მიდგომა

დგინდება პაციენტის ჩვეული მედიკამენტური რეჟიმი, ასევე ხორციელდება ამ მკურნალობის ნებისმიერი ცვლილება ასთმის გამწვავებაზე საპასუხოდ, პაციენტის მიერ თვითმართვის გეგმის შესრულების შემდგომ. განისაზღვრება ჟანგბადით გაჯერება (სატურაცია). მძიმე გამწვავებების დროს იზომება არტერიული სისხლის აირები (ABGs).

კლინიკური შეფასება

ასთმის მქონე პაციენტთა უმრავლესობა დაავადების სიმძიმეს არასაკმარისად აღიქვამს და ამიტომ ფილტვის ფუნქციის ობიექტური შეფასების მეთოდები უფრო ზუსტ კორელაციაშია ასთმის გამწვავების სიმძიმესთან, ვიდრე პაციენტის მიერ თვითშეფასება.

ჟანგბადის სატურაციის განსაზღვრისთვის დაუყოვნებლივ ტარდება პულსოქსიმეტრია. ასთმის გამწვავების დროს იშვიათად გვხვდება მნიშვნელოვანი ჰიპოქსემია, ჟანგბადის სატურაციის მაჩვენებლით- SpO2 <90%-ზე. აღნიშნულის არსებობა მიუთითებს ჰაერის ნაკადის მძიმე შეზღუდვაზე.

ანამნეზის ძირითადი კომპონენტებია: ასთმის გამწვავების დაწყების დრო და გამოვლინების შესაძლო მიზეზები, სიმპტომების სიმძიმე და ხანგრძლივობა, მათ შორის, ხველის პროგრესირებადი გაუარესება, მსტვინავი სუნთქვა, გულმკერდის შებოჭილობა, საუბრის გაძნელება, ქოშინი, მოძრაობის შეზღუდვა, ასთმა და თამბაქოს მოხმარების ანამნეზი, ახლახან გადატანილი ვირუსული ან ბაქტერიული რესპირატორული ინფექცია, ასევე ძილის დარღვევა.

უნდა ჩაიწეროს დეტალური ინფორმაცია გამწვავებამდე მიღებული მედიკამენტების შესახებ, მათ შორის, გამოწერილი, ჩვეულებრივ მიღებული და მდგომარეობის გაუარესებასას გამოყენებული დოზების თაობაზე, ასევე მკურნალობაზე პასუხის მითითებით.

ასევე უნდა დადგინდეს ასთმასთან დაკავშირებული სიკვდილობის რისკფაქტორები. ფაქტორები მოიცავს:​[1]

  • ანამნეზში თითქმის ფატალური ასთმა, რომელიც საჭიროებდა ინტუბაციას და მექანიკურ ვენტილაციას

  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ასთმის გამო ჰოსპიტალიზაცია ან ვიზიტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში

  • პერორალური კორტიკოსტეროიდების ამჟამიდელი მიღება ან სულ ახლახანს შეწყვეტა

  • ამჟამად მკურნალობა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენების გარეშე

  • ხანმოკლე მოქმედების ბეტა-2 აგონისტების ჭარბად გამოყენება, განსაკუთრებით, სალბუტამოლის (ან მისი ეკვივალენტი პრეპარატის) თვეში ერთ ინჰალატორზე მეტის გამოყენება.

  • ფსიქიატრიული დაავადების ან ფსიქოსოციალური პრობლემების ანამნეზი

  • ცუდი დამყოლობა ასთმის მედიკამენტურ მკურნალობასა და/ან გაწერილი სამოქმედო გეგმის დაცვაზე ან აღნიშნული გეგმის არქონა

  • ასთმიან პაციენტში კვებითი ალერგია.

  • თანმხლები დაავადებები, მათ შორის პნევმონია, დიაბეტი და არითმიები.

გასინჯვა

ძირითადი კომპონენტებია:

  • არტერიული წნევის გაზომვა, პულსის და სუნთქვის სიხშირის შეფასება

  • სტრიდორის ან ციანოზის არსებობის შეფასება

  • სუნთქვის დარღვევის და დამატებითი კუნთების მონაწილეობის ობიექტური შეფასება

  • ფილტვის ველების აუსკულტაცია.

ფილტვის ფუნქციური მაჩვენებლების დაქვეითება შეიძლება შეფასდეს პიკ-ფლოუმეტრიით ან ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობით 1 წამში (FEV₁). FEV₁ სასუნთქი გზების კალიბრის ვალიდური საზომია, მაგრამ პიკ-ფლოუმეტრი კლინიკურად უფრო სასარგებლო და უფრო ადვილად ხელმისაწვდომია მწვავე მდგომარეობის დროს.[46]

ლაბორატორიული შეფასება

არტერიული სისხლის აირების განსაზღვრა ხდება პაციენტებში, მკვეთრად გაუარესებული ფილტვის ფუნქციით, რომელთაც არ აღენიშნებათ პასუხი საწყის მკურნალობაზე ან მოსალოდნელია მდგომარეობის გაუარესება.

გაძლიერებული სუნთქვით გამოწვეული რესპირატორული ალკალოზი ხშირია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ჟანგბადის პარციალური წნევის ნორმალური ან მომატებული მაჩვენებლები -PaCO2 (≥45 მმ ვწყ.სვ. 6 კპა) ან მისი მზარდი ციფრები არტერიული სისხლის აირების წინა შეფასებიდან, ხშირად მიუთითებს სუნთქვის მოსალოდნელი უკმარისობის განვითარებაზე.

სხვა გამოკვლევები

გულმკერდის რენტგენოგრაფია რუტინულად საჭირო არ არის. ის უნდა ჩატარდეს თუ არსებობს ეჭვი ფილტვის გართულებულ ან ალტერნატიულ პათოლოგიაზე, ან პაციენტებთან, რომლებიც არ რეაგირებენ მკურნალობაზე, რათა გამოირიცხოს პნევმოთორაქსი, თუ კლინიკური დიაგნოსტიკა რთულია.​[1]

ამოსუნთქული აზოტის ოქსიდი არის ბიომარკერი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული როლი ქრონიკული ასთმის მართვაში, თუმცა არ აქვს ღირებულება მწვავე შეტევების მართვისას.


პიკური დინების გაზომვა- ანიმაციური გზამკვლევი
პიკური დინების გაზომვა- ანიმაციური გზამკვლევი

როგორ გამოვიყენოთ პიკ-ფლოუმეტრი პიკური ამოსუნთქვის სიჩქარის გასაზომად.


ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას