მიდგომა
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Maagklachtenავტორი: NHGბოლო გამოქვეყნება: 2025გასტრიტი განისაზღვრება, როგორც კუჭის ლორწოვანის ანთება ჰისტოლოგიური მტკიცებულების საფუძველზე. უფრო ფართო ტერმინი გასტროპათია მოიცავს ისეთ დაზიანებებს, როდესაც ანთება მინიმალურია ან საერთოდ არაა გამოხატული.[1][2][3]
პაციენტებს შეიძლება, აღენიშნებოდეთ გენერალიზებული დისპეპსია, ან ეპიგასტრალური დისკომფორტი. ამასთან, ეს ნიშნები ხშირად არასპეციფიკურია.[3][33] დიაგნოზი ემყარება კლინიკურად შესაბამის ანამნეზურ მონაცემებს და კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი გასტროინტესტინური წყლულების არსებობის გამორიცხვას.[33] კლინიკური გაიდლაინები შემუშავებულია, რათა დაგვეხმარონ დისპეპსიის მქონე პაციენტების გამოკვლევაში და იგივე უნდა გავრცელდეს სავარაუდოდ გასტრიტის მქონე პაციენტებზეც.[32][33] გასტრიტის ჰისტოლოგიური დიაგნოზი ძირითადად გასტროინტესტინური სიმპტომატიკის მქონე პაციენტებში დგინდება.
ანამნეზი და კლინიკური გასინჯვა
პაციენტი შეიძლება იყოს ასიმპტომური ან აღენიშნებოდეს გენერალიზებული დისპეპსია ან დისკომფორტი ეპიგასტრუმში. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება და უმადობა. ამასთან, ეს ყველაფერი ხშირად არასპეციფიურია.[33]
მნიშვნელოვანია დაავადების სრული ანამნეზი, მათ შორის ყველა მიღებული პრეპარატის და ალკოჰოლის მოხმარების განხილვა.
ეს უნდა მოიცავდეს ცოტა ხნის წინ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების(ასას) გამოყენებას, ან ალკოჰოლის არასწორად მოხმარებას, რადგანაც ისინი ეროზიული გასტრიტის ხშირი მიზეზია. დისპეპსიური მოვლენები აღენიშნება იმ პაციენტთა 10%-20%-ს, რომლებიც იღებენ ასას-ებს, თუმცა გავრცელების სიხშირე შეიძლება მერყეობდეს 5%-დან 50%-მდე.[17][18] დადგინდა ფაქტორები, რომლებიც ასას-ების მომხმარებელ პაციენტებს გამოყოფს გასტროინტესტინური გართულებების მომატებული რისკის მატარებელ ჯგუფად და ეს ფაქტორებია: ანამნეზში გასტროინტესტინური გართულებები(პეპტიური წყლული, ჰემორაგია), ასაკი > 60 წელზე, ასას -ების მაღალი დოზით + კოტრიკოსტეროიდების ან + ანტიკოაგულანტების გამოყენება.[22][23] ფლეგმონური გასტრიტი ასევე დაკავშირებულია ცოტა ხნის წინ ალკოჰოლის ჭარბ მიღებასთან. იშვიათი ვარიანტი, ემფიზემატოზური გასტრიტი გამოიწვევა Clostridium welchii-თ და დაკავშირებულია კოროზიული ნივთიერებების გადაყლაპვასთან.[11][12][13][14]
კუჭის, ან მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაციის შესახებ სასურველია შეგროვდეს ყველა ანამნეზური მონაცემი; კუჭზე, ან ნაღვლის ბუშტზე ჩატარებული ოპერაცია, მათ შორის ქოლეცისტექტომია, ბილიარული რეფლუქსით გამოწვეული გასტრიტის მიზეზადაა მიჩნეული.[5][6][7]
მძიმე პაციენტებს აქვთ სტრესით გამოწვეული გასტროინტესტინური სისხლდენის რისკი.[9] უმთავრესი რისკ ფაქტორებია 48 საათზე მეტი ხანგრძლივობის მექანიკური ვენტილაცია და კოაგულოპათია.[9]
აუტოიმუნური დარღვევები, რომლებიც ასოცირებულია აუტოიმუნური გასტრიტის მომატებულ რისკთან, მოიცავს თიროიდულ დაავადებას, იდიოპათიურ ადრენოკორტიკულ უკმარისობას, ვიტილიგოს, ტიპ 1 შაქრიან დიაბეტს და ჰიპოპარათირეოიდიზმს.[25] პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ B12 ვიტამინის უკმარისობით და პერნიციოზული ანემიით გამოწვეული ნიშნები და სიმპტომები (მაგ. ნევროლოგიური გასინჯვისას პათოლოგიური მონაცემები, კოგნიტური დარღვევების არსებობა, ანგულარული ქეილიტი, ატროფიული გლოსიტი).[3][24][25] პაციენტები ხშირად არიან ჩრდილოევროპული ან სკანდინავური წარმომავლობის.[10]
ფლეგმონური გასტრიტის მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეს მწვავე ტკივილი მუცლის ზედა ნახევარში, ცხელება, გამოხატული ღებინება და სეფსის კლინიკური ნიშნები.[11][12][13][14]
კვლევები
ენდოსკოპია
გასტრიტის ან ალტერნატიული პათოლოგიის გამოსავლენად, ენდოსკოპია საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ კუჭის ლორწოვანი გარსი. ბიოფსია ტარდება ჰისტოლოგიური კვლევის და H. pylori ინფექციის გამოვლენის მიზნით.[3][4][33][34]
ამერიკის გასტროენტეროლოგთა კოლეჯის (ACG) და კანადის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის (CAG) დისპეპსიის გაიდლაინებით, ენდოსკოპია რეკომენდებულია პაციენტებში >60 წელი + დისპეპსია, ხოლო დისპეფსიისა და საგანგაშო ნიშნების მქონე (წონაში კლება, ანემია, დისფაგია და პერსისტენტული ღებინება) ახალგაზრდა პაციენტებში ენდოსკოპია მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებშია რეკომენდებული.[33]
ჯანდაცვისა და ექიმთა დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის რეკომენდაციით, ნებისმიერი პაციენტი დისპეფსიითა და მნიშვნელოვანი გასტროინტესტინური სისხლდენით, უნდა რეფერირდეს სპეცილისტთან კონსულტაციაზე.[32]
ნებისიერ პაციენტს ოჯახურ ანამნეზში გასტროინტესტინური ტრაქტის კიბოს, გასტრო-ეზოფაგური ავთვისებიანი წარმონაქმნის, ლიმფადენოპათიის ან მუცლის არეში მოცულობითი წარმონაქმნის შემთხვევაში, სასურველია, ჩაუტარდეს ეგდ.[33]
ენდოსკოპია სასურველია, მხედველობაში ვიქონიოთ ალტერნატიული ეტიოლოგიის გამოსარიცხად პაციენტებში, რომელთა მკურნალობა უშედეგოა.[32][35]
H. pylori გამოსავლენი კვლევა
<60 წლის პაციენტებში, თუ გვაქვს დაუდგენელი მიზეზის დისპეფსია და არა აღინიშნება გასტროინტესტინური ტრაქტის ზემო ნაწილის მალიგნიზაციაზე მიმანიშნებელი საეჭვო მონაცემები, რეკომენდებულია H. pylori-ს გამოსავლენი არაინვაზიური კვლევის ჩატარება შემდგომი შესაბამისი მკურნალობით ("დაადგინე-და-უმკურნალე" სტრატეგია).[4][32]
როგორც შარდოვანის სუნთქვითი ტესტი, ისე ფეკალური ანტიგენის ტესტი მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით გამოირჩევიან აქტიური H. pylori გამოსავლენად. მათი გამოყენება შეიძლება ასევე მკურნალობაზე პასუხის მონიტორინგის მიზნით.[4] პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებმა(PPI), ბისმუტის პრეპარატებმა და ანტიბიოტიკებმა შეიძლება გავლენა იქონიოს კვლევების შედეგებზე.[36] ზოგადად რეკომენდებულია, H. pylori-ს ერადიკაციის შესაფასებლად შარდოვანას სუნთქვითი ტესტის ჩატარებამდე, მკურნალობის შემდგომ პერიოდში PPI გამოვიყენოთ 7-14 დღის განმავლობაში, ხოლო ანტიბიოტიკები და ბისმუთის პრეპარატები სულ მცირე - 28 დღის განმავლობაში.[4]
შარდოვანას სუნთქვითი ტესტი აქტიური ინფექციის გამოსავლეად გამოირჩევა 90% -ზე > მგრძნობელობითა და 96% სპეციფიკურობით..[37][38]
H. pylori-ს ფეკალური ანტიგენის ტესტი აქტიური ინფექციის დიაგნოსტირებისთვის გამოავლენს H pylori ანტიგენს განავალში. როგორც მონოკლონური, ისე პოლიკლონური ანალიზი ხელმისაწვდომია, ყოველი მათგანი > 90% მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით გამოირჩევა; მონოკლონური ანალიზის მგრძნობელობაა 96%-ი და სპეციფიკურობა - 97%.[39][40]
H pylori ინფექციის გამოსავლენად შესაძლოა გამოკვლეულ იქნას ლორწოვანის ბიოპტატები (ქსოვილის სწრაფი ურეაზული ტესტირების და პირდაპირი კულტივირების, ან მოლეკულური კვლევის გამოყენებით).[3][4][34] H pylori გამოსავლენად ვართინ-სტარის ვერცხლის საღებავით შეღებვის მეთოდის მგრძნობელობა 93%-ია და სპეციფიკურობა 99%.[37]H pylori სწრაფი ურეაზული კვლევა შეიძლება ბიოპტატურ მასალაზე ჩატარდეს, რომლსაც ენდოსკოპიის შედეგად მოვიპოვებთ.[41] იმ პაციენტებში, რომელთაც ენდოსკოპიურად უვლინდებათ ატროფიული გასტრიტის და/ან ნაწლავის მეტაპლაზიის მონაცემები, ბიოფსიის ჩატარება ღრუს მაგივრად რეკომენდებულია კუჭის სხეულში შემდგომ გიემზას მეთოდით, ან ვართინ-სტარის ვერცხლით შეღებვით. ქსოვილი თავსდება აგარის გელზე ან სასინჯ სტრიპზე, რომელიც შეიცავს შარდოვანას, ბუფერულ ხსნარს და pH-მგრძნობიარე ინდიკატორს. H pylori ურეაზას არსებობის შემთხვევაში შარდოვანა გარდაიქმნება ამონიუმად და ბიკარბონატად და გამოვლინდება ფერების ცვლით. ტესტი გამოირჩება 90%-იანი მგრძნობელობითა და 100% -იანი სპეციფიკურობით გამოირჩევა, თუ პაციენტს არ აღენიშნება გასტროინტესტინური სისხლდენა და არ იღებს PPI ან ანტიბიოტიკებს.[37][38][42] თუ პაციენტს აქვს მწვავე გასტროინტესტინური სისხლდენა, ან იღებს PPI, ან ანტიბიოტიკებს, ჰისტოლოგიური დადასტურებაა რეკომენდებული.[43] ზოგადად, აღნიშნულ ანალიზებს შეიძლება, მნიშვნელობა ჰქონდეს H pylori ერადიკაციის დასადგენად PPI, ბისმუტის პრეპარატებითა და ანტიბიოტიკებით ახლახან ნამკურნალებ პაციენტებში.[4]
ასას-ებით ან ალკოჰოლით გამოწვეული გასტრიტი
თუ H pylori გამოსავლენი საწყისი არაინვაზიური კვლევა უარყოფითია და კლინიკური მონაცემებით ეჭვი ჩნდება ასას- ან ალკოჰოლით გამოწვეული გასტრიტის არსებობაზე, სასურველია, დაიწყოს აღნიშნული ნივთიერებების შემცირება/შეწყვეტა და სიმპტომური თერაპია.[3][33]
მსგავსი მკურნალობისადმი მდგრად პაციენტებში სასურველია, მხედველობაში ვიქონიოთ ენდოსკოპიური კვლევა ალტერნატიული ეტიოლოგიის გამოსარიცხად.[32][33]
აუტოიმუნური გასტრიტი
თუ ეჭვი მიტანილია ავტოიმუნურ გასტრიტზე, სასურველია, დადგინდეს შრატში ვიტამინ B12-ის შემცველობა და ჩატარდეს კვლევები ავტოანტისხეულებზე.[3][24][25] ვიტამინ B12-ის უკმარისობა დაკავშირებულია პარიეტული უჯრედების დანაკარგთან და შესაბამისად მჟავიანობის და შიდა ფაქტორის დაკარგვასთან. ეს უმეტესად აღენიშნება ხანშიშესული პაციენტების შემთხვეევაში.[44] დადასტურებული პერნიციოზული ანემიის მქონე პაციენტებს სასურველია, ჩაუტარდეთ ენდოსკოპიური კვლევა თანმხლები ავთვისებიანი პათოლოგიის არსებობის შესაფასებლად.[34]
სისხლის საერთო ანალიზი გვეხმარება ანემიის შეფასებაში.[3]
შიდა ფაქტორის ანტისხეულები მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევიან პერნიციული ანემიისადმი; პარიეტალური უჯრედების ანტისხეულები ატროფიული გასტრიტის მქონე პაციენტთა დაახლოებით 90%-ს აღენიშნება.[24]
ფლეგმონური გასტრიტი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას