მიდგომა

დეტალური ანამნეზი და გასინჯვა აუცილებელია ღებინების და/ან დიარეის მიზეზების შესაფასებლად და დეჰიდრატაციის დონის განსაზღვრის მიზნით.[40] თუმცა, ვირუსული და ბაქტერიული გასტროენტერიტის კლინიკური დიფერენცირება შეიძლება რთული იყოს.

ანამნეზი.

ავადმყოფობის ხანგრძლივობა; ეპიზოდების რაოდენობა, ღებინების მოცულობა (ნაღველის არსებობა), დიარეა (სისხლიანი ან ლორწოვანი); მიღებული და გამოყოფილი სისხლის მოცულობების დადგენა. განავალი ჩვეულებრივ თხიერი ან წყლიანია; ლორწო და სისხლი იშვიათია.[9] ნაწლავის გარე გამოვლინებები შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილს, მიალგიას ან რესპირატორულ სიმპტომებს.[9]

აღსანიშნავია ბავშვის წონა დაავადების დაწყებამდე; დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მუცლის ტკივილი, ტენეზმები; აქტივობის ზოგადი დონე; დაბინძურებული საკვების ან სითხის მიღება; გასტროენტერიტის მქონე პირებთან ექსპოზიცია; გასტროენტერიტის ეპიდაფეთქება საზოგადოებრივ პირობებში; ავადმყოფობა ოჯახის წევრებს შორის; ბაღში ყოფნა; გადატანილი ანამნეზი; დიარეის ენდემურ ქვეყანაში ახლახანს მოგზაურობა; ახლო წარსულში გადატანილი ინფექცია; ანტიბიოტიკების გამოყენება; ძუძუთი კვების ხანგრძლივობა; იმუნიზაციის სტატუსი.[9][41][42][43]

ფიზიკური გამოკვლევა

უნდა შეფასდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და დეჰიდრატაციის სიმძიმე. ეს დამოკიდებულია ფსიქიკურ სტატუსზე; პულსის სიჩქარეზე; კაპილარულ ავსებაზე; კანის ტურგორზე; ლორწოვანი გარსების, თვალებისა და ყიფლიბადის მდგომარეობაზე.[40]

  • მსუბუქი დეჰიდრატაციის ნიშნებია: ყურადღების უნარი ნორმაშია; მცირედ დაქვეითებულია გამოყოფილი შარდის მოცულობა; მცირედ მომატებულია წყურვილი; მცირედ გამომშრალია ლორწოვანი გარსები; მცირედ მომატებულია გულისცემის სიხშირე; კაპილარული ავსება ნორმაშია; კანის ტურგორი ნორმაშია; თვალები და წინა ყიფლიბადის მდგომარეობა ნორმაშია.

  • საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის ნიშნებია: ყურადღების უნარი ნორმაშია, მაგრამ დაღლილი ან გაღიზიანებულია; დაქვეითებულია გამოყოფილი შარდის მოცულობა; საშუალოდ მომატებულია წყურვილი; გამომშრალია ლორწოვანი გარსები; მომატებულია გულისცემის სიხშირე; კაპილარული ავსება გახანგრძლივებულია; კანის ტურგორი დაქვეითებულია; თვალები ჩაცვენილია და წინა ყიფლიბადი დაწეულია.

  • მძიმე დეჰიდრატაციის ნიშნებია: აპათიური ან ლეთარგიული მდგომარეობა; მნიშვნელოვნად დაქვეითებულია გამოყოფილი შარდის მოცულობა ან არ გამოიყოფა შარდი; ძლიერად მომატებულია წყურვილი; ძალიან გამომშრალია ლორწოვანი გარსები; გამოხატულად მომატებულია გულისცემის სიხშირე; კაპილარული ავსება გახანგრძლივებულია ან მინიმალურია; კანის ტურგორი დაქვეითებულია; თვალები ძალიან ჩაცვენილია და წინა ყიფლიბადი ძალიან დაწეულია; კიდურები ცივია; ჰიპოტენზია; და კომა.

მიუხედავად იმისა, რომ წონის კლება დეჰიდრატაციის სასარგებლო ინდიკატორია, ის ყოველთვის უნდა დადასტურდეს კლინიკური ნიშნების ცვლილებებით, რადგან წონის შეფასება შეიძლება შეცდომების მიზეზი იყოს (მაგალითად, სხვადასხვა შკალის გამოყენება ან არასტანდარტული აწონვის ტექნიკის გამოყენება). ასევე, წონა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს იმისდა მიხედვით, ნაჭამია თუ არა ბავშვი, როდის ჰქონდა მოშარდვა ან დეფეკაცია.[43]

ვირუსული გასტროენტერიტის დროს ცხელება, როგორც წესი, დაბალია. მუცელი რბილია და არ არის გადაბერილი. ნაწლავური ხმიანობა აქტიურია. თუ მდგომარეობა განსხვავდება აღწერილისგან, საჭიროა ღებინების და/ან დიარეის ალტერნატიული მიზეზების გათვალისწინება.

კვლევები

ვირუსული გასტროენტერიტი, როგორც წესი, კლინიკური დიაგნოზია და არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები.[9] შრატში ელექტროლიტების, შარდოვანას და კრეატინინის გაზომვა მხოლოდ მძიმე დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებში კეთდება, რომლებიც ინტრავენურად იღებენ მკურნალობას.[42][44]

განავლის დიაგნოსტიკური კვლევა ვირუსულ პათოგენებზე საჭირო არ არის, გარდა ეპიდემიოლოგიური მიზნით კვლევისა. სისხლიანი ფაღარათის მქონე ბავშვებში განავლის კულტურები გასათვალისწინებელია, რადგან ეს უფრო დამახასიათებელია ბაქტერიული გასტროენტერიტისთვის.[9]

სისხლის საერთო ანალიზი და შესაბამისი კულტურები გასათვალისწინებელია სხვა ინფექციის გამორიცხვის მიზნით.[9]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას