შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
18 თვის ბავშვი(ბიჭი) დედამ მოიყვანა პედიატრთან, მას შემდეგ რაც ბავშვს საკვების მიმართ რეაქცია განუვითარდა. დედა ამბობს, რომ ბავშვმა მიიღო მიწის თხილის კარაქიანი კრეკერის ერთი ნატეხი, ხოლო 3 წუთის შემდეგ ხრინწიანი ტირილი დაიწყო და გამოუვლინდა ჭინჭრის ნასუსხისებრი გამონაყარი სახეზე, კისერსა და ტანზე, დაუსივდა ტუჩები, აღენიშნა შადრევანისებრი ღებინება. დედამ ბავშვს დაუყოვნებლივ მისცა ანტიჰისტამინური სიროფი. შემდგომი შეკითხვებით აღმოჩნდა, რომ ბავშვს 12 თვის ასაკში კვერცხის მიღების შემდეგ 10 წუთში ასევე დაეწყო სახეზე ჭინჭრის ნასუსხისებრი გამონაყარი და ღებინება. ანამნეზში გვხვდება მსტვინავი სუნთქვა ვირუსული ინფექციების ფონზე სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში და მსუბუქი ატოპიური დერმატიტი, რომელიც დამარბილებლების ხშირი გამოყენებით კონტროლს ემორჩილება.
შემთხვევის ანამნეზი #2
2 წლის გოგონა პედიატრთან მიიყვანეს ქრონიკული მშრალი კანის შეფასების მიზნით. ხშირად ვლინდება იდაყვის წინა ფოსოსა და მუხლის უკანა ფოსოს ნაკეცების ანთებითი ეპიზოდები. პედიატრმა დაადგინა ატოპიური დერმატიტის დიაგნოზი. დედა ბავშვს დამარბილებლებს უსვამდა დღეში ორჯერ, თუმცა არ სურს ტოპიკური კორტიკოსტეროიდების გამოყენება, რომელიც სხვა ექიმმა 4 თვით ადრე დაუნიშნა. დედა ნერვიულობს და ფიქრობს, რომ გამონაყარი შეიძლება საკვებთან იყოს დაკავშირებული. მან შეამჩნია, რომ ატოპიური დერმატიტის გამონაყარი მწვავდება კვერცხის მიღების შემდეგ.
სხვა გამოვლინებები
რეაქცია შეიძლება იყოს IgE-ით გაშუალებული , IgE-ით გაშუალების გარეშე ან შერეული (IgE-ით გაშუალებული/ IgE-ით გაშუალების გარეშე ). IgE-ით გაშუალებული რეაქციები, ტიპურ შემთხვევებში, მოიცავს შემდეგ სიმპტომებს: ურტიკარია, ანგიოედემა, ღებინება, დიარეა, ასთმა ან სტრიდორი. IgE-ით გაშუალების გარეშე რეაქციები ითვლება უჯრედული გაშუალების რეაქციებად და შეიძლება მოიცავდეს კონტაქტურ დერმატიტს, საკვები ცილით ინდუცირებულ ენტეროკოლიტს, ჰერპეტიფორმულ დერმატიტს, ცელიაკიას ან ჰეინერის სინდრომს (მორეციდივე პნევმონია, რომელიც დაკავშირებულია ფილტვის ინფილტრატებთან, ჰემოსიდეროზი, გასტროინტესტინური სისხლდენა, რკინადეფიციტური ანემია და ზრდაში ჩამორჩენა).[2] შერეული (IgE და არა-IgE) რეაქციებია ატოპიური დერმატიტი, ეოზინოფილური ეზოფაგიტი და ალერგიული ეოზინოფილური გასტროენტერიტი.[1]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას