შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

35 წლის მამაკაცმა, სასოფლო-სამეურნეო სფეროს მუშაკმა, არგენტინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კორდობას პროვინციიდან მიმართა ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებას მაისის თვეში. სამხრეთ ნახევარსფეროში მოსავლის აღების პერიოდი იყო და ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდა მოსავალს მინდორში. პაციენტს სამი დღის განმავლობაში ჰქონდა მაღალი ტემპერატურა 38.5°C და უჩიოდა ზოგად სისუსტეს, თავის ტკივილსა და მიალგიას. მას დაესვა არასპეციფიკური ვირუსული დაავადების დიაგნოზი და გაეწერა სახლში. მან მიიღო რეკომენდაცია, რომ დაესვენა და სიმპტომების შესამსუბუქებლად მიეღო პარაცეტამოლი. მან კვლავ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას 3 დღის შემდეგ ცხელებით, თუმცა ამჯერად ის უჩიოდა ტკივილს მუცლის არეში ღებინებით და ზოგჯერ დიარეის ეპიზოდებით. მისი გასინჯვისას გამოვლინდა სისუსტე და კისრის ლიმფადენოპათია. მას აღმოაჩნდა ზომიერი კონიუნქტივური სიწითლე და პეტექიები რბილ სასაზე და იღლიის ქვეშ. გასინჯვის დროს ღრძილებზე მსუბუქი ზეწოლით სისხლდენა ეწყებოდა. მისი პულსი იყო 105 დარტყმა წუთში, წნევა 110/70 მმ ვწყ სვ, სუნთქვის სიხშირე 16 ამოსუნთქვა წუთში, ჟანგბადის სატურაცია 99%, და ტემპერატურა 39°C. სისხლის საერთო ანალიზზე ვლინდება ლეიკოციტები 1.4 x 10⁹ უჯრედი/ლ და თრომბოციტები 60 x10⁹ უჯრედი/ლ. ელექტროლიტებისა და თირკმელების ფუნქციური ანალიზი ნორმის ფარგლებშია, მაგრამ ღვიძლის ფუნქციურმა კვლევებმა გამოავლინა ზომიერად მომატებული AST 58 U/L, ასევე ზომიერად მომატებული კრეატინის ფოსფოკინაზა- 240 ერთ./ლ. პაციენტის სიმპტომებისა და სისხლის საერთო კლინიკური ანალიზის პასუხებზე დაყრდნობით, ის გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში იზოლირებულ პალატაში და შემოწმდა არგენტინულ ჰემორაგიულ ცხელებაზე უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (RT-PCR), ხუნინის ვირუსის დასადასტურებლად. უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (RT-PCR) ტესტის პასუხი მომდევნო დღეს დადგინდა და ის დადებითი იყო. კვლევის შედეგების ლოდინისას პაციენტის მდგომარეობა გართულდა; ის გაღიზიანებული და ძილიანობისკენ მიდრეკილი იყო, ასევე გამოვლინდა მცირედი ატაქსია. შეზღუდული მარაგის მიუხედავად, საავადმყოფომ შეძლო იმუნური პლაზმის ერთი კურსის მიღება და სიმპტომების მერვე დღეს ინტრავენურად გაკეთდა 500 მლ (გაანგარიშდა ნეიტრალიზებული ანტისხეულების 3500 თერაპიული ერთეული/სხეულის ერთ კილოგრამ მასაზე) პლაზმა. ეფექტი დადებითი იყო, შემდგომი 48 საათის განმავლობაში პაციენტს ცხელება დაურეგულირდა და მეტად გამოფხიზლდა. მისი სიმპტომები თანდათან გაქრა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. განმეორებითი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია მე-14 დღეს უარყოფითია და იმუნოფერმენტული ანალიზი დადებითია IgM და IgG-ზე. მე-14 დღეს ასევე ჩატარდა სპერმის ანალიზი უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (RT-PCR). ის უარყოფითი აღმოჩნდა ხუნინის ვირუსზე. პაციენტი გაიწერა სიმპტომების გამოვლენიდან მე-17 დღეს, და 1 კვირის შემდეგ დაიბარეს ხელახალი შეფასებისთვის, ამბულატორიულ პირობებში. მან მიიღო კონსულტაცია, გამოიყენოს ბარიერული დამცავი საშუალება სქესობრივი აქტის დროს მანამ, სანამ არ ექნება სპერმის უარყოფითი პასუხი; არსებობს სქესობრივი გზით გადაცემის მცირე რისკი გამოჯანმრთელების ფაზის განმავლობაში. ექიმთან ვიზიტის დროს მას ჰქონდა თმის ცვენის და დაღლილობის შეგრძნების ჩივილები, სხვა მხრივ ის კარგად გრძნობდა თავს. სპერმის განმეორებითი კვლევა უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (RT-PCR) უარყოფითია. ორი კვირის შემდეგ პაციენტი გამოცხადდა საავადმყოფოში ცხელებით, თავის ტკივილით, კანკალით და სიარულის გართულებებით. გასინჯვით ვლინდებოდა ატაქსია, კანკალი და ნისტაგმი; ასევე ჰქონდა VI კრანიალური ნერვის მარჯვენამხრივი დამბლა. მისი ტემპერატურა იყო 38.3°C, მოსვენებულ მდგომარეობაში პულსით 90 დარტყმა წუთში. სხვა ნიშნები სტაბილურია. პაციენტი მოთავსდა კლინიკაში და ლუმბური პუნქცია ჩატარდა. თავზურგტვინის სითხეში გამოვლინდა ლეიკოციტოზი - 70 უჯრედი/მკლ (ლიმფოციტების ხარჯზე), მაგრამ გლუკოზა და ცილა ნორმაშია. ELISA-მ გამოავლინა ხუნინის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების მაღალი ტიტრი ზურგის ტვინის სითხეში, რაც მნიშვნელოვნად აღემატება შრატში ანტისხეულების ტიტრებს. სისხლის ყველა სხვა ანალიზი ნორმის ფარგლებშია. პაციენტი გადის დაკვირვებას საავადმყოფოს პალატაში რამდენიმე დღის განმავლობაში და იღებს სიმპტომურ ზედამხედველობას. მისი სიმპტომები თანდათანობით დარეგულირდა და ის გაიწერა სახლში 5 დღის შემდეგ. ის ყოველკვირეულად ფასდება ამბულატორიულ პოლიკლინიკაში პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში და შემდეგ თვეში ერთხელ. თმის ცვენა იკლებს და დაღლილობის შეგრძნება უმჯობესდება. VI ნერვის დამბლა თანდათან გამოსწორდა და სრულად ალაგდა მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. მას აქვს პერსისტენტული ნისტაგმი რამდენიმე თვის განმავლობაში. პაციენტის სპერმის კვლევა უცვლელად უარყოფითია უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (RT-PCR) ხუნინის ვირუსზე. ის გაეწერა ამბულატორიული კლინიკიდან მისი დაავადების მწვავე ეტაპიდან 6 თვის შემდეგ, ყველა სიმპტომისგან სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ. 

შემთხვევის ანამნეზი #2

19 წლის მამრობითი სქესის სტუდენტი ერთწლიანი შუალედის შემდეგ დაბრუნდა ჩრდილოეთ ბოლივიიდან 2 დღის წინ. ის მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებაში, მოსავლის აღებაზე. პაციენტი შემოვიდა მაღალი ტემპერატურით 39°C და უჩიოდა თავის ტკივილს, ართრალგიასა და მიალგიას. გამგზავრების წინ ის აიცრა ყვითელ ცხელებაზე, ტიფოიდურ ცხელებაზე, და A ჰეპატიტზე. შემოწმებისას მას ავადმყოფური იერი ჰქონდა, მაგრამ არ აღენიშნებოდა კეროვანი ნიშნები. მას აქვს შედარებითი ბრადიკარდია 50 დარტყმა წუთში, წნევა 120/75 მმ ვწყ სვ, სუნთქვის სიხშირე 14 ამოსუნთქვა წუთში, და ჟანგბადის სატურაცია 99%. ტემპერატურა - 39.3°C.

სხვა გამოვლინებები

დაავადების გართულებული გამოვლინებები შესაძლოა სპეციფიკური იყოს და პაციენტი ხშირად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პაციენტების დაახლოებით 30%-ში დაავადების ბოლო ეტაპზე, ჩვეულებრივ, სიმპტომების მეორე კვირაში, ვლინდება ნევროლოგიური და ჰემორაგიული სიმპტომების მძიმე ფორმა.[1][2][4][5] ნევროლოგიური სიმპტომები ხშირად ვლინდება გონების არევით, ატაქსიით და გულყრით და შესაძლოა განვითარდეს პროსტრაცია და კომატოზური მდგომარეობა.[1][2][4][5] ჰემორაგიულ სიმპტომებს შესაძლოა საწყის ეტაპზე ახლდეს სისხლდენა ღრძილებიდან ან ცხვირიდან, მაგრამ ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის ჰემორაგიის სახით, როგორიც არის მელენა, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, ან ჰემატემეზისი - სისხლიანი პირღებინება.[1][2][4][5] მეტრორაგია დამახასიათებელი ნიშანია ჰემორაგიული დაავადების მქონე ქალებში.[4] იმის მიუხედავად, რომ ჰემორაგიული სიმპტომები შესაძლოა შედარებით ხშირი იყოს, ჰემორაგიის კატასტროფული ფორმა იშვიათად გვხვდება და გარდაცვალება ხშირად გამოწვეულია მულტიორგანული უკმარისობით.[4]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას