მიდგომა

სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი და მართვა ძირითადად დამხმარეა. ნეიროინვაზიური დაავადების მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარება ჰოსპიტალიზაციით, რესპირატორული დახმარებითა და ინტრავენური სითხეებით.

დასავლეთ ნილოსის ცხელება

შემთხვევათა დიდი პროცენტი მსუბუქი და თვითგანკურნებადია; შესაბამისად, მკურნალობა გრიპისმაგვარი ავადმყოფობის მსგავსია. ურჩიეთ დასვენება, სითხეების მიღება და სიმპტომური მკურნალობა ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტებით, როგორიცაა პარაცეტამოლი. პაციენტს ურჩიეთ მოითხოვოს სამედიცინო დახმარება მაშინ, როდესაც ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტებით ვერ ხერხდება სიმპტომების ადეკვატური მართვა (მაგ. მძიმე ფორმის დეჰიდრატაცია) ან თუ ისინი გაგრძელდა 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. პაციენტს ურჩიეთ დაუყოვნებლივ მოითხოვოს სამედიცინო დახმარება, თუ განუვითარდა ნეიროინვაზიური დაავადების ნიშნები ან სიმპტომები (მაგ. მძიმე ფორმის თავის ტკივილი, ფოტოფობია, გულყრები ან ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება).[3][36][75]

დასავლეთ ნილოსის ნეიროინვაზიური დაავადება

მოათავსეთ პაციენტი საავადმყოფოში, დაუყოვნებლივ დაიწყეთ ინტენსიური დამხმარე მოვლა (მაგ. ინტრავენური სითხეები, რესპირატორული დახმარება, გულყრების მართვა, ინფექციის მართვა, ვენური თრომბოემბოლიის პრევენცია) და მართეთ მენინგიტის, ენცეფალიტის ან დამბლის ნებისმიერი სხვა გართულებები.[3][36][75]

ენცეფალიტის მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ გულყრების განვითარების ან ინტრაკრანიალური წნევის მომატებისთვის ინტენსიური მეთვალყურეობა. ენცეფალიტის ან პოლიომიელიტის მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ სასუნთქი გზების მონიტორინგი, რადგან მწვავე რესპირატორული უკმარისობა შეიძლება სწრაფად განვითარდეს. შესაძლოა საჭირო გახდეს ვენტილაციის მხარდაჭერა გახანგრძლივებული პერიოდის განმავლობაში.[26]

გამორიცხეთ სხვა განკურნებადი დაავადებები, როგორიცაა ბაქტერიული მენინგიტი, მარტივი ჰერპესვირუსული ენცეფალიტი ან გიენ-ბარეს სინდრომი. მარტივი ჰერპესვირუსის დეფინიციური ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ხშირად მისი გამორიცხვა უფრო რთულია ვიდრე სხვა განკურნებადი მდგომარეობების, როგორიცაა ბაქტერიული მენინგიტი. შესაბამისად, თუ მარტივი ჰერპესვირუსის ინფექციის გამორიცხვა შეუძლებელია და სხვა დიფერენციული დიაგნოზებიდან არც ერთი არ დადასტურდა, დანიშნეთ ინტრავენური აციკლოვირი.[76]

სპეციფიკური მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობს დასავლეთ ნილოსის ვირუსის მიერ გამოწვეული მენინგიტის, ენცეფალიტისა და პოლიომიელიტის მიმართ და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ანტივირუსული მედიკამენტები ასეთ დროს ეფექტურია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას