ეტიოლოგია

სისხლის შემადედებელი სისტემა კომპლექსური და მაღალრეგულირებადია. კოაგულაციის მაკონტროლებელ სისტემაში მცირედმა ცვლილებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა და თრომბოზი.[9] არსებობს სამი ფაქტორი, რომელიც ინდივიდუალურად ან ერთობლივი ზემოქმედებით იწვევს ღრმა ვენების თრომბოზის შემთხვევათა უმეტეს ნაწილს: სისხლძარღვების დაზიანება, ვენური სტაზი და შედედების სისტემის აქტიაცია (ცნობილი ვირხოვის ტრიადის სახელით). შესაბამისად, ღრმა ვენების თრომბოზი გამოწვეულია კონკრეტული ფაქტორების მიერ. ესენია ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს სისხლის შედედებას (მაგ. ქირურგიული ჩარევა ან ტრავმა, რომელიც ააქტიურებს კოაგულაციურ სისტემას), ხანგრძლივი ადინამიური რეჟიმი ან იმობილიზაცია და შედეგად სტაზი, ასევე კოაგულაციის მასტიმულირებელი მედიკამენტები და დაავადებები (მაგ. კიბო, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი).[10] თრომბოზის მიმართ მიდრეკილება, როგორც წესი, გენეტიკურად განპირობებულია. თრომბოზის რისკს ზრდის ზოგიერთი გენეტიკური ცვლილებები როგორც კოაგულაციის სისტემაში (მაგ. factor V Leiden-ის მუტაცია), ასევე კოაგულაციის სისტემის გარეთ (მაგ. როდესაც სისხლის ტიპი არ არის O). აღნიშნულთაგან თითოეული ფაქტორი შესაძლოა ერთობლივად მოქმედებდეს, რაც დამატებით ზრდის ღრმა ვენების თრომბოზის რისკს.

არსებობს მყარი კავშირი ღრმა ვენების თრომბოზსა და შემდეგს შორის:

  • აქტიური ავთვისებიანი მდგომარეობები

  • მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევა უკანასკნელ პერიოდში (განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორთოპედიული პროცედურები).

  • ჰოსპიტალიზაცია უახლეს წარსულში

  • ახლახან გადატანილ ტრავმას

  • დაავადება (განსაკუთრებით ანთებასთან დაკავშირებული დაავადეები, როგორიცაა მწვავე ინფექცია)

  • ჰორმონული ჩანაცვლებითი ან პერორული კონტრაცეპტიული ესტროგენული თერაპია.

SARS-CoV-2-ით გამოწვეული COVID-19 ინფექცია დაკავშირებულია ვენური თრომბოემბოლიის განვითრებასთან.[11] დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. ჩვენი თემა COVID-19-ის შესახებ.

ღრმა ვენების თრომბოზის დროს, სხვადასხვა რისკფაქტორების არსებობასა ან არარსებობაზე და მათი არსებობის ხანგრძლივობაზე დამოკიდებულია ანტიკოაგულაციური თერაპიის ხანგრლივობაც.[12] თრომბოზისა და ჰემოსტაზის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებამ გამოაქვეყნა კლასიფიკაციის 4-კატეგორიიანი სისტემა (წარმოდგენილია თავდაპირველი ეპიზოდის შემდეგ განმეორებითი ვენური თრომბოემბოლიის რისკის ზრდის მიხედვით), რომელიც შესაბამება ამერიკის გულმკერდის ექიმთა კოლეჯის და ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტების (დიდი ბრიტანეთი) გაიდლაინებს:[13][14][15]

  • მნიშვნელოვანი გარდამავალი რისკფაქტორები (მაგ. ქირურგიული ჩარევა, რომელიც გრძელდება >60 წუთის განმავლობაში), რომლებიც დაფიქსირებულია თრომბოზის ჩამოყალიბებამდე 3 თვის ფარგლებში

  • უმნიშვნელო გარდამავალი რისკფაქტორები (მაგ. პერორული კონტრაცეპცია, ჰოსპიტალიზაცია), რომლებიც ფიქსირდება თრომბოზის ჩამოყალიბებამდე 2 თვის ფარგლებში

  • არაპროვოცირებული (არ ვლინდება იდენტიფიცირებადი რისფაქტორი)

  • პროვოცირებულია მუდმივი რისკის ფაქტორით (მაგ. აქტიური კიბო).

ამერიკის ჰემატოლოგიის საზოგადოების და ევროპის კრდიოლოგიის საზოგადოების გაიდლაინებშიც გამოყენებულია მსგავს ჩარჩო, გარკვეული ტერმინოლოგიური განსხვავებებით.[16][17][18]

პათოფიზიოლოგია

ფეხების ღრმა ვენურ სისტემაში თრომბების უმეტესი ნაწილის ფორმირება იწყება უშუალოდ ვენური სარქველის ზემოთ ან ქვეშ.[19][20]

თრომბები, ჩვეულებრივ, სპონტანურად იშლება. თრომბს გავრცელების პროცესში ახასიათებს გაფართოება და ზრდა ვენის სანათურის გასწვრივ პროქსიმულად. კოლტმა შესაძლოა სრულად დაახშოს სანათური, თუმცა, როგორც წესი, მდებარეობს სანათურის ერთ პერიფერიულ ნაწილზე. როდესაც ვლინდება სრულად დახშული სანათურის სურათი, მაშინაც კი შესაძლებელია სისხლის მცირე რაოდენობის ნაკადი მიედინებოდეს კოლტის უკიდურესად პერიფერიულ ნაწილზე. ღრმა ვენების თრომბოზი ხშირად ვითარდება კანჭის ვენებში და შემდგომ ვრცელდება პროქსიმულად. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, ისეთი როგორიც არის ორსულობა ან ბარძაყის სახსრის ართროპლასტიკა, თრომბი შეიძლება ჩამოყალიბდეს საზარდულის ან თეძოს მიდამოს ვენებში.[20] ასეთ დროს ღრმა ვენების თრომბოზის ჩაზრდა შესაძლოა უფრო დისტალურ ვენებშიც მოხდეს. ღრმა ვენების თრომბოზი შესაძლოა ერთდროულად აღმოცენდეს ერთზე მეტ განცალკევებულ ვენურ სეგმენტებში.

სხეულის ფიბრინოლიზური სისტემის მიერ მწვავე თრომბების დაშლა იწყება კოლტის ფორმირებისთანავე. შესაბამისად, კოლტის ჩამოყალიბების დაწყებიდან მცირე პერიოდში სისხლში ჩნდება დაშლის პროდუქტების მომატებული დონეები. ასეთი დაშლის პროდუქტებია, ჯვარედინად შეკავშირებული ფიბრინი, განსაკუთრებით ფრაგმენტი, რომელსაც D-დიმერი ეწოდება. შესაბამისადს ღრმა ვენების თრომბოზის დიაგნოსტიკისას მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის მნიშვნელოვანი კომპონენტი D-დიმერის ანალიზია.[21][22]

კლასიფიკაცია

DVT: ქვემო კიდურები

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს არაფორმალურ, კლინიკურ კლასიფიკაციას.

(a) ზედაპირული vs ღრმა

  • ზედაპირული ვენების თრომბოზი

    • პალპირებადი თრომბი კანქვეშა ვენებში (მაგ. ვარიკოზულ ვენაში) კლასიფიცირდება, როგორც ზედაპირული ვენური თრომბოზი, იგივე ზედაპირული თრომბოფლებიტი.

    • ზედაპირული ვენის თრომბოზი, როგორც წესი, ღრმა ვენების თრომბოზთან შედარებით გართულებების ნაკლებ რისკს ატარებს და სხვაგვარად იმართება. თუმცა, დიდი საჩინო ვენის პროქსიმულ ნაწილში (განსაკუთრებით თუ თრომბი განვითარებულია საჩინო და ბარძაყის ვენების შეერთებიდან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით) განვითარებული თრომბი ზრდის ფილტვის ემბოლიის რისკს, ვინაიდან დიდი საჩინო ვენა უერთდება ბარძაყის საერთო ვენას საზარდულში. დიდი საჩინო ვენის პროქსიმულ ნაწილში განვითარებული ზედაპირული ვენის თრომბოზი იგივენაირად იმართება, როგორც ღრმა ვენების თრომბოზი.

  • ღრმა ვენების თრომბოზი

    • კუთოვანი ქსოვილის შრეებში ღრმად არსებულ ვენებში ყალიბდება თრომბები.

(b) პროქსიმალური vs დისტალური

  • პროქსიმალური ვენების თრომბოზი

    • ღრმა ვენების თრომბოზი მუხლქვეშა ან უფრო პროქსიმალურ (ბარძაყის, ბარძაყის ღრმა, ბარძაყის საერთო, თეძოს და ღრუ ვენები) ღრმა ვენებში კლასიფიცირდება, როგორც პროქსიმალური.

  • დისტალური ან წვივის ვენის თრომბოზი

    • ღრმა ვენების თრომბოზი კანჭის 3 ძირითად აქსიალურ ვენაში (დიდი წვივის უკანა, დიდი წვივის წინა და მცირე წვივის ვენა) მუხლქვეშა ვენის ქვემოთ და კოლტები კუნთური ვენების ტოტებში (კანჭის ტყუპი კუნთი და ქუსლის კუნთები) მიეკუთვნება კანჭის დისტალურ ღრმა ვენების თრომბოზს. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება დისტალური ღრმა ვენების ანატომიური ვარიაცია, მათ შორის მცირე წვივის შეწყვილებული ვენები; ასევე მუხლქვეშა ვენის დისტალურად იქვე არსებული ტრიფურკაციის მაგივრად განვითარებული დიდი და მცირე წვივის ვენების ღერო. ამ მიდამოებში ჩამოყალიბებულ თრომბებს ასევე მივაკუთვნებთ ღრმა ვენების თრომბოზს. დისტალურ ვენებში იზოლირებული ღრმა ვენის თრომბოზის დროს, პულმონური ემბოლიასა და პოსტ-თრომბოზულ სინდრომში პროგრესირების რისი დაბალია და, რიგ შემთხვევებში, იმართება სხვაგვარად, ვიდრე პროქსიმული ღრმა ვენის თრომბოზი.

(გ) მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული

  • ვენების მწვავე თრომბოზს ვადასტურებთ დუპლექს ულტრაბგერითი სკანირებისას გამოვლენილი შემდეგი მახასითებლით: ვენა თომბოზის მხარეს უფრო ფართოა, ვიდრე კონტრლატერალურად (დილატირებული), ულტრაბგერითი ექოგენობა არაა თვალსაჩინო (ე.ი. კოლტი არ არის ექოგენური). ღრმა ვენის მწვავე თრომბოზი პირდაპირ კავშირშია ახლადგამოვლენილ სიმპტომებთან. მწვავე თრომბები სრულად ან ნაწილობრივ აფერხებს სისხლის დინებას.

  • ქვემწვავე და ქრონიკული ღრმა ვენების თრომბოზი იწვევს ვენის ნაწილობრივ შევიწროვებას და სისხლძარღვის არასრულ კომპრესიას. ქვემწვავე და ქრონიკული ღრმა ვენების თრომბოზის დროს ვენის სანათურში ასევე აღინიშნება ჰიპერექოგენურობა. დაზიანებული ვენა ნორმალური ზომისაა ან შეკუმშულია. ქრონიკულმა კოლტების წარმოშობამ შესაძლოა სრულად ან ნაწილობრივ დაახშოს სისხლძარღვი და შეაფერხოს სისხლის დინება. ღრმა ვენების ქრონიკული თრომბოზი შესაძლოა განვითარდეს როგორც ანტიკოაგულაციური მკურნალობის დროს, ასევე მის გარეშე სიმპტომური ან ასიმპტომური ღრმა ვენების თრომბოზის შემთხვევაში.

  • პროცესის დროში დამოკიდებულება, როდესაც მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული პროცესები შესაფერის ულტრაბგერით მახასიათებლებს იძენენ, ზუსტად განსაზღვრული არ არის. შესაბამისად აღნიშნული მახასითებლების არსებობის ალბათობა პაციენტებს შორის ვარიაბელურია. ახალი მწვავე ღრმა ვენების თრომბოზის გარჩევა წინა თრომბოზისგან ყველაზე უკეთ ხერხდება ძველი რადიოლოგიურ კვლევების ამჟამინდელთნ შედარებით.

DVT: ზემო კიდურები

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს არაფორმალურ, კლინიკურ კლასიფიკაციას.

(ა) ზედაპირული და ღრმა თრომბოზი

  • უშუალოდ კანქვეშ მდებარე ვენის პალპირებადი თრომბი მხარსა ან წინამხარზე(მაგ. ბაზილარული და თავის ვენები) კლასიფიცირდება, როგორც ზედაპირული ვენების თრომბი.

  • მხრის, იღლიის, ლავიწქვეშა ან უსახელო (ან მხართავის) ვენები და ზედა ღრუ ვენა კლასიფიცირდება, როგორც ღრმა ვენები. შიდა საუღლე ვენაც მიეკუთვნება ღრმა ვენებს.

(b) პროქსიმალური vs დისტალური

  • ზედა კიდურის პროქსიმული და დისტალური ღრმა ვენების თრომბოზის გარჩევის კრიტერიუმები მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. ზედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზის მართვის კვლევებში ხშირად დაფიქსირდა ისეთი შემთხვევები, რომლებშიც ჩართული იყო იღლიის და უფრო პროქსიმული ვენები. ნაკლებადაა აღწერილი მხრის ვენაში განვითარებული ღრმა ვენების თრომბოზის ემბოლიზაციის რისკი და მართვა.

(გ) მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული

  • კრიტერიუმები ქვედა კიდურების თრომბოზის კრიტერიუმების მსგავსია. ლავიწქვეშა და სხვა ცენტრალურად მდებარე ვენების კომპრესიის შეუძლებლობა ართულებს დიაგნოსტიკასა და კლასიფიკაციას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას