შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

68 წლის კაცი წარმოდგენილია ტორსზე და კიდურებზე ქავანა წითელი გამონაყარის 3-თვიანი ანამნეზით. გასული კვირის განმავლობაში მას მრავლად განუვითარდა დაჭიმული, სითხით სავსე ბუშტუკები ხელებისა და ფეხების შიგნითა ნაწილებზე. რამდენიმე დღეში ზოგიერთ ბუშტუკს დაეტყო სისხლი, შემდეგ გამოშრა და დაფუფხდა, ხოლო ზოგიერთი დაზიანება გასკდა და წარმოიქმნა სველი ეროზიები. ქავილი ძლიერია და პაციენტს ღამით აღვიძებს. სხვა ჩივილები არ აღინიშნება.

სხვა გამოვლინებები

ზოგჯერ ბუშტუკები ლოკალიზებულია სხეულის ერთ განსაზღვრულ არეში, მაგალითად წვივის მიდამოში (პრეტიბიალური პემფიგოიდი) და არ ვრცელდება სხვა არეში ან ვლინდება ხელის- და ფეხისგულებზე (დისჰიდროზიფორმული პემფიგოიდი). დაავადება შეიძლება გამოვლინდეს მცირე ზომის, დაჭიმული, შეჯგუფებული ვეზიკულების სახით, რომელთა დიამეტრი მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრია (ვეზიკულური პემფიგოიდი). ცალკეული დაზიანება იშვიათად კვანძოვანი ტიპისაა და წააგავს prurigo nodularis-ს (კვანძოვანი პემფიგოიდი). თუ საწყისი, პროდრომული გამონაყარი მოიცავს მთელ კანს, პაციენტს უვლინდება ერითროდერმა (ერითროდერმული პემფიგოიდი), რაც შემდგომში გარდაიქმნება იზოლირებულ ბულებად. ყველა ამ ატიპურ გამოვლინებას თუ ვარიანტს ხშირად თან ახლავს გამოხატული ქავილი და დაჭიმული ბუშტუკები, რომლებიც გასკდომამდე რამდენიმე დღე ძლებს. პაციენტთა მესამედს აღენიშნება პერორალური დაზიანებები, თუმცა ის იშვიათად იწვევს ფუნქციურ დარღვევას.[4] გენერალიზებული ფორმა იშვიათია და შესაძლოა გამოვლინდეს ფსორიაზის ან ატოპიური დერმატიტის მსგავსად. დაავადების ამ ფორმისთვის მომდევნო ეტაპზე დამახასიათებელია ვეზიკულებად ან ბულებად გარდაქმნა. ურტიკარიული ფორმა ვლინდება ქავანა მიდამოების გაჩენით, რაც შემდგომ ბულებში გადაიზრდება. ზოგჯერ ბულები საერთოდ არ ყალიბდება. არსებობს ასევე ბავშვობის ფორმა, რომელიც უკავშირდება ვაქცინაციებს და ვლინდება ბულებით სახეზე და ხელისა და ფეხისგულებზე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას