ახალი ტიპის მკურნალობა

ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევით მართვადი დრენირება

ენდოსკოპიური ულტრაბგერით მართვადი დრენაჟი მოწოდებულია IAA-ების შიდა დრენაჟისთვის, როგორიცაა პანკრეასის აბსცესები. სხვა პოტენციურად მისაწვდომი უბნებია -მენჯი , პერირექტალური სივრცე , სუბდიაფრაგმული და პერიჰეპატური სივრცეები. თუმცა პერკუტანულ დრენირებასთან შედარებით ტექნიკურად რთულია და რისკები მოიცავს მძიმე სისხლდენას და პერფორაციას. ენდოსკოპიური ულტრაბგერით მართვადი დრენაჟი საჭიროებს სპეციალურ გამოცდილებას; ინტრააბდომინალური აბსცესის დრენირებისას მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები ჯერ მხოლოდ წინასაწი მონაცემებია. თუმცა, ენდოსკოპიური ულტრაბგერით მართვადი დრენაჟი შეიძლება სასარგებლო იყოს კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ პროცედურებს მწოლიარე მდგომარეობაში ან ინტრააბდომინალური აბსცესისთვის, რომელიც არ ექვემდებარება სხვა ტრადიციულ მკურნალობას. გამოცდილება შემოიფარგლება მხოლოდ შემთხვევათა ანგარიშებით; თუმცა, ინტერესი კვლავ არსებობს.[24][55]

ერავაციკლინი

ერავაციკლინი, ინტრავენური ფთორციკლინური ანტიბიოტიკი (კლასი- ტეტრაციკლინები), დამტკიცებულია აშშ სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ზრდასრულებში გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციების სამკურნალოდ, თუ ინფექცია მოიცავს ჩამოთვლილ მიკროორგანიზმებს: Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Citrobacter freundii, Enterobacter cloacae, Klebsiella oxytoca, Enterococcus faecalis, Enterococcus faecium, Staphylococcus aureus, Streptococcus anginosus group, Clostridium perfringens, Bacteroides species და Parabacteroides distasonis. ერავაციკლინი ავლენს აქტივობას პათოგენების წინააღმდეგ, რომელთაც აქვთ ტეტრაციკლინისთვის სპეციფიკური რეზისტენტობის მექანიზმები. სხვა ტეტრაციკლინური ანტიბიოტიკების მსგავსად, შეიძლება გამოიწვიოს სარძევე კბილების ფერის ცვლილება.

მეროპენემ / ვაბორბაქტამი

მეროპენემი/ვაბორბაქტამი ფიქსირებული კომბინაციაა, რომელიც შეიცავს ინტრავენურ მეროპენემს (კარბაპენემის კლასიდან) და ვაბორბაქტამს (ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორი). ევროპის მედიკამენტების სააგენტომ პრეპარატი დაამტკიცა გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციების სამკურნალოდ. ბოლო დროს იმატებს კარბაპენემების მიმართ რეზისტენტული პათოგენების სიხშირე, რისთვისაც აღნიშნული კომბინაციია დამტკიცება მნიშვნელოვანია. მეროპენემი/ვაბორბაქტამი ხელმისაწვდომია აშშ-შიც, მაგრამ ამჟამად დამტკიცებულია მხოლოდ გართულებული საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ.

იმიპენემი/ცილასტასტინი/რელებაქტამი

იმიპენემი/ცილასტასტინი/რელებაქტამი არის ფიქსირებული კომბინაცია, რომელიც შეიცავს ინტრავენურ იმიპენემს (კარბაპენემის კლასიდან), ცილასტატინს (თირკმლის დიჰიდროპეპტიდაზას ინჰიბიტორი, ამცირებს იმიპენემის ნეფროტოქსიკურობას, ხოლო ანტიმიკრობული აქტივობა არ აქვს) და რელებაქტამს (ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორი). აშშ სურსათისა და წამლის სააგენტომ მედიკამენტი დაამტკიცა ზრდასრულებში გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციების სამკურნალოდ, როცა ალტერნატივა შეზღუდულია ან არ არსებობს. ევროპაში ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას