შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
42 წლის მამაკაცს ცხელება, პირღებინება, თავისა და მუცლის ტკივილი აღენიშნება. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში სიმპტომური მკურნალობა ჩაუტარდა, რის შემდეგაც გაიწერა სახლში. 2 დღის შემდეგ იგი დაბრუნდა საავადმყოფოში გაუჩერებელი ღებინებით, თავის ტკივილითა და ცხელების გაუარესებით. მოგზაურობის ანამნეზის შეკრებისას დადგინდა, რომ პაციენტი ახლახანს დაბრუნდა კამერუნში ეკო-ტურიდან. პაციენტის გადმოცემით, მას არ ჩაუტარებია მოგზაურობამდე იმუნიზაცია და არც მალარიის პროფილაქტიკურ მკურნალობას იღებდა დანიშნულებისამებრ. ფიზიკური გასინჯვისას პაციენტი ავად გამოიყურება და აღენიშნება სიყვითლე და ცხელება. ლაბორატორული ტესტებით გამოვლინდა თრომბოციტოპენია, ანემია და ლეიკოპენია, ისევე, როგორც მომატებული პროთრომბინის დრო და თრომბოპლასტინის პარციალური დრო, ტრანსამინაზების დონის ზრდა და თირკმლის უკმარისობა მომატებული კრეატინინით. პაციენტს ჩაუტარდა მალარიის საწინააღმდეგო ემპირიული მკურნალობა, ნაცხის ანალიზის და კულტურის უარყოფითი შედეგების მიუხედავად. მესამე დღეს ვითარდება პროგრესირებადი დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია შოკით და სისხლმდენი დიათეზით. ჰოსპიტალიზაციის მე-4 დღეს პაციენტი დაიღუპა. მისი ავადმყოფობის ბოლო დღეს აღებული შრატის ანალიზი დადებითი იყო ყვითელი ცხელების იმუნოგლობულინ M-ზე.
შემთხვევის ანამნეზი #2
25 წლის ბრაზილიელი მამაკაცი რიო დე ჟანეიროს საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოცხადდა, ამაზონიდან დაბრუნებიდან 2 დღის შემდეგ, სადაც ტყის მკაფავად მუშაობდა. პაციენტს აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, ცხელება, შემცივნება, დაღლილობა და გენერალიზებული მიალგია. გასინჯვისას პაციენტი ავად გამოიყურება და აღენიშნება ცხელება, ოდნავი სიყვითლით. გამოხატულია კონიუნქტივის ჰიპერემია. ლაბორატორული ტესტებით გამოვლინდა ლეიკოპენია და მომატებული ტრანსამინაზები, ბილირუბინის ჭარბი რაოდენობით. ნაცხი მალარიაზე ნეგატიური აღმოჩნდა. თავდაპირველად დენგეს ცხელების დიაგნოზი დაისვა, რადგან პაციენტის ანამნეზის შეკრებისას დადგინდა, რომ წარსულში აღნიშნული ინფექცია ერთხელ უკვე ჰქონდა. მესამე დღეს ტემპერატურამ დაუწია და სრულიად გამოკეთდა. თავდაპირველი ტესტირებისას ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო IgM უარყოფითი აღმოჩნდა, დენგეს IgG კი დადებითი. შემდგომი სეროლოგიური გამოკვლევისას, ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ანტისხეულთა ტიტრმა იმატა, რის შედეგადაც აღნიშნული დიაგნოზი დადასტურდა.
სხვა გამოვლინებები
ყვითელი ცხელების კლინიკური გამოვლინება 3 პერიოდად იყოფა: ინფექციის, რემისიისა და ინტოქსიკაციის. 3-6-დღიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ, ინფექციის თავდაპირველი პერიოდი არასპეციფიკური სიმპტომების უეაცრი გამოვლინებით იწყება, როგორებიცაა ცხელება (საშუალო ტემპერატურა 39°[102°]), თავის ტკივილი, მიალგია, თავბრუსხვევა და დაღლილობა, რომლებიც 2-დან 6 დღემდე გრძელდება.[2] კონიუნქტივური შეწითლება, შედარებითი ბრადიკარდია (ფაგეტის ნიშანი) და ლეიკოპენია აგრეთვე დამახასიათებელია აღნიშნული პერიოდისთვის. ინფექციის შემთხვევათა უმეტესობა თვითგანკურნებადია და არ პროგრესირებს შემდეგ ფაზაში. რემისიის პერიოდის შემდეგ, რომელიც 24-48 საათიანი ტემპერატურის ნორმალიზაციით ხასიათდება, პაციენტთა 15-25%-ს ინტოქსიკაციის პერიოდი უვითარდება.[2] აღნიშნული ფაზა სიმპტომების განმეორებითი გამოვლინებით ხასიათდება და ხშირად თან ახლავს მუცლის ტკივილი, ღებინება და ლეთარგია. ვითარდება სიყვითლე, ტრანსამინიტი და კოაგულოპათია, რაც საბოლოო ჯამში შოკს, ჰეპატორენულ უკმარისობას და სიკვდილს იწვევს, კლინიკური გამოვლინებიდან დაახლოებით 7-10 დღეში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას