ეტიოლოგია
VEEV წარმოადგენს ფეხსახსრიანების მიერ გადამცემად ვირუსს, რომელიც მიეკუთვნება Togaviridae ოჯახს და Alphavirus-ის სახეობას (ყოფილი A ჯგუფის არბოვირუსები), და იწვევს ვენესუელურ ცხენის ენცეფალიტს. VEEV არის ლიპიდური გარსის მქონე შემოგარსული, დადებითი პოლარობის, ერთჯაჭვიანი რნმ ვირუსი, იკოსაჰედრალური სიმეტრიით. იდენტიფიცირებულია VEEV-ის ექვსი ქვეტიპი (კლასიფიცირებული I-VI). I ქვეტიპში, არსებობს ხუთი ანტიგენური ვარიანტი (IAB, IC, ID, IE, და IF). IAB და IC ვარიანტები ეპიზოოტურია და იწვევს ადამიანებში დიდი მასშტაბის ეპიდაფეთქებებს, მაშინ როცა სხვა ქვეტიპები და ვარიანტები ენზოოტურია.[5] სავარაუდოა, რომ ეპიზოოტური ქვეტიპები წარმოშობილია ენზოოტური ქვეტიპებიდან.
ვირუსისთვის კოღო ყველაზე გავრცელებული გადამტანია. ვირემიულ ფაზაში მყოფი მასპინძელი ცხენის ან მღრღნელის სისხლით კვების შემდეგ ინფიცირებულ კოღოში ვირუსი ინკუბაციას გადის 1 კვირის განმავლობაში. ვირუსის გადაცემა ხდება როდესაც ინფიცირებული კოღო იკვებება არაინფიცირებული მასპინძლის (მაგ., ცხენი ან ადამიანი) სისხლით. ენზოოტური ქვეტიპების გადაცემა ხდება მღრღნელებსა და Culex სახეობის კოღოს Melanoconion ქვესახეობას შორის; ამ ქვეტიპებს შეუძლიათ ადამიანში დაავადების გამოწვევა, მაგრამ ზოგადად ცხენებში დაავადებას არ იწვევენ. ეპიზოოტური ქვეტიპები (IAB და IC) მრავლდება ცხენებში და შეიძლება გავრცელდეს კოღოს მრავალი სახეობით; ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობაა Aedes (Ochlerotatus) taeniorhynchus.[7] სხვა კოღოებს ზოგადად შეუძლიათ VEEV-ის ეპიზოოტური ქვეტიპების გავრცელება, მათ შორის Anopheles, Deinocerites, Mansonia და Psorophora. კოღო Aedes albopictus (ასევე ცნობილი, როგორც აზიური ვეფხვისებრი კოღო), რომელსაც შეუძლია ჩიკუნგუნიას ვირუსის, დენგეს და ზიკას ვირუსის გავრცელება, ასევე წარმოადგენს VEEV-თვის სიცოცხლისუნარიან მასპინძელ გადამტანს.
აღრიცხულია როგორც VEEV-ის ბუნებრივი გადაცემა გადამტანი კოღოთი, ისე ლაბორატორიაში შეძენილი ინფექციები აეროზოლის ინჰალაციით, შემთხვევითი კანქვეშა ინფიცირება (მაგ., ინფიცირებული ცხოველის ნაკბენი), და ვირუსთან შეხება დაზიანებული კანით ან ლორწოვანი გარსით.[1] ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა დამტკიცებული არ არის.[8] უფრო მეტიც, ინფიცირებულ ადამიანში ძირითადად არ ვითარდება საკმარისი ვირუსემია კოღოს ინფიცირებისათვის, აქედან გამომდინარე, წვლილი არ შეაქვს გადაცემის ციკლში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქსოვილის ნიმუშში ტრანსმისიული ელექტრონული მიკროფაგი აჩვენებს VEEV-ის ვირიონსდაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სურათების ბიბლიოთეკა [Citation ends].
პათოფიზიოლოგია
კოღო VEEV-ის ყველაზე ხშირ გადამტანს წარმოადგენს. მასპინძელში გამრავლებისა და პათოგენეზისთვის VEEV-ს აქვს ერთჯაჭვიანი, დადებითი პოლუსის რნმ-ის გენომი, რომელიც მოიცავს 4 არასტრუქტურულ ცილას (nsP1-4), და 5 სტრუქტურულ ცილას (E1, E2, E3, 6K/TF, და CP [კაფსიდ პროტეინი]), რომლებსაც გამრავლებისა და მასპინძელში პათოლოგიის გამოწვევისთვის იყენებს.[12] E2 არის ძირითადი გლიკოპროტეინი, რომელიც წარმოდგენილია ვირუსის ლიპიდურ გარსში და პასუხისმგებელია მასპინძელი უჯრედის რეცეპტორებზე მიმაგრებაზე. ინფიცირებული კოღოდან კანქვეშ პენეტრირების შემდეგ ვირუსი იწყებს დაკავშირებას და რეპლიკაციას კანის მეზენქიმური წარმოშობის უჯრედებში და ლანგერჰანსის უჯრედებში. კანში ასევე ინფიცირდება დენდრიტული უჯრედები. ინფიცირებული უჯრედების მეშვეობით ხდება ვირუსის ტრანსპორტირება ლიმფურ კვანძებში, სადაც ინფიცირდება სხვა იმუნური უჯრედები, ისევე როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედები.[13][14] ვირუსის პენეტრაცია მასპინძლის უჯრედში ხდება შუამავალი კლათრინის ენდოციტოზის გზით, და ხდება ვირუსის გარსის შერწყმა, ბირთვის დაშლა და გენომის რნმ- ის გამოთავისუფლება. გენომის რნმ გამოიყენება ცილების ტრანსლირებისა და რნმ-ის ტრანსკრიპციისთვის. ვირუსის ცილები გადადიან უჯრედის ზედაპირზე, სადაც გარსის ცილებში კონფორმაციული ცვლილებები იწვევს პროცეცისის დაწყებას და ვირიონების გამოთავისუფლებას.[15] ლიმფურ ქსოვილში ვირუსს შეუძლია ეფექტური რეპლიკაცია, რითაც იწვევს შრატში გამოხატულ ვირუსემიას (3.0 x 10^2 -დან 6.7 x 10^5 PFU /მლ-მდე)[3][5] და ნეიროინვაზიას.[16] ნეიროინვაზია და ნევროლოგიური დაავადება, როგორც ჩანს უფრო მეტად დაკავშირებულია ეპიზოოტურ VEEV-ის ქვეტიპებთან (IAB and IC), ენზოოტური ქვეტიპებისგან განსხვავებით.[5] არსებობს ჰიპოთეზა, რომ VEEV იყენებს ოლფაქტორულ ნეიროეპითელიუმს როგორც ცნს-ში შესასვლელ პირველად გზას, სადაც ვირუსი ნეირონებში ცენტრისკენულ გავრცელებასთან ერთად, დამატებით გადის ლოკალურ ჰემატო -ენცეფალურ ბარიერს და ცნს-ში ლოკალურად გავრცელებას აქვს ადგილი.[17] არსებობს ვირუსის ტროპიზმი ისეთი მეზენქიმური უჯრედებისადმი, როგორიცაა ოსტეობლასტები და ფიბრობლასტები.[16]
მასპინძელ ადამიანში ვირუსის ინკუბაციური პერიოდი, როგორც წესი არის ექსპოზიციიდან 1-10 დღე. ადრეული ინფექციისას, I ტიპის ინტერფერონი (IFN) მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვირუსის რეპლიკაციის უნარში; დაავადების სიმძიმის განმსაზღვრელი არის I ტიპის IFN-ზე რეაგირების უნარი.[18][19] ასევე აღმოჩენილია, რომ პათოგენური ალფავირუსები, როგორიცაა VEEV, თავისი რნმ-ის 5’ არატრანსლირებადი მიდამოს ფრაგმენტს იყენებენ, რათა ხელი შეუშალონ უჯრედულ მექანიზმს, რომელიც I ტიპის IFN-ის ანტივირუსულ ეფექტზეა პასუხისმგებელი.[20] მომდევნო ადაპტაციური ჰუმორული რეაქციები მოიცავს IgM-ის პროდუცირებას, რასაც მოსდევს IgG-ის წარმოქმნა. თაგვებზე კვლევებმა აჩვენა, რომ Е1, Е2, და Е3 გლიკოპროტეინებზე ეპიტოპების საწინააღმდეგო გამანეიტრალებელი და არა-გამანეიტრალებელი ანტისხეულები იცავს ინფექციისგან და ხელს უწყობს ალფავირუსების აღდგენას.[14][21] გამანეიტრალებელი ანტისხეულები ძირითადად დამიზნებულნი არიან Е2 გლიკოპროტეინზე, რომელიც საშუალებას არ აძლევს ვირუსს დაუკავშირდეს მასპინძლის უჯრედს. აღდგენა ასევე მოითხოვს T უჯრედებს, როგორც წარმოდგენილია თაგვების ალფა და ბეტა T-უჯრედების (TCR alpha beta -/-) რეცეპტორების გათიშვისას ფატალური ენცეფალიტის დროს, მომდევნო მაღალი დოზის ნეიტრალიზებადი ანტისხეულების მიწოდების მიუხედავად.[22]
კლასიფიკაცია
ბალტიმორის კლასიფიკაცია
IV ჯგუფი: დადებით -პოლარული ერთჯაჭვიანი რნმ ვირუსები.
ვენესუელის ცხენის ენცეფალიტის ვირუსის (VEEV) ქვეტიპები
არსებობს VEEV-ის 6 ქვეტიპი, ყოველი მათგანი ცალკე გენეტიკური ხაზით. ქვეტიპები შეიძლება იყოს კლასიფიცირებული იმის მიხედვით, არიან თუ არა ჩართული ეპიზოოტურ ან ენზოოტურ გადაცემაში.
ეპიზოოტური გადაცემა:
ქვეტიპი I (ანტიგენური ვარიანტები: IAB, IC).
ენზოოტური გადაცემა:
ქვეტიპი I (ანტიგენური ვარიანტები: ID, IE, IF [Mosso das Pedras ვირუსი])
ქვეტიპი II (Everglades ვირუსი)
ქვეტიპი III (ანტიგენის ვარიანტები IIIA, IIIC, და IIID [Mucambo ვისრუსი], IIIB [Tonate ვირუსი])
ქვეტიპი IV (Pixuna ვირუსი)
ქვეტიპი V (Cabassou ვირუსი)
ქვეტიპი VI (Rio Negro ვირუსი).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას