ეტიოლოგია

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებები (SAHF) გამოწვეულია ახალი მსოფლიოს არენავირუსების 5 განსხვავებული ტიპით:

  • არგენტინული ჰემორაგიული ცხელება გამოწვეულია ხუნინის ვირუსის ინფექციით[2][3][4]

  • ვენესუელური ჰემორაგიული ცხელება გამოწვეულია გუანარიტოს ვირუსის ინფექციით[5]

  • ბოლივიური ჰემორაგიული ცხელება გამოწვეულია მაჩუპოს ვირუსის ინფექციით.[1]

  • ჩაპარეს ვირუსის ინფექცია გამოწვეულია ჩაპარეს ვირუსით ინფიცირებით[6]

  • ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელება გამოწვეულია საბიას ვირუსით ინფიცირებით.[7]

ეს ვირუსები რნმ ვირუსების Arenaviridae ოჯახს (გვარი Mammarenavirusi) მიეკუთვნებიან და მღრღნელები მისი ბუნებრივი გადამტანები არიან. ვირუსების ამგვარი გეოგრაფიული შეზღუდვა გამოწვეულია ამ რეგიონებისათვის ენდემური კონკრეტული მღრღნელი ვექტორების გავრცელებით. ქვემოთ მოცემული მღრღნელების ტიპები სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) კონკრეტული გადამტანებია:[6][7]

  • არგენტინული ჰემორაგიული ცხელება - ძირითადად Calomys musculinis, თუმცა ასევე Calomys laucha, Akodon azarae, და Orizomys flavescens[2][4]

  • ვენესუელური ჰემორაგიული ცხელება - Zygodontomys brevicauda[5][14]

  • ბოლივიური ჰემორაგიული ცხელება - ძირითადად Calomys callosus.[1]

გადამტანი უცნობია როგორც ჩაპარეს ვირუსის ინფექციის, ასევე ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევაში, თუმცა მიჩნეულია მღრღნელის რომელიმე სახეობად.[6][7]

კონტაქტი მღრღნელ გადამტანებთან მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, რადგან მღრღნელების სეკრეტებმა და ექსკრეტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანების ინფიცირება შესუნთქვით, გადაყლაპვით ან დაზიანებულ კანთან ან ლორწოვან გარსთან კონტაქტით.[1][2][3] გადადების შემთხვევები ადამიანიდან-ადამიანზე, ნოზოკომიურად და ლაბორატორიაში იშვიათია, მაგრამ დაფიქსირებულია სხეულის ინფიცირებულ სითხეებთან ექსპოზიციით დაინფიცირება.[1][3][4][5][7] ორსულობის დროს ინფიცირება იშვიათია, თუმცა მაინც აღწერილია და ამ შემთხვევაში სიკვდილობის მაჩვენებელი მესამე ტრიმესტრში აღწევს 50%-ს.[9] ასევე აღწერილია ნაყოფის და ახალშობილის გარდაცვალება და თანდაყოლილი მალფორმაციები.[9] სხეულის სითხეებში ვირუსის შენარჩუნება გამოჯანმრთელების პერიოდში არ ყოფილა დაფიქსირებული, თუმცა არ ჩატარებულა დეტალური კვლევები.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: მაჩუპოს ვირუსის ელექტრონული მიკროფოტოგრაფიადაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სურათების ბიბლიოთეკა [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@33703895

პათოფიზიოლოგია

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების (SAHF) პათოფიზიოლოგია არ არის კარგად შესწავლილი. არგენტინული ჰემორაგიული ცხელების პათოგენეზი ყველაზე უკეთ არის აღწერილი. ის გამოწვეულია ხუნინის ვირუსით. ადამიანის ინფიცირება ძირითადად ხდება დაინფიცირებული მღრღნელების აეროზოლირებული სეკრეციებისა და ექსკრეტის შესუნთქვის გზით.[9] არსებობს მოსაზრება, რომ ვირუსის რეპლიკაცია იწყება ინფიცირების ადგილზე, რაც ყველაზე ხშირად ფილტვებია,[3] თუმცა ასევე შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. ასევე შესაძლებელია ინფიცირება დაზიანებული კანიდან ან ლორწოვანი გარსიდან, თუ კონტაქტი მოხდება დაბინძურებული საგნებით ან სითხით.[2][3][9] რეპლიკაციის შემდეგ, ვირუსი ვრცელდება სხვა ორგანოებში, მათ შორის თირკმელებში, ღვიძლში, ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და სისხლძარღვთა ენდოთელიუმში.[2][3] ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანოების პირდაპირი დაზიანება,[9] ან ზიანი მოიტანოს ვირუსზე მასპინძლის პასუხის შედეგად; ეს ხშირად მსუბუქად ვლინდება, თუმცა ფატალური დაავადების მქონე პაციენტებში (დაახლოებით 30%) შესაძლოა გამოვლინდეს მულტიორგანული უკმარისობა.[5][1][2][3] მაკროფაგები ხუნინის ვირუსის რეპლიკაციის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენენ, რაც ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.[2][9] უჯრედში შესვლა იმართება ტრანსფერინის რეცეპტორ 1-ით (TfR1).[2][15] გვხვდება კომპლემენტის ორივე გზის აქტივაცია, თუმცა ზეგავლენა ყველაზე მაღალია ალტერნატიულ გზებზე და გვხვდება C3 და C4 აქტივაციის პროდუქტების მაღალი დონე.[2] ვირუსი ამცირებს ადრეულ თანდაყოლილ იმუნურ პასუხს და შემდეგ იწვევს ციტოკინებისა და ქემოკინების არარეგულირებულ პასუხს.[16][17][18] ინტერფერონ ალფასა და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის მაღალი დონეები გვხვდება მზარდ ვირემიასთან კორელაციაში.[3] ასევე იმატებს სხვა პრო-ანთებითი ციტოკინები, მათ შორის IL-6, IL-8 და IL-10.[2][9][19] პრო-ანთებითი ციტოკინების მატება სავარაუდოდ მრავალ სისტემურ სიმპტომზე აგებს პასუხს (მაგ., ცხელებაზე, ართრალგიაზე, მიალგიაზე). ასევე ფიქსირდება იმუნური სუპრესია, მცირდება T და B ლიმფოციტების რაოდენობა,[2] რის გამოც ორგანიზმს არ შეუძლია ეფექტურად ებრძოლოს დაავადებას.

ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 3-დან 16 დღემდეა, თუმცა ის განსხვავებულია თითოეული დაავადებისათვის. არგენტინული ჰემორაგიული ცხელება ხასიათდება 6-14-დღიანი ინკუბაციური პერიოდით,[2][3] ხოლო ბოლივიური ცხელება 3-16 დღიანი ინკუბაციური პერიოდით.[1] დანარჩენი 3 სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) ინკუბაციის პერიოდები არ არის ცნობილი, თუმცა შემთხვევების აღწერებიდან გამომდინარე, სავარაუდოა მსგავსი ინკუბაციური პერიოდები, ხოლო ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების ერთ შემთხვევაში ცხელება გამოვლინდა სავარაუდო ექსპოზიციიდან 19 დღის შემდეგ.[1][4][5][6][7] მიუხედავად იმისა, რომ მწირი მონაცემები არსებობს პაციენტებში ვირემიის ხანგრძლივობის შესახებ, ადრეული ვირუსული კულტურების კვლევები არგენტინულ ჰემორაგიულ ცხელებასთან მიმართებაში მიუთითებს, რომ ხუნინის ვირუსის ვირემია აღინიშნება მხოლოდ მწვავე სიმპტომურ პერიოდში; ამასთან, არ არსებობს უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (RT-PCR) შეფასებული ვირემიის ზუსტი მონაცემები.

ჰემორაგიული დაავადება გვხვდება პაციენტთა დაახლოებით 30%-ში.[1][3][4][5] ამის პათოგენეზი არ არის დაკავშირებული დისემინირებულ სისხლძარღვშიდა კოაგულაციასთან, თუმცა ის მიიჩნევა თრომბოციტოპენიის, დაქვეითებული თრომბოციტების ფუნქციის, სისხლის შედედების ფაქტორების ცვლილების, (დაქვეითებული ფაქტორები VIII და IX, და მომატებული ფაქტორი V და ფონ ვილბრენდის ფაქტორი), ასევე ფიბრინოგენის გააქტიურების და მომატებული გამომუშავების შედეგად. ტიპურ შემთხვევებში, არსებობს თრომბოციტოპენიასთან დაკავშირებული გახანგრძლივებული აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო და გაზრდილი ფიბრინოგენი თრომბოციტოპენიასთან კავშირში.[2][3][9]

კლასიფიკაცია

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებები (SAHF): რეგიონული კლასიფიკაცია

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებები (SAHF) გვხვდება არგენტინაში, ვენესუელაში, ბოლივიასა და ბრაზილიაში. ახალი მსოფლიოს არენავირუსების ხუთი განსხვავებული კლადი B პასუხს აგებენ შემდეგ ქვეყნებში დაავადებების წარმოშობაზე:

  • არგენტინული ჰემორაგიული ცხელება გამოწვეულია ხუნინის ვირუსით, რომელიც გვხვდება აღმოსავლეთ არგენტინის პამპასის რაიონში[2][4]

  • ვენესუელურ ჰემორაგიულ ცხელებას იწვევს გუანარიტოს ვირუსი, რომელსაც ვხვდებით პორტუგუეზას და ბარინასის შტატებში ჩრდილოეთ ვენესუელაში[5]

  • ბოლივიური ჰემორაგიული ცხელება გამოწვეულია მაჩუპოს ვირუსით, რომელიც აღმოჩენილია ჩრდილოეთ ბოლივიის ბენის რაიონში[1]

  • ჩაპარეს ვირუსული დაავადება გამოწვეულია ჩაპარეს ვირუსით, რომელიც გვხვდება ცენტრალური ბოლივიის კოჩაბამბას რაიონში[6]

  • ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელება გამოწვეულია საბიას ვირუსით, რომლის ერთადერთი ბუნებრივად შეძენილი შემთხვევა დაფიქსირდა სან პაოლოსთან ახლოს, ბრაზილიაში.[7]

ბალტიმორის კლასიფიკაცია

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების (SAHF) გამომწვევი ვირუსები არენავირისული ოჯახის წევრები არიან. ბალტიმორის კლასიფიკაციაში, არენავირიდული ვირუსები კლასიფიცირდება V ჯგუფში (ერთჯაჭვიანი უარყოფითი მიმართულების რნმ ვირუსები).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას