მიდგომა
დიაგნოზი ძირითადად ემყარება ანამნეზსა და ფიზიკალურ გასინჯვას; თუმცა, სეროლოგიური ანალიზი და ნეიროვიზუალიზაცია რეკომენდებულია პაციენტებში, რომლებშიც ეჭვია ნეიროინვაზიურ დაავადებაზე. დასავლეთ ნილოსის ვირუსით ინფექციზე ეჭვი უნდა იყოს მიტანილი ფებრილური ან მწვავე ნევროლოგიური დაავადების მქონე ნებისმიერ ადამიანში, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა კონტაქტი კოღოსთან, გაკეთებული აქვს ორგანოს ტრანსპლანტაცია ან სისხლის გადასხმა.[20]
ვინაიდან ინფექციის კლინიკური მახასიათებლები შედარებით არასპეციფიკურია, ექსპოზიციის ანამნეზი და ეპიდაფეთქებების შესახებ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინფორმაცია დამხმარეა კლინიკური ნიშნების ინტერპრეტაციისას. დიფერენციალური დიაგნოზის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ენცეფალიტის და მენინგიტის სხვა მიზეზები. დასავლეთ ნილოსის ვირუსული ენცეფალიტი, მენინგიტი და პოლიომიელიტი კლინიკურად არ განსხვავდება სხვა ეტიოლოგიის ენცეფალიტის, მენინგიტისა და პოლიომიელიტისგან.[20]
დასავლეთ ნილოსის ვირუსის ინფექცია ზოგიერთ ქვეყანაში შეტყობინებადი დაავადებაა.
ანამნეზი.
იმ რეგიონებში, სადაც ცნობილია დასავლეთ ნილოსის ვირუსის (WNV) გადაცემა, პაციენტს ჰკითხეთ კოღოსთან ექსპოზიციის ისტორიიის თაობაზე. შემთხვევები დაფიქსირებულია ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აზიის ზოგიერთ რეგიონში (მათ შორის ინდოეთში), ჩრდილოეთ ამერიკაში, ცენტრალური ამერიკის ზოგიერთ ნაწილში და კარიბის ზღვის რეგიონში. შემთხვევები ასევე აღრიცხულია ავსტრალიაშიც; თუმცა, ინფექცია განპირობებულია კუნჯინის ვირუსით, რომელიც დასავლეთ ნილოსის ვირუსის ქვეტიპია. იშვიათად შეიძლება არსებობდეს სისხლის გადასხმის, ნემსის დაზიანების, ორგანოს გადანერგვის ან ავადმყოფობის ანამნეზი იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც დაინფიცირდნენ WNV-ით ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.[3][4][27]
ინფიცირებულთა დაახლოებით 70-80% რჩება ასიმპტომური ან ვლინდება სუბკლინიკური ფორმით. [20] დანარჩენი პაციენტების უმრავლესობას უვითარდება გრიპისმაგვარი ავადმყოფობა, რომელიც, როგორც წესი, გრძელდება 3-6 დღეს, მაგრამ შესაძლოა გაგრძელდეს კვირების ან თვეების განმავლობაში (ცნობილია როგორც დასავლეთ ნილოსის ცხელება ან WNF). სიმპტომებია თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, ცხელება, ანორექსია, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კუნთების გენერალიზებული სისუსტე, მიალგია, ართრალგია და ფარინგიტი. პაციენტი აგრეთვე შესაძლოა უჩიოდეს მხედველობის დარღვევებს, როგორიცაა მხედველობის ველის დაბინდვა, მცურავი ობიექტების დანახვა მხედველობის ველში ან თვალის ტკივილი.[1]
დასავლეთ ნილოსის ნეიროინვაზიური დაავადება (WNND) გვხვდება WNF-ის მქონე პაციენტების <1%-ში და შეიძლება გამოვლინდეს ენცეფალიტის, მენინგიტის ან პოლიომიელიტის (მწვავე დუნე დამბლა) ნიშნებით და სიმპტომებით.[20] სიმპტომებია: უეცრად დაწყებული ცხელება, მძიმე ფორმის თავის ტკივილი, ფოტოფობია, გულყრები, ფსიქიკური სტატუსის ცვლილება (მაგ. დეპრესია, კონფუზია, დეზორიენტაცია, მეხსიერების დაკარგვა), კუნთების მძიმე ფორმის სისუსტე ან სუნთქვის დარღვევა.[1] ხანდაზმული ან იმუნოკომპრომეტირებული ადამიანები ნეიროინვაზიური დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.[12]
ჰეპატიტი, პანკრეატიტი და მიოკარდიტი იშვიათი გართულებებია. სიმპტომებია: ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა კვადრანტში (ჰეპატიტი), ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში (პანკრეატიტი) ან გულმკერდის არეში, დისპნოე და გულის ფრიალი (მიოკარდიტი).
ორსულობის დროს დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაინფიცირებულ ქალებში აღრიცხულია თანდაყოლილი ინფექციის შემთხვევები; თუმცა ორსულობის გართულებების და ახალშობილების გამოსავალის თვალსაზრისით არასასურველი რისკი დაბალია.[2]
ფიზიკური გამოკვლევა
დასავლეთ ნილოსის ცხელების მქონე პაციენტები შეიძლება წარმოდგენ იყვნენ წითელასმაგვარი მაკულოპაპულური გამონაყარით სხეულსა და კიდურებზე. შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ლიმფადენოპათია (ძირითადად ნიკაპქვეშა) და სპლენომეგალია. ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი ან მომატებული მგრძნობელობა შესაძლოა მიუთითებდეს ჰეპატიტზე.
ყველა საეჭვო შემთხვევისას შეასრულეთ ოფთალმოსკოპიური გამოკვლევა. გამოკვლევის შედეგად შესაძლოა აღმოვაჩინოთ: კონიუნქტივის ჰიპერემია, სისლხჩაქცევები ბადურაზე, მულტიფოკალური ქორიორეტინული დაზიანებები (დაჯგუფებული პერიფერული ფუძის საფეთქლისა და ცხვირის რეგიონებში), ქორიორეტინიტი და ანთებითი მინისებრი სხეული.[33]
ნეიროინვაზიურ ინფექციაზე მიუთითებს მოძრაობის დაავადებები, მათ შორის ტრემორი, ატაქსია, მიოკლონუსი და პარკინსონიზმი. კისრის გაშეშება და კერნიგისა და ბრუძინსკის დადებითი ნიშნები მიუთითებენ მენინგიტზე. კონფუზია, რომელიც შესაძლოა პროგრესირდეს სტუპორამდე ან კომამდე, მიუთითებს ენცეფალიტზე. დასავლეთ ნილოსის ცხელების დროს ვითარდება კუნთების გენერალიზებული სისუსტე განსხვავებით დასავლეთ ნილოსის პოლიომიელიტისაგან, რომლის დროსაც დამბლა, როგორც წესი ასიმეტრიულია, დუნე და აზიანებს კიდურებსა და სასუნთქ კუნთებს. პოლიომიელიტის მქონე პაციენტებში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს კრანიული ნერვების დამბლა და შარდის ბუშტის/ნაწლავების დისფუნქცია.[34]
ლაბორატორული გამოკვლევები
გრიპისმაგვარი სიმპტომების (მაგ. ცხელება და თავის ტკივილი) მქონე პაციენტებში არ არის გამოკვლევები საჭირო, ვინაიდან დიაგნოზი კლინიკურია. თუ საეჭვოა ნეიროინვაზიური დაავადება, საჭიროა სეროლოგიური ანალიზი.
ELISA (MAC-ELISA) გამოყენებით შეამოწმეთ ცერებროსპინური სითხე WNV-სპეციფიკურ IgM ანტისხეულებზე. დიაგნოზი დასტურდება ნიმუშზე დადებითი პასუხის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი ორაზროვანია ან ანამნეზში აღინიშნება ექსპოზიცია სხვა ფლავივირუსებთან, როგორიცაა ყვითელი ცხელების ვირუსი, იაპონური ენცეფალიტის ვირუსი ან დენგეს ვირუსი (მაგ. ინფექციის გზით ან ვაქცინაციით), დიაგნოზი დაადასტურეთ ცერებროსპინური სითხის ბალთის შემცირების განეიტრალების ტესტით (PRNT).[35]
თუ დიაგნოზი საეჭვოა ან ცერებროსპინური სითხის ნიმუში არ არის ხელმისაწვდომი, შეამოწმეთ შრატის დაწყვილებული ნიმუშები. პირველი ნიმუშის აღება უნდა მოხდეს ინფექციის მწვავე ფაზის განმავლობაში (საწყისი გამოვლინებისას), მეორე ნიმუშის კი - გამოჯანმრთელების ფაზაში (7-10 დღის შემდეგ).[35] ინფექციას ადასტურებს ორ ნიმუშს შორის ტიტრის ოთხმაგი მომატება. თუ შედეგი ორაზროვანია ან აღინიშნება სხვა ფლავივირუსებთან ექსპოზიციის ისტორია, გამოიყენეთ ბალთის შემცირების განეიტრალების ტესტი (PRNT), WNV-სპეციფიკური ანტისხეულების და სხვა ფლავივირუსების ანტისხეულებისგან დიფერენცირებისთვის. შრატის ერთჯერადად აღებული ნიმუშის დადებითი შედეგი მიუთითებს მწვავე ან გადატანილ ინფექციაზე, თუმცა არ ადასტურებს ინფექციას, ვინაიდან IgM ანტისხეულები შრატში პერსისტირებს 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ არ არის ხელმისაწვდომი გამოჯანმრთელების ფაზის შრატის ნიმუში, ერთჯერადად აღებული ნიმუშის დადებითი შედეგი (დამატებით კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების არსებობა) მიუთითებს შესაძლო WNV ინფექციაზე.[3][21][27][36][37][38][39]
რუტინული კლინიკური ლაბორატორიული გამოკვლევები ზოგადად არასპეციფიკურია.[20] შეუკვეთეთ ღვიძლის ფუნქციური სინჯი და შრატის ამილაზა/ლიპაზა საეჭვო ჰეპატიტის ან პანკრეატიტის (ანუ მუცლის ტკივილის ან სიყვითლის მქონე პაციენტებში) მქონე პაციენტებში. შეუკვეთეთ სისხლის საერთო ანალიზი ნეიროინვაზიური დაავადების სიმპტომების მქონე პაციენტებში. შესაძლოა გამოვლინდეს ლეიკოციტოზი, ანემია, ლიმფოპენია ან თრომბოციტოპენია. სისხლის შრატის ელექტროლიტებზე შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპონატრემია. შეასრულეთ ლუმბური პუნქცია საეჭვო ნეიროინვაზიური დაავადების მქონე პაციენტებში.[37]
ვირუსული კულტურა და ანალიზები ვირუსული რნმ-ის დასადგენად (მაგ. უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR)) შესაძლოა შესრულდეს სისხლის, შრატის, ცერებროსპინური სითხის ან ქსოვილის ნიმუშებზე; თუმცა, ეს ანალიზები რთული შესასრულებელია და საჭიროებენ შესაბამისი ბიოუსაფრთხოებით აღჭურვილ ლაბორატორიებს, აქედან გამომდინარე, ზოგადად ეს არ არის რეკომენდებული. თუმცა, საჭიროებისას მათი გამოყენება შესაძლებელია ინფექციის დასადასტურებლად დაავადების ადრეულ ეტაპზე. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, RT-PCR-ით შესაძლებელია დასავლეთ ნილოსის ვირუსის რნმ-ის დადგენა მთლიანი სისხლის ნიმუშების 86% შემთხვევაში მწვავე ინფექციის დროს.[40] უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს ინფექციას.[3][36][41]
გამოსახულებითი კვლევები
თავის ვიზუალიზაცია საჭიროა ნევროლოგიური სიმპტომების გამომწვევი სხვა მიზეზების გამოსარიცხად. მიუხედავად იმისა, რომ უპირატეს გამოკვლევად MRI მიიჩნევა, როგორც წესი უფრო ხშირად ხელმისაწვდომია თავის CT. ნეიროვიზუალიზაციით არ დასტურდება ინფექცია ან ნეიროინვაზიური დაავადება, თუმცა ამ მეთოდით შეგვიძლია გამოვრიცხოთ მენინგიტის, ენცეფალიტის და დუნე პარალიზის სხვა მიზეზები. თავის CT სკანირება, როგორც წესი, ნორმაშია. თავის ტვინის MRI შესაძლოა ნორმაში იყოს მძიმე ენცეფალიტის პირობებშიც კი, ან გამოვლინდეს მკაფიო სასიგნალო დარღვევები ღრმა რუხ ნივთიერებაში (უკანა თალამუსები და ბაზალური განგლია) და/ან ნათხემში.[42]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას