მონიტორინგი

განსაზღვრებიდან გამომდინარე, HAP-ის მქონე პაციენტებზე დაკვირვება ხდება საავადმყოფოში. გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ ანტიმიკრობული მკურნალობის დაწყებიდან 72 საათის განმავლობაში. ჩვეულებრივ, სანამ პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ყოველდღიურად ხდება სისხლის საერთო ანალიზის, გულმკერდის რენტგენოგრამის და ოქსიგენაციის შეფასება. თუ პაციენტი იმყოფება თერაპიულ პალატაში, ეს კვლევები ტარდება დიაგნოზის დასმიდან 3 დღეში დიაგნოზის დასადასტურებლად და ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენების აუცილებლობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. სხვა დაზიანებულ ორგანოთა სისტემების ფუნქციონირებაც უნდა გაუმჯობესდეს, რაც დასტურდება არტერიული წნევის მატებით და კარდიოპრესორული აგენტების ნაკლები საჭიროებით, შარდის გამოყოფის გაზრდით და უფრო ნათელი ცნობიერებით. მდგომარეობის გაუმჯობესება ანტიბიოტიკების დეესკალაციის შესაძლებლობას იძლევა.

პაციენტებში არც ისე იშვიათია პერსისტენტული ინფილტრაციის არსებობა გულმკერდის რენტგენოგრამაზე, რადგანაც მის გაწოვას სჭირდება კვირები, მაგრამ თუ პაციენტი ადეკვატურად პასუხობს მკურნალობას, ჟანგბადზე მოთხოვნილება უნდა შემცირდეს.

თუ მოსალოდნელი გაუმჯობესება არ ვლინდება, განხილული უნდა იყოს ანტიბიოტიკის სქემის ცვლილება, რათა გადაიფაროს რეზისტენტული ან უჩვეულო (მაგ., სოკოვანი) პათოგენები. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეფასდეს ფილტვის სხვა დაზიანების არსებობა. მაგალითად, გადაფასდეს გამონაჟონი ტრანსუდატის ნაცვლად ხომ არ არის ექსუდატი (მაგ., ემპიემა). ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩატარდეს კვლევა ინფექციის სხვა არაფილტვისმიერი მიზეზის დასადგენად. შეიძლება, ნაჩვენები იყოს რომელიმე კონკრეტული პროცედურა, რომელიც არ იყო მანამდე საჭირო, მაგალითად როგორიცაა კიდურის ულტრაბგერითი კვლევა, რომელშიც დგას ინტრავენური კათეტერი, რათა გამოირიცხოს სეპტიკური თრომბოფლებიტი. ბიოფსიისთვის შეიძლება საჭირო გახდეს ბროქოსკოპია ან თორაკოცენტეზი. ზოგადად, მკურნალობის არაეფექტურობა შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგით:[103]

  • გართულება

  • მცდარი დიაგნოზი

  • არასწორი პათოგენის მკურნალობა.

ისეთი სტრატეგია, როგორიცაა მართვითი სუნთქვის აპარატის რეჟიმის ცვლილება, წნევის მხარდაჭერითი თუ ოსცილაციური რეჟიმის გამოყენება, განხილული უნდა იყოს პულმონოლოგის მიერ.

თუ HAP მოვლენათა კასკადის ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც მივყავართ მულტიორგანულ უკმარისობასთან, ამას შეიძლება მოყვეს ავადობისა და სიკვდილობის მატება. იმ პაციენტებთან, რომლებიც გამოჯანმრთელდებიან და გაეწერებიან, საჭიროა საავადმყოფოში განმეორებითი ვიზიტის დაგეგმვა. კვლევები, მათ შორის ვიზუალიზაცია, საჭიროა მხოლოდ ჩვენების დროს, ისეთი კლინიკური ნიშნების არსებობისას, როგორიცაა ცხელება. პროკალციტონინის განსაზღვრა შეიძლება გამოყენებული იყოს ანტიმიკრობული პრეპარატებით მკურნალობის ხანგრძლივობის განსასაზღვრად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას