შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

25 წლის მკვლევარი ქალი დაბრუნდა დიდ ბრიტანეთში სიერა ლეონედან, სადაც იგი ატარებდა მოკვლევას ებოლას ვირუსს გადარჩენილ ადამიანებზე. სიერა ლეონეში გატარებული დროის განმავლობაში, იგი რჩებოდა ადგილობრივი ოჯახების სახლებში ღამის გასათევად. დიდ ბრიტანეთში დაბრუნებისას, აღენიშნა ცხელება და შეუძლოდ ყოფნა, ასევე მშრალი ხველა და ყელის ტკივილი. იგი გადაიყვანეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში, დიდ სასწავლო ჰოსპიტალში, ჩამოსვლიდან 14 დღის შემდეგ. ჰოსპიტალში პაციენტი შეაფასა ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა. პაციენტის ანამნეზისა და გეოგრაფიული გადაადგილების გამო, ეჭვი გაჩნდა სამ დაავადებაზე: ვირუსულ ჰემოტაგიულ ცხელება, falciparum malaria და ტიფოიდური ცხელება. პაციენტი გადაიყვანეს იზოლირებულ პალატაში. კონტაქტში მყოფი სამედიცინო პერსონალი იყენებდა პირადი დამცავი საშუალებების სრულ კომპლექტს. პაციენტს არ აღენიშნა დამატებითი სიმპტომები, იღებდა მალარიის პროფილაქტიკურ თერაპიას. გამოკვლევისას, პაციენტს აღენიშნება ცხელება - 38.5°C, არტერიული წნევა - 100/60 მმ.ვწყ.სვ და გულისცემა -100 დარტყმა/წთ. აღინიშნებოდა დიფუზური მტკივნეულობა მუცლის არეში, ხახის ანთება და ტონზილების შეშუპება. პაციენტი უჩივის სიყრუეს მარჯვენა ყურში. ინფექციური დაავადებების გუნდმა შეაგროვა სისხლის ნიმუშები და გაგზავნა ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის შესაბამის რეფერალურ ლაბორატორიაში დიდ ბრიტანეთში. თავდაპირველად, ნიმუშები შემოწმდა მალარიის პარაზიტებზე (სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტით), ტიფოიდურ ცხელებაზე (სისხლისა და განავლის კულტურა) და ლასას ვირუსისა და ებოლას ვირუსის რნმ-ზე (უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის [RT-PCR] ტესტი). ასევე განისაზღვრა სისხლის საერთო ანალიზი (FBC), შარდოვანა/ელექტროლიტები, ლაქტატი, არტერიული სისხლის აირები, შედედება და ღვიძლის ფუნქციური ტესტები (LFTs). სისხლის ნაცხი მალარიაზე იყო უარყოფითი; სისხლისა და განავლის კულტურები იყო უარყოფითი Salmonella enterica-ის მიმართ. ლასას ცხელებაზე, უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია აღმოჩნდა დადებითი, შესაბამისად, პაციენტს დაენიშნა ინტრავენური რიბავირინი, სითხეები და ტკივილგამაყუჩებლები. 2 კვირის შემდეგ პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკიდან. 2 წლის შემდეგ შემდგომი მეთვალყურეობის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტისას პაციენტს კვლავ აღენიშნება სმენის მსუბუქი დაქვეითება.

შემთხვევის ანამნეზი #2

40 წლის მამაკაცი გამოცხადდა კლინიკაში ნიგერიის სოფელში. აღინიშნებოდა ყელის ტკივილი, სისუსტე, თავის ტკივილი და ცხელება. გამოკვლევისას, პაციენტს გამოუვლინდა უკანა ხახის შეშუპება და სიწითლე, კონიუნქტივიტი, მუცლის მტკივნეულობა და მცირე სისხლის გამოჟონვა ღრძილებიდან. გამონაყარი არ დაფიქსირდა. ანამნეზით დადგინდა, რომ პაციენტი ცხოვრობს იმ რეგიონში, სადაც ვირთხები ხშირად შეინიშნება.

სხვა გამოვლინებები

ლასას ცხელება შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სახით, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მისი კლინიკური მიმდინარეობა ან უსიმპტომოა ან წარმოადგენს მსუბუქ ცხელებით სიმპტომებს. მძიმე დაავადება ვითარდება პაციენტების დაახლოებით 20%-ში.[2] დაავადების გამოვლენა იმუნოკომპრომისულ ინდივიდებში, მათ შორის ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსით (HIV) დაინფიცირებულებში, არ არის კარგად აღწერილი. დაავადება არ არის საკმარისად შესწავლილი ბავშვების პოპულაციაში, მაგრამ აღწერილია შემთხვევათა ფატალურობის მაჩვენებელი- 27%, ლიბერიის ერთ ჰოსპიტალში.[3] "შეშუპებული ბავშვის სინდრომი" (მოიცავს შეშუპებას, მუცლის შებერილობასა და სისხლდენას) აღწერილია ლასას ცხელების შემთხვევებში ბავშვებში, შემთხვევათა ამ სერიაში.[3] 10-დან 19 წლამდე ბავშვების შემთხვევაში, სიკვდილობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა მოზრდილთა მაჩვენებლისაგან.[4] უფრო მძიმე დაავადება აღწერილია ორსულ ქალებში, დედის სიკვდილის მაღალი რისკით, როდესაც ინფექცია ვითარდება მესამე ტრიმესტრში, პირველ ტრიმესტრთან შედარებით.[5]

სიმპტომები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ლასას ცხელების იდენტიფიცირება, შემდეგია: ცალმხრივი ან ორმხრივი სენსორინერვული სიყრუე, აღწერილია შემთხვევათა 30%-ში მწვავე ან გამოჯანმრთელების პერიოდში და ზოგიერთ შემთხვევაში პერმანენტულია.[6] სიყრუე ასევე შეინიშნება პაციენტებში, რომელთაც დიაგნოზი მანამდე არ ჰქონიათ, მაგრამ სეროლოგიურად მტკიცდება გადატანილი ინფექცია.[6] დღემდე მოხსენებული ლასას ცხელების შემთხვევათა ყველაზე ფართომასშტაბიან სერიაში, ლასას ცხელების საუკეთესო პროგნოზული ფაქტორი მოიცავს ცხელების, ფარინგიტის, მკერდის ძვლის უკანა ტკივილისა და პროტეინურიის კომბინაციას.[4] ცხელება გვხვდება ლასას ცხელებით დაავადებულ თითქმის ყველა პაციენტში. თუმცა, ცხელება შესაძლოა არ იყოს უწყვეტი; შესაბამისად, კლინიკაში წარდგენისას ცხელების არქონა არ გამორიცხავს ლასას ცხელების დიაგნოზს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას