შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

18 თვის, დღენაკლულ (28 კვირის გესტაციური ასაკი, 1200 გრამი) ბავშვს აღენიშნება ზრდაში ჩამორჩენა. იგი დამოუკიდებლად 1 წლის ასაკში დაჯდა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვის გამოთქმა შეუძლია, არ ცდილობს წამოდგომას და ქვედა კიდურებზე აღენიშნება ღრმა მყესების გაცხოველებული რეფლექსები და სტაბილური კლონუსი ორივე კოჭზე. ზედა კიდურების ფუნქცია შენარჩუნებულია. თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსულ ვიზუალიზაციური კვლევით გამოვლინდა პერივენტრიკულური ლეიკომალაცია დადგინდა ცერებრული დამბლის სპასტიური დიპლეგიის დიაგნოზი.

შემთხვევის ანამნეზი #2

ფიზიოლოგიური ორსულობისა და მშობიარობის შედეგად გაჩენილ 2 წლის ბიჭს აღენიშნება სიარულის მანერის ასიმეტრია. ფიზიკური გასინჯვით გამოვლინდა მარცხენა ზედა და ქვედა კიდურის მცირედი სპასტიურობა, მარცხენა მხარეს მუხლისა და კოჭის ღრმა მყესების გაცხოველებული რეფლექსები და მარცხენა ტერფის დაქვეითებული დორსიფლექსია, მარჯვენასთან შედარებით. სიარულისას, პაციენტი გადაადგილდება მარცხენა ტერფის თითებზე, მარცხელა ხელი კი, იდაყვში ოდნავ მოხრილ მდგომარეობაში უჭირავს, იატაკისკენ მიმართული ხელის გულით (წინამხრის პრონაცია). მარჯვენასთან შედარებით, მარცხენა წვივის გარშემოწერილობა შემცირებულია, რაც, ზემოთ აღნიშნულ ნიშნებთან ერთად, ჰემიპლეგიური ცერებრული დამბლის დიაგნოზზე მიუთითებს.

სხვა გამოვლინებები

ცერებრული დამბლის მძიმე სპასტიური კვადრიპლეგიის მქონე პაციენტებში, როგორც წესი, მთელი სხეული არის ჩართული. იმ შემთხვევაში, თუ ოროფარინგული კუნთებიც დაზიანებულია და, შედეგად, ასპირაციის რისკი იმატებს, პაციენტთა გამოსაკვებად საჭირო ხდება გასტროტომია. ასეთ ინდივიდებს, აგრეთვე, შეიძლება მშობიარობის გართულების, კრუჩხვების და გასტროეზოფაგური რეფლუქსის ანამნეზი აღენიშნებოდეთ. მომდევნო 14 ან მეტი თვის განმავლობაში, თავდაპირველად გამოხატული ჰიპოტონია, როგორც წესი, სპასტიურ ან დისკინეზიურ ფორმაში გადადის. ასეთ ინდივიდებს ესაჭირეობათ ინვალიდთა ეტლი, სპეციალურად მორგებული სკამით და გადაადგილებისას, თუ სხვა ნებისმიერი აქტივობისას მუდმივად დამოკიდებულნი არიან მასზე.

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს არა-სპასტიური ფორმები, მათ შორის დისტონია (კუნთების ხანგამოშვებითი, თუმცა შენარჩუნებული, უნებლიე შეკუმშვა (პოზის მიღება), ტონუსის უეცარი ცვლილებითა და პრიმიტიული რეფლექსური აქტივობით), ათეტოზი (კიდურების დისტალური ნაწილის კლაკვნითი მოძრაობა, თითების ტიპური ჰიპერექსტენზიით), ქორეა (სწრაფი, ბიძგისებრი მოძრაობები, უფრო პროქსიმალური კუნთების) და ატაქსია (წონასწორობის დარღვევა, ფართო დგომით, ტრემორი და დაცემისკენ მიდრეკილებით).

ზოგჯერ გამოხატულია როგორც სპასტიური, ისე არა-სპასტიური ელემენტები; ასეთ შემთხვევებს ცერებრული დამბლის შერეულ ფორმას უწოდებენ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას