ახალი ტიპის მკურნალობა
ინტრავენური იმუნოგლობულინი (IVIG) პლუს კორტიკოსტეროიდი (ყველა პაციენტი)
ევროპაში მე-3 ფაზის მულტიცენტრული კლინიკური კვლევა ამჟამად სწავლობს ჰიპოთეზას, რომ კორტიკოსტეროიდმა, რომელიც გამოიყენება როგორც დამხმარე მკურნალობა, შეიძლება შეამციროს რეფრაქტერული კავასაკის დაავადების სიხშირე და ამით გააუმჯობესოს კორონარული შედეგები კავსაკის დაავადების კონკრეტულ შემთხვევებში: კავასაკის დაავადების კორონარული არტერიის ანევრიზმის პრევენციის (KD-CAAP) კვლევა, (ISRCTN71987471). იმის გათვალისწინებით, რომ კორონარული არტერიის ანევრიზმის (CAA) გართულებების სიხშირე, რომელიც აღინიშნება დიდ ბრიტანეთში და მთელ ევროპაში, უფრო მაღალია, ვიდრე ისტორიულად აღიქმება (16% - 42%), კავასაკის დაავადების მქონე ყველა პაციენტი, სავარაუდოდ, კორონარული არტერიის ანევრიზმის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება ინტრავენური იმუნოგლობულინის მიუხედავად და, შესაბამისად, შეიძლება პოტენციურად ისარგებლოს დამხმარე კორტიკოსტეროიდებით, როგორც პირველადი მკურნალობით. ამიტომ, KD-CAAP განსაზღვრავს დამხმარე პრედნიზოლონის ეფექტურობას და უსაფრთხოებას ინტრავენურ იმუნოგლობულინთან და ასპირინთან ერთად კორონარული არტერიის ანევრიზმის პროფილაქტიკისთვის არაშერჩეულ კავასაკის დაავადების მქონე პაციენტებში, მთელს ევროპაში, მხოლოდ ინტრავენურ იმუნოგლობულინთან და ასპირინთან შედარებით. პირველადი შედეგია კორონარული არტერიის ანევრიზმის სიხშირე 12 კვირის განმავლობაში.[45]
სტატინები
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) კავასაკის დაავადების გაიდლაინები (2017) რეკომენდაციას უწევს სტატინოთერაპიის გათვალისწინებას, ამ თემის ავტორები აცხადებენ, რომ სტატინების გამოყენება KD მქონე პაციენტების მწვავე და გრძელვადიან მართვაში, არ გახდა გავრცელებული აშშ კლინიკურ პრაქტიკაში და ექიმზე დამოკიდებული რჩება. უფრო მეტიც, AHA-ს 2019 წლის სამეცნიერო განცხადებაში ნათქვამია, რომ "სტატინოთერაპიის როლთან დაკავშირებული მონაცემები ჯერ კიდევ შეზღუდულია CAA-ს მქონე პაციენტებში [კორონარული არტერიის ანევრიზმები]".[72] სტატინოთერაპიის პოტენციური სარგებელი ემყარება სტატინების ზოგად ანთების საწინააღმდეგო ეფექტს და მათ გავლენას არტერიულ კედელში მიოტიმურ პროლიფერაციაზე.[73]
ასპირინის დაბალი დოზა (როგორც საწყისი მკურნალობა)
დაბალი დოზით ასპირინი ინტრავენურ იმუნოგლობულინთან ერთად კავასაკის დაავადების საწყისი მკურნალობისთვის შეიძლება იყოს ისეთივე ეფექტური, როგორც მაღალი დოზების ასპირინის და ინტრავენური იმუნოგლობულინის ამჟამინდელი პრაქტიკა და შეიძლება შეამციროს გვერდითი მოვლენები. ევროპულ გაიდლაინებში ნათქვამია, რომ მომავალმა გაიდლაინებმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს ამ მიდგომას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ პროსპექტული კონტროლირებადი კლინიკური კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. 358 პაციენტის ერთმა რეტროსპექტულმა კოჰორტულმა კვლევამ არ აჩვენა მაღალი დოზის ასპირინის მნიშვნელოვანი სარგებელი ასპირინის დაბალ დოზასთან შედარებით, კორონარული არტერიის ანევრიზმის განვითარების, ინტრავენური იმუნოგლობულინის მიმართ რეზისტენტობის ან დაავადების რეციდივის თვალსაზრისით. კორონარული ექტაზიის სიხშირე და საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად მაღალი იყო მაღალი დოზოს ასპირინით ნამკურნალებ ჯგუფში.[74] 12,176 პაციენტის ერთმა მეტაანალიზმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება კორონარული არტერიის ანევრიზმების სიხშირეში პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მაღალი დოზის ასპირინით, დაბალ დოზასთნ შედარებით. მაღალი დოზის ასპირინით ნამკურნალებ ჯგუფში შემავალ პაციენტებში აღინიშნა ცხელების ოდნავ უფრო სწრაფი კუპირება, თუმცა არ გამოვლენილა მაჩვენებლების სხვაობა ინტრავენური იმუნოგლობულინის მიმართ რეზისტენტობის სიხშირის ან კლინიკაში დაყოვნების თვალსაზრისით, მკურნალობის აღნიშნულ ორ ჯგუფს შორის.[75]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას