococcus და Staphylococcus. კათეტერიზაციასთან დაკავშირებული UTI-ის დროს გამომწვევი შეიძლება ასევე იყოს ფსევდომონა და რეზისტენტული მიკროორგანიზმები.

ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი გამოიყენება პირველი რიგის თერაპიად ქალებში, რაც[52] შეიძლება არ იყოს გამართლებული მამაკაცებში. მეტიც, TMP/SMX-ის პირველი რიგის თერაპიის სახით გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, როცა E coli-ის ადგილობრივი რეზისტენტობის მაჩვენებელი 20%-ზე ნაკლებია, ხოლო აშშ-ის მონაცემების თანახმად, TMP/SMX-ის მიმართ რეზისტენტობა 18%-დან 22%-მდე მერყეობს.[51] გერმანიაში ჩატარდა ამბულატორიული მამაკაცი პაციენტების კვლევა, რომლის მიხედვითაც რეზისტენტობა ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლის წინააღმდეგ 34% იყო.[14] ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლის მიმართ რეზისტენტული ინფექციის რისკს მატებს ამ ანტიბიოტიკის ახლო წარსულში გამოყენება და ჰოსპიტალიზაცია.[53]

საკმაოდ მცირე რაოდენობით მოიპოვება კვლევები მამაკაცებში ანტიბიოტიკების შერჩევის შესახებ. ახალი ხელმისაწვდომი კვლევების მიხედვით, ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი მამაკაცებში ნაკლებად წარმატებულია. ჩატარდა მცირემასშტაბიანი კვლევა მამაკაცებში, რომელთაც საშარდე გზების განმეორებითი ინფექცია ჰქონდათ. შეადარეს ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლის 10 დღიანი კურსი 12-კვირიან თერაპიასთან; მიკრობიოლოგიურად განკურნება დაფიქსირდა პირველი ჯგუფის (10დღე) 15 პაციენტიდან 3-ში, ხოლო მეორე ჯგუფის (12 კვირა) 15 პაციენტიდან 9-ში.[54]

ფთორქინოლონები უპირატესია როგორც ეფექტით, ასევე მიკრობიოლოგიური განკურნებისათვის საჭირო მკურნალობის ხანგრძლივობით.

  • ერთი კვლევა მოიცავდა როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს გართულებული ინფექციებით. ლომეფლოქსაცინის ფონზე განკურნების სიხშირე იყო 95%, ხოლო ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლის ფონზე- 43%.[55]

  • კიდევ ერთ კვლევაში, ციპროფლოქსაცინის 2 კვირიანი კურსი ცხელებით მიმდინარე ინფექციების დროს მამაკაცებში არანაკლებ ეფექტური იყო 4 კვირიან კურსთან შედარებით.[21]

თუმცა, ფტორქინოლონები დაკავშირებულია სერიოზულ, ინვალიდურ და პოტენციურად შეუქცევად გვერდით ეფექტებთან, მათ შორის ტენდონიტთან, მყესის რღვევასთან, ართრალგიასთან, ნეიროპათიებთან და კუნთოვანი ან ნერვული სისტემის სხვა ეფექტებთან.[56] გავრცელდა გაფრთხილებები აორტის განშრევების, მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის და ფსიქიური ჯანმრთელობის მხრივ უარყოფითი გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფტორქინოლონებს.[57][58]

პაციენტის მახასიათებლებისა და ადგილობრივი რეზისტენტობის შაბლონებიდან გამომდინარე, ფტორქინოლონური ანტიბიოტიკები რჩება მამაკაცებში UTI-ის გონივრული პირველი რიგის მკურნალობად, ამ პაციენტების ჯგუფში გართულებების მაღალი რისკის გამო.[28]

რეზისტენტობის მაღალი დონის გამო, ევროპის უროლოგიის ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ფტორქინოლონების გამოყენებას გართულებული UTI-ის ემპირიული მკურნალობისთვის პაციენტებში უროლოგიური განყოფილებებიდან ან როდესაც პაციენტები იყენებდნენ ფტორქინოლონებს ბოლო 6 თვის განმავლობაში.[28]

TMP/SMX შეიძლება ჩაითვალოს პირველ რიგში ახალგაზრდა მამაკაცებში გართულებული UTI-ის მტკიცებულების გარეშე და ადგილობრივი რეზისტენტობის შაბლონების გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ პერორალური ანტიბიოტიკოთერაპია (კონკრეტულად- ციპროფლოქსაცინი) არ ჩამოუვარდებოდა ინტრავენურ ციპროფლოქსაცინს ერთ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა პიელონეფრიტის, საზოგადოებაში შეძენილი საშარდე გზების ინფექციის ან ჰოსპიტალური საშარდე გზების ინფექციის მქონე 141 პაციენტი.[59][60]

უროპათოგენებში წამლის მიმართ რეზისტენტობის ზრდის ფონზე, ზოგიერთ ქვეყანაში დამტკიცებულია შემდეგი სამკურნალო საშუალებები მოზრდილებში გართულებული ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე ორგანიზმებით, რომლებსაც არა აქვთ ან აქვთ შეზღუდული ალტერნატიული ვარიანტი: მეროპენემი / ვაბორბაქტამი, პლაზომიცინი, ცეფიდეროკოლი და იმიპენემი / ცილასტატინი / რელებაქტამი.არა [61][62][63][64][65]

თერაპიის ხანგრძლივობა

გართულებული ინფექციების დროს საჭიროა უფრო ხანგრძლივი თერაპია. ავტორიტეტული ინსტიტუტების უმეტესობა რეკომენდაციას უწევს მინიმუმ 14 დღიან მკურნალობას გართულებული ინფექციის შემთხვევაში. მამაკაცებს ხშირად აქვთ გართულებული ინფექციები.[11][28][66] მეტიც, საშარდე გზების ინფექციის ინციდენტობა მამაკაცებში დაკავშირებულია ასაკის მატებასთან, ამიტომ მინიმალური 14 დღიანი კურსი შეესაბამება გერიატრიულ პაციენტებს.[11] მონაცემების მიხედვით, მაღალი დოზით ლევოფლოქსაცინის შემთხვევაში რეკომენდებულია უფრო მოკლე კურსი გართულებული ინფექციის სამკურნალოდ; თუმცა, კვლევის მონაწილეთა მხოლოდ ერთი მესამედი იყო მამაკაცი.[67]

ახალგაზრდა მამაკაცებში გართულებული ინფექციები უფრო იშვიათია. მათ შეიძლება აღენიშნოთ საშარდე გზების ინფექციის დადასტურებული რისკფაქტორი, როგორიცაა სქესობრივი აქტივობა. მსგავს შემთხვევებში, 7-დღიანი მკურნალობა შეიძლება საკმარისი იყოს.

წარუმატებელი მკურნალობა და რეციდივი

თუ მკურნალობა წარუმატებელია (სიმპტომების არასრული კუპირება ან ინფექციის გართულებები) საჭიროა საშარდე ტრაქტის სრული გამოკვლევა რადიოლოგიური მეთოდებით, რათა გამოვავლინოთ შესაძლო სტრუქტურული ან ფუნქციური პათოლოგიები. მსგავსი პათოლოგიების აღმოჩენა და მკურნალობა შეიძლება აუცილებელი იყოს საშარდე გზების ინფექციის სრულად ასალაგებლად.

ასევე, თერაპიაზე არასრული პასუხი შეიძლება მიუთითებდეს ზემო საშარდე გზების ინფექციაზე (პიელონეფრიტი), რისთვისაც საჭიროა ინტრავენური თერაპია. ასევე შესაძლებელია პერირენული აბსცესის არსებობაც, რაც ქირურგიულ დრენაჟს მოითხოვს. თუ მამაკაცში მკურნალობა წარუმატებელია, საჭიროა უროლოგის კონსულტაცია.

საშარდე გზების ინფექციის მწვავე მკურნალობის შემდეგ, მამაკაცების ხელახალი შეფასება საჭიროა 2-4 კვირაში. ამ ვიზიტის დროს საჭირო არ არის დამატებითი კვლევები, თუმცა ექიმმა უნდა უზრუნველყოს სიმპტომების სრული კუპირება და ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულება. ასევე საჭიროა გართულებული ინფექციის ფაქტორებსა და ნიშნებზე დაკვირვება. პაციენტს უნდა აუხსნათ, რომ საშარდე გზების ინფექციის განმეორება საჭიროებს საშარდე გზების დეტალურ გამოკვლევას რადიოლოგიური მეთოდებით.

უსიმპტომო ბაქტერიურია

უსიმპტომო ბაქტერიურიის მკურნალობა შემთხვევათა უმეტესობაში რეკომენდებული არ არის, რადგანაც ეს არ ცვლის ავადობას ან სიკვდილობას.[4] თუმცა, იმ უროლოგიური პროცედურების წინ, რომელთა დროსაც შეიძლება დაირღვეს საშარდე ტრაქტის ლორწოვანი გარსი, საჭიროა ვეცადოთ შარდის სტერილიზაციას, რაც ბაქტერიემიისა და სეფსისის რისკის შეამცირებს. კლინიკური კვლევებით ზუსტად არ არის განსაზღვრული ანტიბოიტიკების ოპტიმალური შერჩევა, აგრეთვე მკურნალობის ხანგრძლივობა და დრო. თუმცა, მკურნალობა უნდა ჩატარდეს უროლოგიურ პროცედურებამდე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას