ეპიდემიოლოგია

ბულოზური პემფიგოიდის პრევალენტობა აშშ-ში 6-10 შემთხვევაა მილიონ მოსახლეზე, სადაც დაავადების გამოვლინების საშუალო ასაკი 65 წელია.[2][5] დაავადება მეტწილად ხანდაზმულებში გვხვდება. გამოვლინების საშუალო ასაკი 80-89 წელია; არსებობს შეხედულება, რომ დაავადების ინციდენტობა შესაძლოა იზრდება, რადგან უფრო მეტი პირი აღწევს ხანდაზმულ ასაკს.[6] გაერთიანებული სამეფოს ერთი კვლევაში დაფიქსირდა ბულოზური პემფიგოიდის ინციდენტობის ყოველწიური მომატება 17%-ით, ხოლო ევროპაში ჩატარებული კვლევით აღირიცხა ინციდენტობის სამჯერ გაზრდა 15 წლის განმავლობაში.[7][8]

სქესთა შორის მონაცემთა განსხვავების შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებია.[6][9][10] ზოგიერთი კვლევა მიანიშნებს,რომ ინციდენტობა შეიძლება უფრო მაღალი იყოს ქალებში, 75 წლის ასაკამდე, რის შემდეგაც ის უფრო მაღალია მამაკაცებში.[10] პათოლოგია იშვიათად ბავშვებშიც გვხვდება.[11][12]

2-წლიანი რეტროსპექტული კვლევის მიხედვით, რომელიც იკვლევდა სუბეპიდერმულ იმუნობულოზურ დაავადებებს სინგაპურის კანის ეროვნულ ცენტრში, ბულოზური პემფიგოიდი შეადგენდა ყველა დიაგნოზის 88%-ს. დაავადების ეთნიკური კუთვნილების მხრივ გამოირჩეოდა ჩინური ეთნოსი, ხოლო დაავადების გამოვლინების საშუალო ასაკი 77 წელი იყო.[13] კონტინენტურ ევროპასთან შედარებით ჩრდილო-აღმოსავლეთ შოტლანდიაში აღინიშნება ბულოზური პემფიგოიდის შედარებით მაღალი ინციდენტობა (14 შემთხვევა მილიონ მოსახლეზე).[14] ხსენებული ვარიაბელობის მიზეზი უცნობია და შესაძლოა უკავშირდებოდეს რასობრივ წინასწარგანწყობას კანის აუტოიმუნური დაავადებებისადმი, ასევე დაავადებისადმი მოწყვლადი HLA გენოტიპების პრევალენტობას საკვლევ მოსახლეობაში ან გარემო ფაქტორებს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას