ეტიოლოგია

ითვლება, რომ დივერტიკულურ დაავადებას მულტიფაქტორული ეტიოლოგია აქვს. გამომწვევ მიზეზებად სახელდება როგორც გენეტიკური, ასევე გარემო ფაქტორები, განსაკუთრებით ბოჭკოს შემცველი საკვების მცირე რაოდენობით მიღება, რაც ითვლება დაავადების განვითარების მთავარ ხელშემწყობ ფაქტორად განვითარებულ ქვეყნებში.[6][17][18]

სხვა ხელშემწყობი ფაქტორებია: დაბალი ფიზიკური აქტივობა, სიმსუქნე, წითელი ხორცის დიდი რაოდენობით მოხმარება, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის და კოფეინის ჭარბი მოხმარება, სტეროიდები და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები.[2][19][20][21][22]

სხვა შესაძლო ეტიოლოგიებია:

  • ნაწლავის კედლის სტრუქტურის ცვლილებები (III ტიპის კოლაგენის ჭარბი სინთეზი, ელასტინის დეპონირება), ნაწლავის მოტორიკის დარღვევა და ნაწლავის ნეიროტრანსმიტერების დისფუნქცია (ქოლინ აცეტილტრანსფერაზას შემცირება, სეროტონინის ექსპრესიის გაძლიერება).[14][23][24]

  • შემაერთებელქსოვილოვანი ანომალიები, როგორიცაა ელერს-დანლოს სინდრომი ან ჰერნიოზი, განიხილება იმ დაავადებებთან ერთად, როგორიცაა სეინტის ტრიადა (საყლაპავის ხვრელის თიაქარი, მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზ, ნაღვლის ბუშტის კენჭები).[25][26]

  • დივერტიკულის ინფექცია შეიძლება გახდეს ანთების მიზეზი, რომელიც დივერტიკულიტს გამოიწვევს.

  • მასპინძლის იმუნური პასუხის და მიკრობიომის დერეგულაცია, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს დივერტუკულოზის და დივერტიკულიტის განვითარებას.[27]

არ არსებობს იმ თეორიული ჰიპოთეზის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც საკვებად მიღებული თესლები და თხილი გროვდება დივერტიკულუმში და იწვევს დივერტიკულიტის ეპიზოდს.

პათოფიზიოლოგია

ბოჭკოებით ღარიბი დიეტა ახანგრძლივებს ნაწლავში საკვების გადაადგილების დროს და ამცირებს განავლის მოცულობას, რაც ამცირებს სანათურისშიდა წნევას და ნაწლავის სეგმენტაციას, რაც თავისმხრივ ხელს უწყობს დივერტიკულის ჩამოყალიბებას.[28]​​[29] თუმცა, ზუსტი მექანიზმი არ არის ცნობილი და ეს კონცეფცია ვერ ხსნის, თუ რატომ არის გავრცელებული მარჯვენამხრივი დაავადება აღმოსავლეთში. სიგმოიდური ნაწლავი ყველაზე ხშირად ზიანდება მცირე დიამეტრის გამო.

ნაწლავის დივერტიკული რეალურად "ფსევდოდივერტიკულაა" (შედგება ლორწოვანი და ლორწქვეშა შრეებისგან) და ხშირად გვხვდება ნაწლავის მარყუჟებს შორის, სადაც სავარაუდოდ სუსტი ადგილებია და ნაწლავის სისხლძარღვები შედიან ნაწლავის კედელში. ცირკულარული კუნთების გასქელება და ფასციის შემოკლება რეალური კუნთის ჰიპერტროფიის გარეშე გამოწვეულია ელასტინის ჭარბი დეპონირებით კუნთის უჯრედებსა და მსხვილი ნაწლავის ფასციაში. აზოტის ოქსიდი გავლენას ახდენს წრიული კუნთის ელასტიურობაზე და სავარაუდოდ იწვევს ნაწლავის კედლის სეგმენტაციას დივერტიკულოზის დროს.[30]

საკვების ჩაჭედილი ნაწილაკები ან განავლოვანი მასები შეიძლება ხელს უწყობდნენ ინფექციის განვითარებას, რასაც ემატება სანათურის შიდა წნევის მომატება და შეიძლება განვითარდეს ანთება, იშემია და დივერტიკულის კედლის ნეკროზი, რაც პერფორაციით რთულდება.

1 ან მეტი დივერტიკულის მიკროპერფორაციამ შეიძლება გამოიწვიოს ლოკალიზებული ფლეგმონის ჩამოყალიბება. ეს შეიძლება იყოს შემოსაზღვრული აბსცესი (I სტადია), შორეული აბსცესი (II სტადია), გენერალიზებული პერიტონიტი (III სტადია) ან თავისუფალი პერფორაცია და განავლოვანი პერიტონიტი (IV სტადია).[3]

კლასიფიკაცია

კლინიკური კლასიფიკაცია

ამჟამად არ არსებობს დივერტიკულური დაავადების უნივერსალურად მიღებული კლინიკური კლასიფიკაცია. თუმცა, ხშირად გამოიყენება ჩამოთვლილი კლინიკური დაყოფა:[1][2]

  • უსიმპტომო დივერტიკულოზი: როგორც წესი, შემთხვევით ვლინდება კოლონოსკოპიით, ბარიუმის ოყნით ჩატარებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კოლონოგრაფიით ან მუცლის და/ან მენჯის ღრუს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირებით.

  • სიმპტომური გაურთულებელი დივერტიკულური დაავადება: იგივე მტკივნეული დივერტიკულური დაავადება; ხშირად ხასიათდება მუცლის მარცხენა ქვედა კვადრანტის ეპიზოდური, კოლიკის მსგავსი ტკივილით, რომელსაც ახლავს ან არ ახლავს სხვა არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა შებერილობა, ყაბზობა ან დიარეა. სიმპტომები შეიძლება იყოს განმეორებითი.

  • გართულებული დივერტიკულური დაავადება: ყველაზე ხშირი გართულება მწვავე დივერტიკულიტია. სხვა გართულებებია: ჰემორაგია, აბსცესი, სეგმენტური კოლიტი, დივერტიკულის ფლეგმონა, პერფორაცია, პერიტონიტი, ფისტულა, სტრიქტურა და ობსტრუქცია.

მწვავე დივერტიკულიტის სიმძიმის ხარისხი განისაზღვრება ჰინჩის კლასიფიკაციის გამოყენებით:[3]

  • I სტადია: მცირე ზომის ან შემოსაზღვრული პერიკოლიკური ან მეზენტერული აბსცესი.

  • II სტადია: დიდი ზომის პერიკოლიკური აბსცესი, ხშირად ვრცელდება მენჯის ღრუში.

  • III სტადია: პერფორირებული დივერტიკულიტი, რომლის დროსაც პერიდივერტიკულური აბსცესი განიცდის პერფორაციას და იწვევს ჩირქოვან პერიტონიტს.

  • IV სტადია: პერფორირებული დივერტიკულიტი, რომლის დროსაც გვხვდება თავისუფალი პეროფრაცია და ასოცირებულია განავლოვან პერიტონიტთან.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას