პირველადი პრევენცია
ენტერული ცხელების ეფექტური პრევენცია შესაძლებელია სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებით. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში დაავადება ეფექტურად კონტროლდებოდა წყლისა და საკვების სანიტარული პირობების გაუმჯობესების გზით. თუმცა, დაბალი შემოსავლების ქვეყნებში ახალი, ეფექტური ინფრასტრუქტურის მშენებლობა უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, განსაკუთრებით პერიფერიულ რაიონებში.
მოგზაურებისთვის ყოველთვის იყო ხაზგასმული ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა (ანუ დაბინძურებული საკვებისა და წყლის თავიდან აცილება, ხელების დაბანა). მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების აღნიშნული ზომების ეფექტურობა ფაქტობრივად არასაკმარისია, თუ გავითვალისწინებთ მათ წარუმატებლობას მოგზაურთა დიარეის პრევენციისთვის. ამრიგად, ვაქცინები მნიშვნელოვან როლს ასრულებს პრევენციაში და ტიფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდირებულია მოგზაურთათვის, რომლებიც სტუმრობენ იმ ტერიტორიებს, სადაც არის ექსპოზიციის რისკი.[40]
ამჟამად ხელმისაწვდომია ტიფის საწინააღმდეგო ვაქცინის 3 ტიპი: ცოცხალი ატენუირებული პერორალური ვაქცინა, Vi კაფსულარული პოლისაქარიდული ვაქცინა და ახალი, პროტეინ-კონიუგირებული Vi ვაქცინა.
ცოცხალი პერორალური ვაქცინა არის დასუსტებული S typhi-ის შტამი, Ty21a, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს Ty2-ის მუტანტს ურიდინ დიფოსფოგალაქტოზას 4-ეპიმერაზას დეფექტით. იგი არ არის ვირულენტური (არ გააჩნია Vi ანტიგენი), თუმცა შეიცავს უჯრედის კედლის იმუნოგენურ პოლისაქარიდებს. პირველადი ვაქცინაცია ითვალისწინებს ნაწლავში ხსნად 1 კაფსულას ან ლიოფილიზებულ ფხვნილს დღეგამოშვებით 3-4 დოზის სახით. მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს შრატის და ლორწოვანის ანტისხეულების გამომუშავებაში S typhi O, S, H და სხვა ანტიგენების მიმართ, აგრეთვე უჯრედული იმუნური პასუხების წყობის სტიმულაციაში (ციტოტოქსიური T-უჯრედების ჩათვლით). ეფექტურობა აღწევს 50%-დან 78%-მდე, ხოლო პროტექციული გავლენის ხანგრძლივობა ვრცელდება 3-4 წელიწადზე.[41] ვაქცინის ნაკლს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ანტიბიოტიკების ან ანტიმალარიული საშუალებების პარალელური გამოყენება შესაძლოა გავლენას ახდენდეს ანტისხეულების მოპასუხეობაზე. ვაქცინა აგრეთვე საჭიროებს მაცივარს, არ ენიშნება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს და დამოკიდებულია ვაქცინის მიმღებზე, რათა შესრულდეს მოთხოვნილი 3-4 დოზა.[42][43] გარდა ამისა, არის რა ცოცხლად-ატენუირებული, ვაქცინა უკუნაჩვენებია ორსულობისას და უჯრედული იმუნოსუპრესიის არსებობისას.
Vi ვაქცინა შეიცავს გაწმენდილ კაფსულარულ პოლისაქარიდულ ანტიგენს. Vi ანტიგენი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ ვირულენტურ ანტიგენს, რომელიც უზრუნველყოფს S typhi-ის სისხლში გადარჩენას, რაც, თავის მხრივ, სეპტიცემიას იწვევს. Vi ვაქცინა შეიცავს S typhi-ის მხოლოდ Vi კომპონენტს და განაპირობებს სწრაფ სეროკონვერსიას 1 დოზის შემდეგ.[12][44] იგი უსაფრთხოა და ექვემდებარება თანა-დანიშნვას სხვა სამოგზაურო ვაქცინებთან ერთად, ანტიმალარიულების ჩათვლით, ანტისხეულების მოპასუხეობის ყოველგვარი შესუსტების გარეშე. მისი დანიშნვა შესაძლებელია 2 წლის ასაკიდან და ზევით. პროტექციული გავლენის ხანგრძლივობა ვრცელდება 2-3 წელიწადზე, ხოლო ეფექტურობა აღწევს 50%-დან 67%-მდე.[41] თუმცა, პაკისტანში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მონაცემებით ვაქცინამ ვერ უზრუნველყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი პროტექციული გავლენა 2-დამ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.[45] მიუხედავად იმ ფაქტის, რომ ეს არის პოლისაქარიდული ვაქცინა, ჩინეთში ჩატარებული კვლევის მონაცემებით რევაქცინაციისას ნანახია გაძლიერების ეფექტი, ანტისხეულების ოდნავ დაბალი (თუმცა განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის) საშუალო გეომეტრიული ტიტრით პირველად ვაქცინაციასთან შედარებით.[46] ვაქცინა ხელმისაწვდომია A ჰეპატიტის ვაქცინასთან კომბინირებული პრეპარატის სახით.[47]
ახალი, S typhi Vi კონიუგირებული ვაქცინა შემუშავებულია Vi-ს კონიუგირებით მის მატარებელ ცილასთან (კონიუგირებული პნევმოკოკური და მენინგოკოკური ვაქცინების ანალოგიურად). მას გააჩნია უპირატესობა მომატებული იმუნოგენურობის და, შესაბამისად, ეფექტურობის (დაახლოებით 90%-მდე) და დამცავი გავლენის ხანგრძლივობის კუთხით.[48][49] ამჟამად ლიცენზირებულია ტიფის ორი კონიუგირებული ვაქცინა, რომელთაგან ორივე შედგება Vi პოლისაქარიდისგან, რომელიც დაკავშირებულია ტეტანუსის ტოქსოიდთან (Vi-TT). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს Vi-TT (Typbar-TCV®) ვაქცინის ერთი დოზის გამოყენებას ჩვილებში 6 თვიდან და ზრდასრულებში 45 წლამდე, ტიფის ენდემურ რეგიონებში.[1]
ტიფოიდური ვაქცინების შესახებ კოქრეინის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი მიმოხილვის თანახმად, Ty21a და Vi პოლისაქარიდული ვაქცინები ეფექტურია ტიფოიდური ცხელების პრევენციისთვის 2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში და ახალგაზრდა ზრდასრულებში, რომლებიც ტიფის ენდემურ რეგიონებში ცხოვრობენ.[50] მე-3 ფაზის რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევები, რომლებიც აფასებდნენ ტიფის კონიუგირებული ვაქცინების ეფექტურობას ნეპალში, ბანგლადეშსა და მალავიში, დაადგინეს ვაქცინის ეფექტურობა დაახლოებით 80% ყველა ასაკობრივ ჯგუფში.[51][52][53]
ვაქცინის ეფექტურობის განმსაზღველი ყველა გათვლის მნიშვნელოვანი შეზღუდვა მდგომარეობს შემდეგში, რომ ამ ფაქტორის შესახებ ყველა კვლევა ადგილობრივ მოსახლეობაზეა ჩატარებული. ამ ჯგუფებს შესაძლოა გარკვეული ხარისხით გააჩნდეთ ფონური იმუნიტეტი და მაღალი განმეორებითი ექსპოზიციის ალბათობა და, შესაბამისად, უკეთესი იმუნიტეტი მოგზაურეთან შედარებით, რომელთა შორის ვაქცინის ეფექტურობა მკაფიოდ განსაზღვრული არასდროს არ ყოფილა. ადამიანების ერთ-ერთი მოდელის პროექტის ფარგლებში, დიდ ბრიტანეთში 112-მა მოხალისემ გადაყლაპა S typhi-ს ინოკულუმი Vi პოლისაქარიდული ვაქცინის ან კონიუგირებული ვაქცინის (Vi-TT) მიღების შემდეგ. ორივე შემთხვევაში ეფექტიანობა შეადგენდა 50%-ს.[54]
დაუშვებელია ცოცხალი პერორალური ვაქცინის (Ty21a) გამოყენება ორსულობის განმავლობაში. მონაცემები ორსულებში უსაფრთხოებაზე არ არსებობს Vi ვაქცინაზე; თუმცა, თეორიულად უსაფრთხო უნდა იყოს.[1][55]
ყველა ზემოთ ნახსენები ვაქცინის ძირითად ნაკლს წარმოადგენს არასაკმარისი დაცვა S paratyphi ორგანიზმების მიმართ. გაწმენდილი Vi ვაქცინა მუშაობს შრატისმიერი ანტისხეულების გამომუშავების გზით Vi ანტიგენის წინააღმდეგ, რომელიც არსებობს მხოლოდ S typhi-ის შტამებში. ამის საპირისპიროდ, დასუსტებული S typhi, Ty21a, რომელიც არ ახდენს Vi ანტიგენის ექსპრესიას, მაგრამ განაპირობებს პროტექციულ გავლენას ძლიერმოქმედი სეკრეტორული იმუნოგლობულინი A-ს (IgA) გამომუშავების და უჯრედული მოპასუხეობის გაძლიერების გზით, შესაძლოა უზრუნველყოფდეს გარკვეულ დაცვას. ისრაელის კვლევის მიხედვით, Vi ვაქცინამ გამოავლინა უკეთესი დაცვა S typhi-ის წინააღმდეგ ინდოეთში მოგზაურებს შორის, ხოლო Ty21a უკეთეს დაცვას უზრუნველყოფდა S paratyphi A-ის მიმართ.[14] Ty21a ვაქცინის ჩილეში ჩატარებული კვლევების შეჯამებული მონაცემების რეტროსპექტული ანალიზი ავლენს აღნიშნული ვაქცინის გარკვეულ პროტექციულ გავლენას მხოლოდ B სახეობის პარატიფოიდური ინფექციის წინააღმდეგ (49%-იანი ეფექტურობით).[56]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას