განხილვები პაციენტთან
საზოგადოების განათლება და ცნობიერება:
პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ კონტაქტს ადამიანებთან, თუ მათ აქვთ, ან ფიქრობენ რომ აქვთ სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელება (SAHF).
პაციენტებმა სასწრაფოდ უნდა გაიარონ კონსულტაცია მედიცინის მუშაკებთან, თუ მათ ექნებათ სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებაზე (SAHF) ეჭვი.
თუ პაციენტებს აღმოაჩნდებათ სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელება (SAHF), მათ თავის ექიმთან უნდა განიხილონ, თუ არსებობს ინფექციის სქესობრივი გზით გადადების რისკი გამოჯანმრთელების პერიოდში. თუ ისინი არ არიან დარწმუნებული, მათ უნდა იყოს გამოიყენონ ბარიერული კონტრაცეფცია (კონდომი) სანამ სპერმის ანალიზი არ დაადასტურებს ვირუსის არარსებობას.
პაციენტები, რომლებიც გადაიტანენ არგენტინულ ჰემორაგიულ ცხელებას ან ბოლივიურ ჰემორაგიულ ცხელებას, სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდნენ მათ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ მათ კვლავ განუვითარდებათ სიცხე ან ისეთი სიმპტომები, როგორიც არის თავის ტკივილი, ტრემორი, ან წონასწორობის და კოორდინაციის დაკარგვა საავადმყოფოდან გაწერიდან 3 თვის განმავლობაში.
სქესობრივი ჯანმრთელობა და ორსულობა:
ვირუსის პერსისტენტულობა კარგად არ არის აღწერილი სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების შემდეგ გადარჩენილ პაციენტებში. ხუნინის ვირუსი გამოყოფილია სისხლიდან, შარდიდან და დედის რძიდან ინფექციის მწვავე ფაზაში,[4] თუმცა არ არის დოკუმენტირებული ბიოლოგიურ სითხეებში ვირუსის არსებობა გამოჯანმრთელების ფაზისას ან გამოჯანმრთელების შემდეგ პერიოდში. პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომი (LNS) არგენტინული ჰემორაგიული ცხელებისგან განკურნების შემდეგ, თავზურგტვინის სითხეში დადებითია ანტისხეულები ხუნინის ვირუსზე, მაგრამ თავად ხუნინის ვირუსი არ ყოფილა იზოლირებული.[3] სქესობრივი გზით გადადება აღწერილია არგენტინული ჰემორაგიული ცხელების კონტექსტში, თუმცა ის იშვიათი შემთხვევაა.[27][48] ის არ არის აღწერილი სხვა სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების შემთხვევაში, თუმცა ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ზოგიერთი ამ დაავადების შემთხვევათა მცირე რაოდენობით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რეკომენდებულია კონდომების გამოყენება დაავადებას გადარჩენილი მამაკაცებისთვის, სანამ სპერმის სერიული კვლევები არ დაადასტურებს ვირუსის არარსებობას, განსაკუთრებით არგენტინული ჰემორაგიული ცხელების შემთხვევაში. რადგანაც ხუნინის ვირუსი დედის რძეში ვლინდება დაავადების მწვავე ფაზაში,[4] გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვილზე გადაცემის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მსგავსი შემთხვევების შესახებ ჩანაწერები, განხილულ უნდა იქნას ძუძუთი კვების შეწყვეტა დაავადების მწვავე პერიოდში და სანამ უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (RT-PCR) ანალიზით არ დადგინდება, რომ რძეში აღარ არის ვირუსი. სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების ვერტიკალური გადაცემის შემთხვევა არ არის აღწერილი, მაგრამ ის აღწერილია სხვა ვირუსულ ჰემორაგიულ ცხელებებთან მიმართებაში. ამ საფუძველზე, ორსულობის პროცესში ინფიცირებული ქალების მიერ გაჩენილი ჩვილები მშობიარობის შემდეგ და ინკუბაციის პერიოდის განმავლობაში მუდმივი მონიტორინგის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ სიმპტომების განვითარებასთან დაკავშირებით.
რიბავირინი ტერატოგენულია და მისი გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. რეპროდუქციული ასაკის ქალებს, რომლებიც მკურნალობის სახით იღებენ რიბავირინს, უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, არ დაფეხმძიმდნენ მკურნალობიდან სულ მცირე 4-6 თვის განმავლობაში და მათ ამ პერიოდში უნდა მიიღონ ეფექტური კონტრაცეფცია. მამაკაცს, რომელიც რიბავირინს იღებს, უნდა მიეცეს რეკომენდაცია მკურნალობის შემდეგ 6-7 თვის განმავლობაში გამოიყენოს ეფექტური კონტრაცეფცია, მაშინაც თუ, მათი პარტნიორები ორსულად არიან. რიბავირინს ასევე უნდა მოვერიდოთ მეძუძურ დედებში და ქალებში, რომლებსაც სურვილი აქვთ განაგრძონ ძუძუთი კვება, რადგან არასაკმარისია ინფორმაცია მედიკამენტის დედის რძესა და ჩვილზე გავლენის შესახებ. თუმცა, ამ კონტექსტში რიბავირინის პოტენციური სარგებელი პაციენტებზე უნდა შეფასდეს ჩვილების ძუძუთი კვების შეჩერებასთან დაკავშირებულ რისკებთან ერთად.
მოგზაურობა:
ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მოგზაურობენ ან ცხოვრობენ ენდემურ რეგიონებში, უნდა იცოდნენ ინფიცირების პოტენციური რისკები, თუ ისინი ჩართული არიან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში, ან მათ ხშირი კონტაქტი აქვთ მღრღნელებთან ან მღრღნელებით დასახლებულ ადგილებთან. მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ განუვითარდებათ ცხელება, უნდა განიხილონ ეს სიმპტომები ადგილობრივ სამედიცინო სფეროს პროფესიონალებთან იმის განსასაზღვრად, შეესაბამება თუ არა სიმპტომები სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიულ ცხელების (SAHF) რომელიმე სახეობას. რაც უფრო ადრე იქნება მიღებული მკურნალობა, შედეგიც უმჯობესი იქნება. თუ მათ სიმპტომები განუვითარდებათ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვისას სამედიცინო მუშაკის მიერ ფიზიკური კონტაქტის ან გასინჯვის წინ პაციენტმა უნდა დაასახელოს ის რეგიონები, რომელშიც იმოგზაურა. მათ ასევე უნდა შეატყობინონ მედიკოსს, თუ იციან სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) მქონე პირთან რაიმე კონტაქტის შესახებ ან თუ ისინი ასრულებდნენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს ან დარწმუნებით იციან, რომ ჰქონდათ კონტაქტი მღრღნელებთან.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას