მიდგომა

საშარდე გზების ინფექციის (UTI) დიაგნოზი დასტურდება, როდესაც საშარდე გზების სიმპტომების მქონე (დიზურია, გახშირებული შარდვა, მოშარდვის უეცარი მოთხოვნილება, ბოქვენზედა და ნეკნ-ხერხემლის კუთხის ტკივილი) მამაკაცის შარდის კულტურაშის გამოვლინდება ერთი ან უპირატესად ერთი მიკროორგანიზმის მნიშვნელოვანი რაოდენობა (≥10² კოლონიის წარმომქმნელი ერთეული (CFU)/მლ).[6][25]

ანამნეზი

მამაკაცებში საშარდე გზების ინფექციების უმეტესობა გვხვდება 50 წლის ზემოთ. ინციდენტობა ყველაზე მაღალია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მცხოვრებ მამაკაცებში.

დიზურია ყველაზე ხშირად ინფექციითაა გამოწვეული.[6] გახშირებული, გაძლიერებული შარდვა და ბოქვენზედა ტკივილი ასევე მიუთითებს საშარდე გზების ინფექციაზე. კოსტოვერტებრალური კუთხის ტკივილი მიუთითებს, რომ საშარდე გზების ინფექცია გავრცელდა თირკმლებზე (პიელონეფრიტი). რექტული ან პერინეული ტკივილი ზოგჯერ გულისხმობს საშარდე გზების ინფექციის დაკავშირებას წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატა) ანთებასთან. მამაკაცებს შესაძლოა გამოუვლინდეთ გამონადენი შარდსადენიდან ან შარდის ნაკადის დარღვევების სიმპტომები, როგორიცაა შეუკავებლობა ან ნიქტურია.[25] საბოლოოდ, ანამნეზი მოიცავს სისტემური ნიშნების (მაგ. ცხელება, ჟრჟოლა) და შესაძლო იმუნოკომპრომისული მდგომარეობების (მაგ. შაქრიანი დიაბეტი) გამოვლენას, რაც ზოგჯერ მიუთითებს პაციენტის ავადმყოფობის სიმძიმეზე და ჰოსპიტალიზაციის.საჭიროებაზე

წარსული სამედიცინო ისტორიით შესაძლოა გამოაშკარავდეს საშარდე გზების ინფექციის გამომწვევი ჩამოთვლილი რისკფაქტორები:[25]

  • საშარდე გზების გადატანილი ინფექცია

  • წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია

  • კენჭები საშარდე გზებში

  • გადატანილი ოპერაცია ან ინსტრუმენტიზაცია

  • ჰოსპიტალიზაცია უკანასკნელ პერიოდში.

სოციალური ანამნეზით ვიგებთ პაციენტის სქესობრივ პრაქტიკასა და მის მიდრეკილებებს; ანალური სექსი განსაკუთრებით უწყობს ხელს ინფექციის განვითარებას.

ფიზიკური გამოკვლევა

ფიზიკური გამოკვლევა საჭიროა პაციენტის სიმტპომების გამომწვევი სხვა შესაძლო მიზეზების გამოსარიცხად. ის უნდა მოიცავდეს მინიმუმ მუცლის ღრუს, სასქესო ორგანოებს, სწორ ნაწლავისა და ნეკნ-ხერხემლის კუთხის პალპაციას.

მტკივნეული და რბილი პროსტატა, გადიდებული, გამკვრივებული ან კვანძოვანი წინამდებარე ჯირკვალი მიუთითებს შესაძლო პროსტატიტზე, პროსტატის ჰიპერპლაზიაზე ან წინამდებარე ჯირკვლის კიბოზე.

სასქესო ასოს დაზიანება ან გამონადენი მიუთითებს სქესობრივად გადამდებ ინფექციაზე.

სათესლე ჯირკვლის დანამატის (epididymis) ან სათესლე ჯირკვლების მტკივნეულობა ან შესიება შესაბამისად გულისხმობს ეპიდიდიმიტისა და ორქიტის არსებობას.

გართულებული საშარდე გზების ინფექციის შემთხვევაში პაციენტებს ზოგჯერ უვითარდებათ ცხელება.

ლაბორატორიული კვლევები

მამაკაცებში საშარდე გზების ინფექციაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში თავდაპირველი ტესტებია შარდის ტესტი მარკერ-ზოლით ან შარდის მიკროსკოპული ანალიზი. იმ შემთხვევაში, თუ მარკერ-ზოლით შარდის ტესტი უარყოფითია ნიტრიტებზე და ლეიკოციტის ესთერაზაზე ან შარდის მიკროსკოპული ანალიზი უარყოფითია ბაქტერიებსა და ლეიკოციტებზე, გამოირიცხება ინფექცია, მაგრამ ამ მარკერების დადებითობის შემთხვევაში არსებობს საშარდე გზების ინფექციების არსებობის ალბათობა. უარყოფითი შედეგების დროს უნდა ვეძიოთ პაციენტის არსებული სიმპტომების სხვა მიზეზები[2][43] უარყოფითი შედეგების დროს უნდა ვეძიოთ პაციენტის სიმპტომების გამომწვევი სხვა მიზეზები.

მამაკაცში შარდის დადებითი პასუხის შემთხვევაში ინფექციის ტიპურ სიმპტომებთან ერთად უნდა ჩატარდეს შარდის კულტურა და დაიწყოს ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია კულტივირების შედეგების დადგომამდე. მამაკაცში შარდის დადებითი ანალიზის პირობებში შარდის გრამის წესით შეღებვა დაგვეხმარება თავდაპირველი ანტიბიოტიკის სწორად შერჩევაში; თუმცა ეს პროცესი საჭირო არ არის, ვინაიდან ემპირიული თერაპიის შერჩევა შესაძლებელია სავარაუდო პათოგენურ ბაქტერიაზე დაფუძნებით. გრამის წესით შეღებვა შარდის ანალიზის მსგავსად არ ადასტურებს ინფექციის არსებობას.[15] კულტურა აუცილებელია საშარდე გზების ინფექციის დიაგნოზის დასადასტურებლად და იმ მიზეზით, რომ მამაკაცებში არასტანდარტული მიკროორგანიზმებიც შეიძლება შეგვხვდეს.[5][19] ≥10² კოლონიის წარმომქმნელი ერთეული/მლ ერთი ან ძირითადად ერთი ორგანიზმის არსებობა კულტურაში ადასტურებს საშარდე გზების ინფექციას სიმპტომურ მამაკაცებში. შარდის ნაკადის შუა ნაწილის სინჯი კულტივირებისათვის უმჯობესია ბოქვნის ზედა ასპირატზე ან კათეტერით მოპოვებულ ნიმუშებზე.[44]

ხანგრძლივი მოვლის და ამბულატორიული პაციენტებისადმი მიდგომას შორის განსხვავება არ არსებობს. თუმცა ხანგრძლივი მოვლის პირობებში შარდის ანალიზი ნაკლებად წარმოადგენს პროგნოზულ ფაქტორს საშარდე გზების ინფექციისათვის, ვინაიდან ასეთი პაციენტების დიდ ნაწილს აღენიშნება ასიმპტომურ ბაქტერიურასთან დაკავშირებული პიურია.[4][11] ასევე უნდა ითქვას, რომ შარდის უარყოფითი ანალიზი არ გამორიცხავს ინფექციას.[4][11]

ბაქტერიული ინფექციის ბიოლოგიური მარკერები, როგორიცაა მიელოიდური უჯრედის ხსნადი ტრიგერი რეცეპტორის ექსპრესია (sTREM-1) არ წარმოადგენენ სანდო მონაცემებს მამაკაცებში ინფექციის გამოსავლენად გამომდინარე მათი დაბალი მგრძნობელობიდან.[42][45][46]

გამოსახულებითი კვლევები

თირკმელების, შარდსაწვეთებისა და შარდის ბუშტის ვიზუალიზაცია კომპიუტერული ტომოგრაფიით, ულტრაბგერით ან ინტრავენური უროგრამით უნდა გამოვიყენოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:[1][3]

  • მათში, ვისაც აღენიშნება შარდის დაცლის დისფუნქცია მკაფიო მიზეზის გარეშე, როგორიცაა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია

  • მკურნალობის წარუმატებლობის დროს

  • პერსისტენტული ჰემატურიის მქონე პაციენტებში

  • საშარდე გზების ზედა ნაწილის ინფექციით დაავადებულებში

მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულ მამაკაცებში რადიოლოგიური კვლევებით ხშირად ვლინდება დარღვევები, ეს მონაცემები უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის არჩევანს არ ცვლის. შესაბამისად ვიზუალიზაცია ყველა შემთხვევის დროს მითითებული არ არის.[1][3][12][13][19][26]

ჯანდაცვის დაწესებულების პრაქტიკოსმა უნდა შეარჩიოს რადიოლოგიური გამოკვლევა ადგილობრივი რესურსების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით და სავარაუდო ფონურ პათოლოგიაზე დაყრდნობით. CT სკანირება გვთავაზობს ყველაზე დეტალურ ინფორმაციას, თუმცა ეს მეთოდი ძვირადღირებულია. თუ ეჭვია კენჭებზე, დაგეხმარებათ თირკმლის, შარდსაწვეთის და შარდის ბუშტის ჩვეულებრივი რენტგენი; თუმცა, კომპიუტერული ტომოგრაფია უფრო სანდოა. ობსტრუქციულ პროცესზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ულტრაბგერითი გამოკვლევით შეგვიძლია გამოვრიცხოთ მსგავსი პათოლოგია. ინტრავენურ უროგრამას შეზღუდული გამოყენება აქვს სხვა რადიოლოგიურ გამოკვლევებთან შედარებით, თუმცა კლინიცისტმა შესაძლოა გამოიყენოს ეს მეთოდი, თუ მაინც რჩება ეჭვი უარყოფითი CT ან ულტრაბგერის პასუხების შემთხვევაში, აგრეთვე პაციენტის მხრიდან შედარებით იაფფასიანი მეთოდის გამოყენების სურვილის პირობებში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას