მიდგომა

დამახასიათებელი ანამნეზი გადამწყვეტია საკვებით გამოწვეული დაავადების ან მოწამვლის დიაგნოსტირებაში.

ანამნეზი

აუცილებელია დადგინდეს საკვებთან ექსპოზიცია, ცხოველებთან ექსპოზიცია, დაავადების ხანგრძლივობა, რეგიონში საკვებით გამოწვეული დაავადებების აფეთქების არსებობა, კონტაქტის ანამნეზი, ნივთიერების ავადმოხმარების ანამნეზი, და მოგზაურობის ანამნეზი, განსაკუთრებით უცხო ქვეყნებში. თუ 2 ან მეტ ადამიანს აღენიშნება სიმპტომები, ეს ეპიდაფეთქებად ითვლება. ზოგიერთი პათოგენი შეტყობინებადია.

ცალკეული საკვებისმიერი ექსპოზიციები მოიცავს შემდეგს:[34][40]

  • თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი: ასოცირდება სალმონელოზთან, კამპილობაქტერიოზთან, შიგას ტოქსინის გამომმუშავებელ ნაწლავურ ჩხირთან, ჩხირისებრ ანაერობულ ბაქტერიასთან, იერსინიოზთან, ოქროსფერ სტაფილოკოკთან, ტრიქინელოზთან და E ჰეპატიტთან[24]

  • ზღვის ნედლი პროდუქტები: ასოცირდება ნოროვირუსთან, ვიბრიონის სახეობებთან, A ჰეპატიტთან, Plesiomonas-თან (შიგელოზის გამომწვევებთან) ან ტრემატოდებთან (ჭიებთან); ნედლი ან თერმულად დამუშავებული ზღვის პროდუქტები ასევე შეიძლება ტოქსინებით (მაგ. ზღვის ტოქსინებით, ვერცხლისწყლით, კადმიუმით, ჰისტამინით) დაბინძურებასთან ასოცირდებოდეს

  • სახლში დამზადებული კონსერვირებული საკვები: ასოცირებულია Clostridium botulinum-თან.

  • არაპასტერიზებული რძე, ახლადამოყვანილი ყველი, ან რძის სხვა ნედლი პროდუქტები: ასოცირდება ლისტერიოზთან, სალმონელოზთან, კამპილობაქტერიოზთან, შიგას ტოქსინის გამომმუშავებელ ნაწლავურ ჩხირთან, იერსინიოზთან, ოქროსფერ სტაფილოკოკთან, კრიპტოსპორიდიუმებთან, ბრუცელოზთან, ხარის ტიპის მიკობაქტერიასთან, და Q-ცხელებასთან

  • დამუშავებული ძეხვეული, ყველი ან სალათები: ასოცირდება ლისტეროზთან

  • ხილი, ბოსტნეული ან არაპასტერიზებული ხილის წვენი: ასოცირდება შიგა ტოქსინის წარმამქმნელ ნაწლავურ ჩხირთან, არატიფოიდურ სალმონელოზთან, ციკლოსპორასთან, კრიპტოსპორიდიუმებთან, ნოროვირუსთან, A ჰეპატიტთან და ლისტერიოზთან.

  • უმი კვერცხი: სალმონელოზი

  • სოკო: ასოცირებული სოკოთი მოწამვლასთან.

საკვების არასათანადო დამუშავება და შენახვა

ასოცირებულია საკვებისმიერი დაავადების განვითარებისა და გავრცელების უფრო მაღალ რისკთან.

მაგალითები მოიცავს:[1][17][20][25][26]

  • არასწორი გაციება/გაყინვა და შენახვა (სახლის პირობებში დაკონსერვება)

  • ახალი პროდუქტების გარეცხვამდე და გარეცხვის შემდეგ საჭრელი დაფებისა და სამზარეულოს ნიჟარის გარეცხვის გარეშე გამოყენება

  • მაცივარში უმი ხორცისა და ახალი პროდუქტების (ბოსტნეული, ხილი) ერთად შენახვა; ან მაღაზიიდან სახლში ტრანსპორტირება

  • ხორცის მომზადებისას სრულყოფილი თერმული დამუშავების შესამოწმებლად ხორცის თერმომეტრის გამოუყენებლობა

  • საკვების არასწორი გაციება/გაყინვა

  • მაცივარში დიდი რაოდენობით ცხელი საკვების შენახვა, მცირე პორციებად დაყოფის გარეშე

  • გაყინული საკვების გადნობა ღიად, მაგიდაზე

  • მაცივარში არასათანადო ტემპერატურა (≥6°C [43°F]) არ არის საკვების შენახვისთვის უსაფრთხო.

პაციენტთა სპეციფიკური, რისკის ქვეშ მყოფი პოპულაციები

უცხოეთში მოგზაურობის ანამნეზი, თუ მოგზაურობის მიზნობრივი რეგიონი ინფექციისთვის ენდემურია, უნდა იყოს ეჭვის მიტანის პირველი საბაბი.

ხანდაზმული ადამიანები და ორსული ქალები უფრო მოწყვლადი არიან საკვებისმიერი დაავადებების და უფრო მძიმედ დაავადების მიმართ, რაც შესაძლოა საჭიროებდეს ჰოსპიტალიზაციას და ასოცირდება უფრო მაღალ ავადობასთან და სიკვდილიანობასთან. ზოგიერთი ქრონიკული დაავადება (მაგ., დიაბეტი და კიბო) და იმუნოსუპრესორების გამოყენება (მაგ., კორტიკოსტეროიდების, ანტისიმსივნური ნეკროზის ფაქტორის მედიკამენტები და ქიმიოთერაპია) ზრდის ოპორტუნისტული ინფექციებისგან პაციენტის დაუცველობას.[17][20][21]​ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებლებს და ღვიძლის ქრონიკული დაავადების (ჰემოქრომატოზის ან ციროზის) მქონე პირებს ნედლი მოლუსკებიდან Vibrio vulnificus-ით (არა-ქოლერის ვიბრონით) დაინფიცირების მაღალი რისკი აქვთ.[22]​ კუჭის მჟავას მასუპრესირებელი მედიკამენტების გამოყენება ნაწლავური ინფექციების გაზრდილ რისკთან ასოცირდება.[27][28][29]

საკვებით მოწამვლის მრავალი რისკფაქტორი საკმაოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული და მათ შესაძლოა სინერგიული ეფექტი ჰქონდეთ.[1]

სიმპტომები შესაძლოა მიუთითებდეს გამომწევ პათოგენზე

აბდომინალურ და სისტემურ სიმპტომებთან და/ან ღებინებასთან ასოცირებული ნაწლავის მოტორიკის მახასიათებლები და სიხშირე შეიძლება გამომწვევ პათოგენზე მიანიშნებდეს.

დიარეის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გამოყოფს 3 კლინიკურ ტიპს:[43]

  • მწვავე წყლიანი; გრძელდება რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღე (მოიცავს ქოლერას)

  • მწვავე სისხლიანი (დიზინტერია)

  • პერსისტენტული; გრძელდება 14 დღის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად.

განავალში სისხლის ან ლორწოს არსებობა, წვრილი ნაწლავის ან კოლინჯის ლორწოვანი გარსის დაზიანებაზე მიანიშნებს. შიგელოზის დროს ნანახი პროქტიტის სინდრომისთვის დამახასიათებელია ჭინთვები, რექტალური დისკომფორტი, და სისხლის, ჩირქის, და ლორწოს შემცველი ხშირი მტკივნეული დეფეკაცია. პროფუზული ბრინჯის ნახარშის მსგავსი განავალი ქოლერაზე ან ენტეროტოქსიგენურ პროცესზე მიანიშნებს. ეს წინ უძღვის არასისხლიან დიდი მოცულობის წყლოვან განავალს, ჩირქს, ან ძლიერ მუცლის ტკივილს. შეიძლება განვითარდეს ღრმა დეჰიდრატაცია.

პარაზიტული ინფექციები, განსხვავებით ბაქტერიულისგან , როგორც წესი, იწვევს მუდმივ ფაღარათს.[3]​ ტრემატოდიაზი რთულად სადიაგნოსტიკოა მწვავედ გამოვლენილი სიმპტომების გამო, რომლებიც ხშირად გაურკვეველია და დამოკიდებულია გამომწვევის სახეობაზე. პაციენტები შეიძლება წარმოდგენილი იყვნენ ჰეპატობილიარული სიმპტომებით (მაგ. მუცლის ტკივილი, სიყვითლე, ტკივილი მარჯვენა ეპიგასტრიუმში), რესპირატორული სიმპტომებით (მაგ. ქრონიკული ხველა, ტკივილი გულმკერდში, ქოშინი, ჰემოფტიზი) ან ნაწლავური სიმპტომებით (მაგ., ლორწოვანი გარსის წყლული, მალნუტრიცია).[5]

მუცლის ტკივილი ძირითადად ძლიერია ანთებითი პროცესების დროს. მუცლის კუნთების მტკივნეული სპაზმი მიანიშნებს ელექტროლიტების დაკარგვაზე, როგორც მძიმე ქოლერის შემთხვევაში. Yersinia-ით გამოწვეულ ენტეროკოლიტს, ისევე როგორც ტრემატოდოზს, შეუძლია სიმპტომებით აპენდიციტს ან კრონის ილეიტს დაემსგავსოს (მარჯვენა ქვედა კვადრანტის ტკივილი და კუნთოვანი დეფანსი).

შედარებით გრძელი პერიოდის განმავლობაში მიმდინარე შებერილობის შემთხვევაში უნდა გაჩნდეს ეჭვი ლამბლიოზზე.

როდესაც ღებინება წამყვანი გამოვლენილი სიმპტომია, სავარაუდო გამომწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკი, ცერეუსის ბაცილა, ნოროვირუსი ან როტავირუსი. შხამიანი სოკოს ან მძიმე მეტალების მიღება ასევე შეიძლება გამოვლინდეს გულისრევით და ღებინებით.[2]

ფიზიკური გამოკვლევა

დაავადების მძიმე ფორმის მიმანიშნებელი სიმპტომებია ტაქიკარდია, ტაქიპნოე, პირექსია და ცნობიერების დონის ცვლილებები. მუცლის გასინჯვით შესაძლოა საგულისხმო სიმპტომი არ გამოვლინდეს, თუმცა, შესაძლოა აღინიშნებოდეს დიფუზური ან ადგილობრივი მტკივნეულობა. პაციენტს მუცელი შესაძლოა შებერილი ჰქონდეს. უნდა შეფასდეს დეჰიდრატაციის დონე.

WHO-ის მიერ დეჰიდრატაციის ხარისხის კლასიფიცირება შკალით 1- 3:[43]

  1. დეჰიდრატაცია არ ვლინდება; სიმპტომების და ნიშნების გარეშე

  2. ნაწილობრივი დეჰიდრატაცია; ნაწილობრივი დეჰიდრატაციის იდენტიფიცირება ხდება ჩამოთვლილთაგან ორი ან მეტი სიმპტომის არსებობის დროს: წყურვილი, მოუსვენრობა ან გაღიზიანებადობა, კანის ელასტიურობის დაქვეითება და თვალების ჩაცვენა

  3. მძიმე დეჰიდრატაცია; ამ დროს სიმპტომები უფრო მძიმეა და იდენტიფიცირდება ჩამოთვლილთაგან ორი ან მეტი ნიშნის არსებობის დროს: ცნობიერების დაქვეითება/ლეთარგია, თვალების ჩაცვენა, სითხის პერორალური მიღების უნარის დაკარგვა ან არასათანადოდ მიღბა და და კანის გაწელვის შემდეგ თავდაპირველ მდგომარეობაში მისი ძალიან ნელი დაბრუნება (≥2 წამი).

დეჰიდრატაცია, ანთებით მიმდინარე დიარეასთან შედარებით, უფრო ხშირად გვხვდება არაანთებითი დიარეის დროს, რადგან ანთებითი დიარეა, როგორც წესი, ასახავს მსხვილი ნაწლავის დაავადებას, არ არის ტოქსინით განპირობებული და, ძირითადად, ხასიათდება მცირე მოცულობის განავლით.

შეიძლება სახეზე იყოს ექსტრაინტესტინური სიმპტომების ფართო სპექტრი, მათ შორის კანის (მაგ., ვარდისფერი წერტილოვანი მაკულები Salmonella typhi -ის შემთხვევაში ან ნოდოზური ერითემა Yersinia ინფექციის დროს), საყრდენ-მამოძრავებელი (მაგ., რეაქტიული ართრიტი, რომელიც გვხვდება Salmonella, Shigella, Campylobacter, და Yersinia ინფექციებით გამოწვეული 3-დან 1 შემთხვევაში), და ნევროლოგიური გამოვლინებები (მაგ., დიპლოპია, შემცირებული კუნთების ტონუსი, და დარღვეული მეტყველება დაფიქსირებულია ბოტულიზმის დროს).

ტრემატოდოზის მქონე პაციენტები შეიძლება წარმოდგენილი იყვნენ ბილიარული კოლიკით, ქოლესთაზით, ქოლელითიაზით, ღვიძლის აბსცესით, ან ჰეპატიტით.[5] ტრემატოდიაზის ექტოპური ინფექცია შესაძლოა აზიანებდეს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, გულს, რეპროდუქციულ ორგანოებს, ელენთას, კანს ან სისხლძარღვებს.

თუ განავლის ნიმუში არ არის წარმოდგენილი, შეიძლება შესრულდეს დიგიტალური რექტული გამოკვლევა ფარული სისხლის შესამოწმებლად და ნაცხის ასაღებად კულტურისთვის.

ლაბორატორული ტესტები

ზოგადად, თვითშეზღუდული, მსუბუქი და გაურთულებელი დაავადების მქონე პაციენტებში ლაბორატორიული შეფასება არ არის საჭირო.

ლაბორატორიული გამოკვლევა ნაჩვენებია მძიმე დაავადების დროს (მაგ. სისხლი განავალში, ცხელება, დიარეა, რომელიც იწვევს დეჰიდრატაციას); მძიმე დაავადების მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის; არაინფექციურ მიზეზებზე (ტოქსინები ან ქიმიკატები) ეჭვის დროს; ან როდესაც საჭიროა პათოგენის იდენტიფიკაცია მართვის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმართვის მიზნით.[1][40]

საწყისი ანალიზები:

  • შრატში კრეატინინი და ელექტროლიტები: ელექტროლიტური დარღვევების და თირკმლის დისფუნქციის გამოსარიცხად ყველა იმ პაციენტთან, ვისაც ნათლად გამოხატული აქვს საშუალო ან მძიმე დეჰიდრატაცია, და მათთან, ვისაც აღენიშნება უწყვეტი ღებინება ან დიარეა ან სიმპტომები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში არ უმჯობესდება. ურემიის არსებობის დროს ეჭვი ჩნდება ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომზე.

  • სისხლის საერთო ანალიზი ლეიკოციტური ფორმულით: პაციენტებთან, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლი განავალში, ცხელება, საეჭვო ინვაზიური პათოგენები (მაგ., შიგა ტოქსინის გამომმუშავებელი ნაწლავური ჩხირი [მაგ., O157:H7]) და გასტროინტესტინალური სისტემის გარე გამოვლინებები. იძლევა ანთებითი რეაქციის და ჰემოკონცენტრაციის ხარისხის შეფასების შესაძლებლობას და შეუძლია გამოავლინოს ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის (ჰუს) ნიშნები, როდესაც შიგა ტოქსინის გამომმუშავებელ ნაწლავურ ჩხირზეა ეჭვი.

  • განავალის მიკროსკოპია:

    • განავლის მიკროსკოპული ანალიზი სისხლის თეთრ უჯრედებსა და სისხლის წითელ უჯრედებზე პაციენტებში, რომლებსაც უვლინდებათ სისხლიანი განავალი, ცხელება ან არსებობს ეჭვი ინვაზიურ პათოგენებზე (მაგ. შიგა ტოქსინის წარმომქმნელ E coli-ზე [მაგ. O157:H7]) ან სავარაუდოა სხვა დიაგნოზი (მაგ. ნაწლავის ანთებითი დაავადება, იშემიური ან ინფექციური კოლიტი) და სიმპტომები ვლინდება 3 ან მეტი დღის განმავლობაში.

    • მოიცავს განავლის კვლევებს კვერცხებზე და პარაზიტებზე (მათ შორის ტრემატოდების კვერცხებზე) და უნდა შესრულდეს განავლის ყველა ნიმუშზე.

    • ეჭვის შემთხვევაში ქოლერის ვიბრიონის გამოსავლენად შეიძლება გამოყენებულ იქნას ოპტიკური მიკროსკოპი.

  • განავლის კულტურა:

    • გაიდლაინების მიხედვით რეკომენდებულია განავლის ტესტირება შემდეგ პათოგენებზე Salmonella, Shigella, Campylobacter, Yersinia, Clostridioides difficile, Shiga ტოქსინის გამომმუშავებელ E coli და Entamoeba-ზე დიარეის მქონე ადამიანებში, რომელსაც თან ახლავს ცხელება, სისხლიანი ან ლორწოვანი განავალი, მუცლის სპაზმური ტკივილი ან მომატებულიმგრძნობელობა ან სეფსის ნიშნები.[40]

    • დამატებით ორგანიზმებზე ტესტირება შეიძლება განხილულ იქნას კლინიკური სცენარის გათვალისწინებით.[3]​ Yersinia enterocolitica-ზე (იერსენიოზის გამომწვევ ნაწლავურ ჩხირზე) ტესტირება უნდა ჩატარდეს პერსისტენტული მუცლის ტკივილის და ერსინიოზის ეპიდემიოლოგიური რისკის, ცხელების მქონე ადამიანებთან.[40]​ პირებთან, ვისთანაც დიარეის დაწყებამდე 3 დღით ადრე დიდი მოცულობის წყლიანი თეთრი ფერის განავალია, ან ექსპოზიციაა მარილიან ან მლაშე წყლებთან, არის ნედლი ან ცუდად მოხარშული მოლუსკების მოხმარება, ან მოგზაურობა ქოლერის ენდემურ რეგიონებში, განავლის ნიმუშები შეამოწმეთ ვიბრიონის სახებოებზე.[40]

    • განავლის სეროლოგიური ტესტი და ტოქსინების ტესტი შეიძლება დაგვეხმაროს შიგა ტოქსინის გამომმუშავებელი ბაქტერიის დიაგნოსტირებაში, და იმის გაგებაში, თუ რომელი ტოქსინი წარმოიქმნება. იერსინიოზზე ტესტირება, როგორც წესი, მოიცავს სეროლოგიურ ტესტირებას და მის განმეორებას 2 კვირის შემდეგ, თუმცა ამასთან ერთად რეკომენდებულია ადგილობრივ ინფექციონისტთან კონსულტირება.

სხვა გასათვალისწინებელი ტესტები:

  • პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: ზოგიერთი ცენტრი გადადის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციების სეკვენსირებაზე, რათა გამოავლინონ რიგი ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული ინფექციები (მაგ. Campylobacter, Salmonella, Shiga ტოქსინის გამომმუშავებელი E coli O157, Giardia, Cryptosporidium).[3][44][45]​​​ გამოიყენება ისეთი ვირუსების გამოვლენაში, როგორიცაა ნოროვირუსი და პათოგენური და არაპათოგენური ენტამებების სახეობების დიფერენცირებისთვის.[3][46]

  • Clostridioides difficile (ადრე ცნობილი როგორც Clostridium difficile) ტოქსინის ტესტი: C difficile-ით გამოწვეული დიარეის გამოსარიცხად.

  • სისხლის კულტურა: თუ პაციენტს სიცხე აქვს (ტემპერატურა >38.4°C [>101°F]) და არსებობს სეფსისის ნიშნები (მაგ., ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, კაპილარების ცუდი ავსება, ტაქიპნოე, მწვავე გონებრივი დაბნეულობა, შარდის გამოყოფის დაქვეითება), უნდა ჩატარდეს სისხლის კულტურა ბაქტერიემიის გამოსარიცხად. ასევე რეკომენდირებულია იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებისთვის, სისტემური ინფექციის ნიშნების მქონე ადამიანებისთვის და ნაწლავურ ცხელებაზე ეჭვის დროს.[40]​ სეფსისის ნიშნების მძიმე დეჰიდრატაციის ნიშნებისგან დიფერენცირება შეიძლება რთული იყოს. იხ. სეფსისი მოზრდილებში.

  • ღვიძლის ფუნქციური ტესტები გვეხმარება გავარჩიოთ საკვებისმიერი მოწამვლა მწვავე ქოლეცისტიტის ან მწვავე ჰეპატიტისგან.

  • A და E ჰეპატიტის სეროლოგია, ღვიძლის ფერმენტების დადასტურებული დარღვევების დროს.

  • შრატის ლიპაზა ან ამილაზა: უნდა დაინიშნოს მუცლის ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, რათა გამოირიცხოს მწვავე პანკრეატიტი. შრატის ლიპაზას ტესტირება შრატის ამილაზასთან შედარებით უპირატესად გამოიყენება, თუმცა დამოკიდებულია ადგილობრივ ხელმისაწვდომობაზე.[47][48]

  • განავლის ანტიგენის ტესტები: აუმჯობესებს დიაგნოსტირების გამოსავალს ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა Giardia და Cryptosporidium.

  • ტესტი ძაფით (ენტერო-ტესტი): განიხილება, თუ განავლის მიკროსკოპია ლამბლიის დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას არ იძლევა და ანტიგენ ტესტი უარყოფითია ან ხელმისაწვდომი არ არის. პაციენტის ლოყაზე მიმაგრებულია ძაფის თავისუფალი ბოლო და მეორე ბოლოზე მიმაგრებულია კაფსულა, რომელიც გადაიყლაპება. ველოდებით, რომ კაფსულა გაიწოვოს და ძაფი გადავიდეს 12-გოჯა ნაწლავში, სადაც ამოღებამდე 4-დან 6 საათამდე პერიოდით ვაჩერებთ. შემდეგ ძაფი შეიძლება შემოწმდეს ტროფოზოიტებზე. ზოგიერთ ცენტრში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ლამბლიის დიაგნოსტიკისთვის.

დიფერენციული დიაგნოზის განხილვა

საწყისი სიმპტომები - დიარეა, ღებინება და მუცლის ტკივილი - შესაძლოა გვხვდებოდეს მრავალი დიფერენციული დიაგნოზისას. თუ პაციენტს განუვითარდა სიმპტომები, რომლებიც განსხვავდება საკვებისმიერი დაავადებისგან დამახასიათებელი სიმპტომებისგან, ან არ არის ან მკურნალობაზე არაადეკვატური პასუხია, განხილულ უნდა იქნას დიფერენციალური დიაგნოზი.

მონაცემები, რომლებიც საჭიროებს დამატებით გამოკვლევას:

  • პაციენტს აღენიშნება სიყვითლე, და/ან მკვეთრი მუცლის ტკივილი - ღვიძლის ფუნქციური სინჯები უნდა ჩატარდეს ჰეპატიტსა და ქოლედოქოლითიაზზე.

  • საეჭვოა პანკრეატიტი და პაციენტს აქვს მკვეთრი მუცლის ტკივილი; განსაკუთრებით ეპიგასტრიუმის მიდამოში ტკივილი გულისრევით და ღებინებით და ღვიძლის პათოლოგიური ფუნქციური სინჯებით - უნდა გაკეთდეს ანალიზები ამილაზაზე ან ლიპაზაზე. შრატის ლიპაზას ტესტი უპირატესია შრატის ამილაზას ტესტთან შედარებით.[47][48]

  • გასათვალისწინებელია დიარეით მიმდინარე მუცლის ტკივილის/შებერილობის სხვა მიზეზები, როგორიცაა ნაწლავის ანთებითი დაავადება (საჭიროა სისხლის საერთო ანალიზი, C-რეაქტიული ცილა, მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია, სიგმოიდოსკოპია/კოლონოსკოპია ბიოფსიით და წვრილი ნაწლავის რადიოგრაფია), იშემიური კოლიტი (საჭიროებს სიგმოიდოსკოპიას/ კოლონოსკოპიას ბიოფსიით და შრეობრივი რადიოგრაფია), ცელიაკია (გამორიცხეთ ენდომიზიური ანტისხეულებით/ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზით და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიით როგორც D1-ის, ისე D2-ის ბიოფსიით) და C difficile-სთან ასოცირებული დიარეა (გამორიცხეთ განავლის ტოქსინების ტესტით).

  • ისეთი ანამნეზის ან საქმიანობისას (მაგ., სოციალური ან სამედიცინო სამსახური), რომელიც ექსპოზიციაზე ეჭვს ბადებს ან თუ ღვიძლის ფუნქციური სინჯები ნორმიდან გადახრილია, ნაჩვენებია ანალიზები A ჰეპატიტზე.

  • თუ ბოტულიზმის ნიშნებია (კრანიალური ნერვის დამბლა, ოკულობულბარული სისუსტე და დაღმავალი, სიმეტრიული დუნე დამბლა სიცხის გარეშე), შრატის, განავლის, კუჭის სეკრეტის ან საკვების ნიმუშები უნდა გაიგზავნოს ტოქსინის გამოსავლენად.[49]​ ბოტულინის ანტიტოქსინი ისე გამოიყენეთ, რომ არ დაელოდოთ ტესტის შედეგებს, თუ პაციენტი სიმპტომურია და ბოტულიზმზე ეჭვია.[49]

ვიზუალიზაცია /ენდოსკოპია /პათოლოგია

მსუბუქი, გაურთულებელი დაავადების დროს ვიზუალიზაციის და ენდოსკოპიური კვლევები არ არის აუცილებელი და იმ პაციენტებში რომელთანაც დაავადება ალაგმვისკენაა მიმართული, ან უმჯობესდება.

ძლიერი ტკივილის ან ობსტრუქციული სიმპტომების, ან საეჭვო პერფორაციის მქონე პაციენტებში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს აბდომინალური სერიული რენტგენოგრაფია.

სიგმოიდოსკოპია განიხილება პაციენტთა შემდეგ ჯგუფებში: სისხლიანი დიარეის მქონე პაციენტებში, ვისთანაც ენტერული პათოგენი იდენტიფიცირებული არ არის; სისხლიანი დიარეის შემთხვევაში, რომელიც გრძელდება ან მძიმდება; იმ პაციენტებში, რომელთა კლინიკური სურათი ან ტესტების პასუხები არ შეესაბამება საკვებისმიერი დაავადების დიაგნოზს. სიგმოიდოსკოპია შეიძლება გამოყენებული იყოს ნაწლავის ანთებითი დაავადების, ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეის, შიგელოზისა და ამებური დიზენტერიის დიაგნოსტიკაში. ქსოვილოვანი ბიოფსიის ჩატარება სავალდებულოა, თუმცა ხშირად მხოლოდ მწვავე ანთებითი რეაქციის გამოვლენის გამო, ის იშვიათად არის გამოსადეგი. ბიოფსიამ შეიძლება განასხვავოს ნაწლავის ანთებითი დაავადება მწვავე ინფექციური ენტერიტისაგან ან კოლიტისაგან ჯირკვლების სტრუქტურული ისეთი ცვლილების გამოვლენით, როგორიცაა ჯირკვლის განშტოება ან გაიშვიათება. თუმცა, ამ ნიშნების გავითარებას კვირები სჭირდება და ისინი არ ვლინდება ინფექციური კოლიტის დროს. ბიოფსიით მიღებული ქსოვილის ელექტრონული მიკროსკოპია გამოიყენება უჯრედშიდა პარაზიტებზე (Cryptosporidium ან Cyclospora cayetanensis) ეჭვის შემთხვევაში. კოლონოსკოპია უნდა გამოვიყენოთ მათთვის, ვისთვისაც სიგმოიდოსკოპია არ იძლევა დიაგნოზს, ან პაციენტებისთვის რომლებსაც პერსისტირებადი სიმპტომები აქვთ ან საწყის მკურნალობაზე დადებითი დინამიკა არ აქვთ.

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია თორმეტგოჯა ნაწლავის ასპირაციით, ბიოფსიით ან ბიოფსიის გარეშე, განიხილება იმუნოკომპრომისულ პაციენტებში, ქიმიოთერაპიის ქვეშ მყოფ პაციენტებში, და 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე მუდმივ, მძიმე სიმპტომების მქონე, ან საწყის მკურნალობაზე რეაქციის არმქონე პაციენტებში. თორმეტგოჯა ნაწლავის ასპირაცია ინვაზიურია, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნას Giardia, Strongyloides, Cystoisospora ან microsporidia ინფექციის დიაგნოსტირებისთვის, როდესაც სხვა ტესტებმა ვერ გამოავლინა დიაგნოზი.[40]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას