ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკფაქტორების არსებობა

ენდემურ რეგიონებში ცხოვრება ან მუშაობა ან ამგვარი ადგილებიდან დაბრუნება ბოლო 16 დღის განმავლობაში (ჩვეულებრივ სასოფლო ტერიტორიებიდან), პროფესიული ექსპოზიცია, მღრღნელ მასპინძლებთან ექსპოზიცია ან ინფიცირებულ პირებთან კონტაქტი.

ტემპერატურა ≥37.5°C

პირველი ნიშანი პაციენტების დაახლოებით 90%-ში, და ხშირად 38°C-ზე მეტია.[1][2][4][5]

სისხლდენა (ღრძილებიდან, ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავიდან, მეტრორაგია)

სისხლდენა წარმოდგენილია სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) მქონე პაციენტების 20-30%-ში.[1][3][4][5] ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევათა სერიაში აღირიცხა ღრძილებიდან სისხლდენა შემთხვევების 52%-ში.[5]

ღრძილები შესაძლოა გაღიზიანებული იყოს და მსუბუქად ზექოლისას დაიწყოს სპონტანური სისხლდენა. სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, როგორიც არის მელენა, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, ან ჰემატემეზისი, შესაძლოა განვითარდეს დაავადების მოგვიანებით ეტაპზე.[4][5] მეტრორაგია ასევე ხშირია ქალებში.[4]

სისხლდენა ძირითადად ავადმყოფობის მეორე კვირას იწყება.

პეტექიები

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებებისას (SAHF) ხშირადაა აღწერილი პეტექიები რბილ სასაზე, იღლიის ქვეშ და გულმკერდის ზედა ნაწილსა და მკლავებზე,[1][3][4][5] თუმცა ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევათა სერიაში სიხშირე მხოლოდ 16%-ს შეადგენს.[5]

ჩვეულებრივ ვითარდება ავადმყოფობის პირველი კვირის განმავლობაში.

იშვიათი

კონიუქტივიტი

კონიუნქტივური სიწითლე და პერიორბიტული შეშუპება აღწერილია არგენტინული, ბრაზილიური და ვენესუელური ჰემორაგიული ცხელებებებისა; ამ უკანასკნელის შემთხვევათა სერიაში ეს ნიშანი შემთხვევათა დაახლოებით 15%-შია აღწერილი.[3][4][5][7]

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

საერთო სისუსტე

შეუძლოდ ყოფნა არის ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი და შესაძლოა გამოვლინდეს სხვა არასპეციფიკური სიმპტომებით დაავადების პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში.[1][3][4][5] ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევათა სერიაში შეუძლოდ ყოფნა დაფიქსირდა შემთხვევათა 74%-ში.[5]

თავის ტკივილი

ადრეული სიმპტომი, რომელიც ხშირად ვლინდება სხვა არასპეციფიკურ სიმპტომებთან ერთად.[5][1][3][4] ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევათა სერიაში თავის ტკივილი აღწერილია შემთხვევათა 58%-ში.[5]

ართრალგია

ადრეული სიმპტომი, რომელიც ხშირად ვლინდება სხვა არასპეციფიკურ სიმპტომებთან ერთად.[1][4][5] ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევათა სერიაში ართრალგია დაფიქსირდა შემთხვევათა 52%-ში.[5]

მიალგია

ადრეული სიმპტომი, რომელიც ხშირად გვხვდება სხვა არასპეციფიკურ სიმპტომებთან ერთად და ხშირად წელის მიდამოში ლოკალიზდება.[1][3][4][5] ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევათა სერიაში მიალგია დაფიქსირდა შემთხვევათა 30%-ში.[5]

მუცლის ტკივილი

შესაძლოა განვითარდეს სიმპტომების პირველი კვირის ბოლოს.[1][4][5] ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევათა სერიაში ტკივილი მუცლის არეში დაფიქსირდა შემთხვევათა 30%-ში.[5]

გულისრევა/ღებინება

შესაძლოა განვითარდეს სიმპტომების პირველი კვირის ბოლოს.[1][4][5] ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევათა სერიაში ღებინება დაფიქსირდა შემთხვევათა 34%-ში.[5] დეჰიდრატაციის ნიშნები შესაძლოა გამოვლინდეს ღებინების მძიმე ფორმის მქონე პაციენტების გასინჯვის დროს.[4][5]

დიარეა

შესაძლოა განვითარდეს სიმპტომების პირველი კვირის ბოლოს.[1][4][5] ის უფრო ხშირად მსუბუქია, ვიდრე მასიური.[4] ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევათა სერიაში დიარეა დაფიქსირდა შემთხვევათა 27%-ში.[5] მწვავე დიარეის მქონე პაციენტების ფიზიკური შემოწმების დროს შესაძლოა გამოვლინდეს დეჰიდრატაციის ნიშნები.[4][5]

ლიმფადენოპათია

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებებისას (SAHF) აღწერილია ლიმფადენოპათია, ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევათა სერიაში 23%-იანი გავრცელებით.[3][4][5][7]

ნევროლოგიური სიმპტომები (მაგ.: კონფუზია, ატაქსია, გულყრები)

პაციენტების დაახლოებით 20-30%-ს უვითარდება მწვავე ნევროლოგიური სიმპტომები, მათ შორის გულყრები.[1][3][4][5] ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევათა სერიაში გულყრები დაფიქსირდა შემთხვევათა 18%-ში.[5]

ნევროლოგიური ნიშნები ასოცირებულია ცუდ პროგნოზთან.

სისხლდენა ძირითადად ავადმყოფობის მეორე კვირას ვითარდება.

იშვიათი

ყელის ტკივილი

უფრო ხშირია ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების დროს, 36%-იანი პრევალენტობით შემთხვევათა სერიაში.[5] არ ახასიათებს არგენტინულ ჰემორაგიულ ცხელებას.[4]

ხველა

ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევათა სერიაში ხველა დაფიქსირდა შემთხვევათა 20%-ში.[5] იშვიათად გვხვდება არგენტინული ჰემორაგიული ცხელების დროს და არ არის დაფიქსირებული ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევაში.[1][3][4]

პროსტრაცია/კომა

დამახასიათებელია არგენტინული, ვენესუელური და ბოლივიური (მაჩუპოს) ჰემორაგიული ცხელებისთვის.[1][3][4][5] ეს არ არის სტანდარტული გამოვლინება და ხშირად გვხვდება დაავადების ტერმინალურ ეტაპებზე.[2][3][4] ღრმა ჰიპოტენზიით მიმდინარე დაავადების ბოლო ეტაპებზე შესაძლოა გამოვლინდეს შოკის ნიშნებიც.[1][4][5]

რისკფაქტორები

ძლიერი

პროფესიული ექსპოზიცია

სასოფლო-სამეურნეო მუშაკები ენდემური რეგიონებიდან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან, რადგან მღრღნელი გადამტანები ხშირად ბინადრობენ მაღალ ბალახში, სამუშაო მინდვრების კიდეებზე.[1][2][4][5]

ჯანდაცვის მუშაკები, რომლებსაც კონტაქტი აქვთ ინფიცირებულ პაციენტებთან, ასევე არიან რისკის ქვეშ, მაგრამ უფრო ნაკლები რისკის წინაშე დგანან, ვიდრე ფილოვირუსული ჰემორაგიული ცხელების მქონე პაციენტებთან ურთიერთობის დროს. აღწერილია ნოზოკომიური ინფექცია ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების (მაჩუპოს ვირუსი) დროს,[1] ასევე იშვიათად არგენტინული ჰემორაგიული ცხელების დროს (ხუნინის ვირუსი).[4] არ არსებობს მონაცემები ჩაპარეს ვირუსის ინფექციის, ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელების (საბიას ვირუსი), ან ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების (გუანარიტოს ვირუსი) ნოზოკომიური გადაცემის შესახებ,[5][6] თუმცა ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს შემთხვევების შეზღუდული რაოდენობით, განსაკუთრებით ჩაპარეს ვირუსის შემთხვევაში.

ლაბორატორიული მუშაკებიც მოიაზრებიან გაზრდილი რისკის მქონე ჯგუფად, განსაკუთრებით არგენტინული, ბოლივიური და ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელებების კონტექსტში.[7][12] მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გარკვეულწილად მცირეა, აღრიცხულია ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელებით ლაბორატორიაში ინფიცირება ბრაზილიასა და აშშ-ში.[7]

ექსპოზიცია შესაბამისი მღრღნელების სახეობებთან

იმ მღრღნელთა სახეობები, რომლებიც მონაწილეობენ სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების გადაცემაში, უფრო ხშირად გვხვდებიან სოფლებში (მაგ. მაღალ ბალახში მინდვრების საზღვრებზე).

გადაცემა ადამიანებზე ხდება დაიფიცირებული მღრღნელების ექსკრეტის ან შარდის აეროზოლიზაციისა და მათი ლორწოვან გარსთან კონტაქტით.

არგენტინული ჰემორაგიული ცხელების ძირითადი გადამტანები არიან Calomys musculinis მღრღნელის სახეობა, თუმცა ასევე Calomys laucha, Akodon azarae, და Orizomys flavescens სახეობები;[2][4]Zygodontomys brevicauda ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების დროს;[5][14] მეტწილად Calomys callosus ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების დროს.[1]

ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელების და ჩაპარეს ვირუსის ბუნებრივი მასპინძელი უცნობია, მაგრამ ნავარაუდევია, რომ ეს მღრღნელია.[6][7]

მოზრდილი მამაკაცები

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების (SAHF) ინციდენტობა მნიშვნელოვნად უფრო მაღალია მოზრდილ მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. ამგვარი მაღალი რისკი მამაკაცებში სავარაუდოდ იმით არის გამოწვეული, რომ ეს უკანასკნელნი უფრო მეტად არიან ჩართულები მინდვრებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში.[1][4][5]

სუსტი

კონტაქტი ინფიცირებულ პირთან

დაფიქსირებულია ბოლივიურ ჰემორაგიულ ცხელებასთან ახლო კონტაქტით გამოწვეული გადადების შემთხვევები, ხოლო არგენტინული ჰემორაგიული ცხელებისა და ვენესუელური ჰემორაგიული ცხელების კონტექსტში მსგავსი გავრცელება იშვიათია.[1][4][5] შესაძლოა ასოცირდებოდეს ძალიან მცირე რაოდენობით შემთხვევებთან, არ არის აღწერილი ჩაპარეს ვირუსის ინფექციასთან ან ბრაზილიურ ჰემორაგიულ ცხელებასთან მიმართებაში.

ცხოვრება ენდემურ რეგიონებში

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადგილი ექნება მღრღნელი ვექტორის პოპულაციასთან ექსპოზიციას.

მღრღნელთა სახეობები, რომლებიც მონაწილეობენ სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების გადაცემაში, უფრო ხშირად გვხვდება სოფლებში (მაგ. მაღალ ბალახში მინდვრების საზღვრებზე) და იშვიათად არიან ქალაქებში, ადამიანთა საცხოვრებლებში ან მათთან ახლოს,[4][5] გარდა ბოლივიური ჰემორაგიული ცხელებისა, რომლის დროსაც შემთხვევების კლასტერი აღიწერა პატარა ქალაქებში Calomys callosus-ის ინვაზიის შემდეგ.[11]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას