პროგნოზი

პაციენტები ტიპურად უჩივიან არასპეციფიკურ სიმპტომებს, როგორიც არის ცხელება, თავის ტკივილი და მიალგია ავადმყოფობის პირველ კვირაში, რომელიც შემდგომში შესაძლოა გადაიზარდოს მძიმე ჰემორაგიულ ფორმაში ან ნევროლოგიურ დაავადებაში მეორე კვირაში. პაციენტების დაახლოებით 20-30%-ს უვითარდება დაავადების უფრო მძიმე ფორმა, რომელიც ხშირად ფატალური შედეგით სრულდება.[1][2][3][5] ბაქტერიულმა ინფექციამ შესაძლოა ასევე გაართულოს დაავადების პროცესი მეორე კვირაში.[2]

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების სიკვდილობის მაჩვენებლები 16%-დან 30%-მდე მერყეობს.[1][2][3][4][5][27] სათანადო დამხმარე ტიპის მოვლამ შესაძლოა შეამციროს ეს მაჩვენებელი, თუმცა კლინიკური კვლევები ამ სფეროში არ ჩატარებულა.

არგენტინული ჰემორაგიული ცხელების დროს იმუნური პლაზმით მკურნალობა ამცირებს გარდაცვალების სიხშირეს 16%-დან დაახლოებით 1%-მდე. იმუნური პლაზმა არ არის შესწავლილი სხვა სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებისთვის (SAHF). იმ პაციენტების 10%-ს, რომლებიც იღებენ იმუნურ პლაზმას და დაავადებას გადაიტანენ, განუვითარდებათ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომი (LNS). მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომი (LNS) ვითარდება სიმპტომებისგან თავისუფალი პერიოდის შემდეგ, გამოჯანმრთელების მომდევნო პერიოდში და ის ხასიათდება ფებრილური ეპიზოდებით, ნათხემის ნიშნებითა და კრანიული ნერვების დამბლით. თავზურგტვინის სითხის ანალიზი, რომელიც მწვავე პერიოდში ნორმაშია ნევროლოგიური ნიშნების გამოვლენის დროსაც კი, აჩვენებს ლეიკოციტოზს (მეტწილად ლიმფოციტების ხარჯზე) და ხუნინის ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულების მაღალ ტიტრს.[3][4] მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომი (LNS) არ არის დადასტურებული არგენტინული ჰემორაგიული ცხელების გადამტან პაციენტებში, რომლებმაც არ მიიღეს რაიმე სპეციფიკური მკურნალობა, თუმცა ამგვარი შემთხვევა აღწერილია რიბავირინით ნამკურნალებ პაციენტში.[3] მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომის პათოგენეზი კარგად შესწავლილი არ არის,[44] თუმცა, ხშირად ალაგდება რამდენიმე დღეში. ამის მიუხედავად, ზოგჯერ სიმპტომების სრულად მოხსნას შეიძლება ოთხ თვემდე დასჭირდეს.[45][46] მწვავე გამოვლინებების მქონე რამდენიმე პაციენტთან დაკავშირებით აღწერილია მუდმივი ნევროლოგიური გართულებების ფაქტები.[47]

არ არსებობს მტკიცებულება კლინიკური კვლევებიდან იმასთან დაკავშირებით, რომ რიბავირინი ამცირებს სიკვდილობას სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების მქონე პაციენტებში;[3][7] თუმცა, მან გამოავლინა ანტივირუსული ეფექტი და, ადრე შეყვანის შემთხვევაში, ის შესაძლოა სასარგებლო იყოს სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების მქონე პაციენტებში.

პაციენტებს, რომლებიც გადაიტანენ არგენტინულ ჰემორაგიულ ცხელებას, ხშირად აქვთ ხანგძლივი, 3 თვემდე სარეაბილიტაციო პერიოდი, ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტები შესაძლოა უჩიოდნენ სისუსტეს, თმის ცვენას, გაღიზიანებულობასა და მეხსიერების დაქვეითებას.[3][27] ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების გამოჯანმრთელების ფაზა შესაძლოა 2 თვემდე გაგრძელდეს, რომლის დროსაც პაციენტები შესაძლოა უჩიოდნენ დაღლილობის შეგრძნებას, თავბრუსხვევასა და თმის ცვენას.[1] სხვა სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების გამოჯანმრთელების ფაზასთან დაკავშირებით მხოლოდ მწირი ინფორმაცია არსებობს.

პაციენტები, რომლებიც გადაიტანენ რომელიმე სამხრეთ ამერიკულ ჰემორაგიულ ცხელებას, მოიაზრებიან როგორც ამ სპეციფიკური ვირუსის რეინფიცირებაზე იმუნიტეტის მქონენი. რეინფიცირების შემთხვევები აღწერილი არ არის. სამხრეთ ამერიკულ ჰემორაგიულ ცხელებებს შორის ანტისხეულების ჯვარედინი რეაქტიულობა არ არის აღწერილი, თუმცა არგენტინული ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგო Candid#1 ვაქცინამ გამოავლინდა ბოლივიური (მაჩუპოს) ჰემორაგიული ცხელებისგან დამცველობითი ეფექტი არაადამიანური პრიმატების კვლევებში.[1]

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების შემდეგ გადარჩენილ პაციენტებში ვირუსის პერსისტენტულობა კარგად არ არის აღწერილი. ხუნინის ვირუსი გამოყოფილია სისხლიდან, შარდიდან და დედის რძიდან ინფექციის მწვავე ფაზაში,[4] თუმცა არ არის დოკუმენტირებული ბიოლოგიურ სითხეებში ვირუსის არსებობა გამოჯანმრთელების დროს ან გამოჯანმრთელების შემდეგ პერიოდში. სქესობრივი გზით გადაცემის ფაქტი აღწერილია არგენტინული ჰემორაგიული ცხელების კონტექსტში, თუმცა ის იშვიათად გვხვდება.[48] ის არ არის აღწერილი სხვა სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების კონტექსტში, თუმცა ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ზოგიერთი ამ დაავდების ძალიან მცირე შემთხვევების რაოდენობით. მოსახლეობაში ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების გადადების ერთი შემთხვევის დროს, დიასახლისს განუვითარდა სიმპტომები მისი მეუღლის საავადმყოფოში ვენესუელური ჰემორაგიული ცხელებით მიმართვიდან 19 დღის შემდეგ. ქმარი დაწესებულებაში იმყოფებოდა 7 დღის განმავლობაში და შემდეგ გაიწერა სახლში. 12 დღის შემდეგ მის მეუღლეს განუვითარდა ფატალური ვენესუელური ჰემორაგიული ცხელება.[5] გაურკვეველია, პაციენტის ცოლი მისი მეუღლის მწვავე ავადმყოფობის პერიოდში დაინფიცირდა თუ გამოჯანმრთელების პერიოდში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას