ეტიოლოგია
ადამიანის ნაწლავში მრავალი ვირუსია გავრცელებული. ეს მოიცავს ვირუსებს, რომლებიც აინფიცირებენ ბაქტერიებს (ბაქტერიოფაგები), ვირუსებს, რომლებიც ნაწლავებს იყენებენ შეღწევის გზად (პოლიოვირუსი, ენტეროვირუსი, ჰეპატოვირუსი და ზოგიერთი ადენოვირუსი) და ვირუსებს, რომლებიც იწვევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციას. ვირუსების ბოლოს აღნიშნული ჯგუფი იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებას, რაც ვლინდება ღებინებით, დიარეით ან ორივე ამ სიმპტომით. ადამიანებში გასტროენტერიტის გამომწვევი ძირითადი პათოგენებია: როტავირუსები, კალიცივირუსები, ასტროვირუსები, კორონავირუსები, ნოროვირუსები და ნაწლავური ადენოვირუსები. აივ, ციტომეგალოვირუსი და მარტივი ჰერპესვირუსი (HSV) ძირითადად იწვევს ოპორტუნისტულ ინფექციებს იმუნოკომპრომისულ მასპინძლებში.[10][11]
პათოფიზიოლოგია
როტავირუსი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე, ძირითადად ფეკალ-ორალური გზით.[12] პერორალურად ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ (ინფექციური დოზა დაახლოებით 100 ვირუსული ნაწილაკია), როტავირუსი აინფიცირებს მწიფე ენტეროციტებს. როტავირუსით დაინფიცირებული მწიფე ხაოიანი ენტეროციტების კვდომის სიჩქარე აჭარბებს ახალი ენტეროციტების წარმოქმნის სიჩქარეს კრიპტებში. ეს დისბალანსი იწვევს წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის სტრუქტურულ დაზიანებას, მათ შორის ხაოების დამოკლებას, კრიპტების ჰიპერპლაზიას და მონონუკლეური (ერთბირთვიანი) ანთებითი ინფილტრატის ჩამოყალიბებას ლამინა პროპრიაში. უმწიფარი ენტეროციტები ბუნებრივად ასრულებენ სეკრეტორულ ფუნქციებს, აღინიშნება შემწოვი ზედაპირის შემცირება. როტავირუსი აზიანებს ხაოიან ზედაპირს, რაც იწვევს ოსმოსურ დიარეას. ვირუსი ასევე გამოყოფს ენტეროტოქსინს (NSP4), რომელიც იწვევს კალციუმით მართულ სეკრეტორულ დიარეას.[13] ნაწლავის ზედაპირის ფერმენტების კარგვა იწვევს ოსმოსურ დიარეას, განვლადი ლორწოვანი გარსი ვლინდება კვებითი აუტანლობით, რომელიც შეიძლება გახდეს დიარეის გართულების და გახანგრძლივების მიზეზი.
ზოგადად, როტავირუსული ინფექცია განაპირობებს დამცველობით ეფექტს სიმპტომური რეინფექციის წინააღმდეგ, თუმცა განვითარებას ქვეყნებში, სადაც ზემოქმედება მაღალია, აღნიშნული დამცველობითი ეფექტი იკლებს. ანტიროტავირუსული იმუნოგლობულინი A (IgA) კოპროანტისხეულების არსებობა კორელაციაშია დამცველობით იმუნიტეტთან.
ნოროვირუსის გადაცემა ხდება მრავალი გზით: ადამიანიდან ადამიანზე (ფეკალ-ორალური გზით, აეროზოლირებული ნაღებინები მასის მიღება, ან არაპირდაპირი ექსპოზიცია ფომიტების ან დაბინძურებული გარემო ზედაპირების გზით), საკვებიდან და წყლიდან.[14] ნოროვირუსის ინკუბაციური პერიოდი ტიპურად 12-48 სთ.[14]
ნოროვირუსები იწვევენ მძიმე ფორმის დაავადებას მცირეწლოვან ბავშვებში, ასაკოვან პოპულაციასა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში. ნოროვირუსმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს პერსისტენტული ინფექცია იმუნოსუპრესიულ პაციენტებში. მასპინძლის წინასწარგანწყობის ფაქტორები (მიდრეკილება) ნოროვირუსით დაინფიცირებისაკენ მოიცავს სისხლის ჰისტოლოგიური ჯგუფის ანტიგენებს, რომლებიც სავარაუდოდ ასრულებენ თავდაპირველი რეცეპტორების ფუნქციას ზოგიერთი ნოროვირუსული ინფექციის დროს. ნოროვირუსი მდგრადია ხშირად გამოყენებული დეზინფექციური საშუალებების მიერ. ინფიცირებულმა ადამიანმა ვირუსი შეიძლება ხანგრძლივად გამოყოს, ავადმყოფობის დასრულების შემდეგაც კი. ნოროვირუსების გენეტიკური მრავალფეროვნება ასევე ხელს უშლის იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას