პროგნოზი

დასავლეთ ნილოსის ცხელების შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულად თვითგანკურნებადია. თუმცა, დაღლილობა, თავის ტკივილი, სისუსტე, მოძრაობის დარღვევების და კონცენტრაციის პრობლემები შეიძლება კვირების ან თვეების განმავლობაში გახანგრძლივდეს.[20]

მძიმე ნეიროინვაზიურმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი ან მუდმივი უნარშეზღუდულობა. სიკვდილობა, როგორც წესი გამოწვეულია ნეირონების პროგრესირებადი დისფუნქციით, ცერებრული შეშუპებით და სუნთქვის უკმარისობით. დასავლეთ ნილოსის მენინგიტი თვითგანკურნებადია და აქვს კარგი პროგნოზი. ამისგან განსხვავებით, დასავლეთ ნილოსის ენცეფალიტს და დასავლეთ ნილოსის პოლიომიელიტს ახასიათებს გაცილებით ცუდი პროგნოზი, ვინაიდან პაციენტთა დიდ ნაწილს აღენიშნება ხანგრძლივი (>1 წელზე) ნევროლოგიური პრობლემები.[42] ინფექციის მიზეზით ჰისპიტალიზებული პაციენტების საერთო ლეტალობის მაჩვენებელი მერყეობს 4%-დან 18%-მდე.[5][48]​​[78]

ერთ-ერთ პროსპექტულ კვლევაში შეძენილი ნევროლოგიური შედეგების მონაცემების შესწავლით, აშშ-ში ნეიროინვაზიური დაავადების მქონე 55 პაციენტიდან 93% საწყისი კლინიკური კონსულტაციისას წარმოდგენილი იყო მნიშვნელოვანი ნევროლოგიური დარღვევით, როგორიცაა სისუსტე (49%), კოგნიტური გაუარესება (45%), ტრემორი (35%), კომა (25%), და კრანიული ნერვების ნეიროპათია (16%). 90 დღიანი შემდგომი მეთვალყურეობისას, პაციენტთა 33%-ს დაუბრუნდა ნორმალური ნევროლოგიური ფუნქცია. ამ კვლევაში სიკვდილობის მაჩვენებელი იყო 13%, გარდაცვლილი 7 პაციენტიდან 5 წარმოდგენილი იყო კომით.[79]

ზოგიერთ პაციენტში, დასავლეთ ნილოსის ვირუსი შეიძლება თირკმელებში პერსისტირებდეს თავდაპირველი ინფექციის შემდეგ. ამჟამად უცნობია, შეიძლება თუ არა ამან გამოიწვიოს თირკმლის დაავადება ან ჰიპერტენზია. საჭიროა შემდგომი კვლევა.[80]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას