შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

55 წლის მამაკაცს, ანამნეზში პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებით, რომელსაც აღენიშნება მარცხენა ფეხის წყლული და ტკივილი მცირე დისტანციებზე სიარულის დროს, დაუდგინდა მუხლქვეშა არტერიის სტენოზი და ჰოსპიტალიზირებულია განმეორებითი ვასკულარიზაციისთვის. ჰოსპიტალიზაციიდან მეოთხე დღეს, ოპერაციიდან მე-3 დღეს, მას განუვითარდა ქოშინი, ჰიპოქსია და პროდუქტიული ხველა. გულმკერდის აუსკულტაციით გამოვლინდა სუნთქვითი ხმიანობის დაქვეითება მარჯვენა გულმკერდის ქვედა ნაწილში. დილით ლეიკოციტების რაოდენობა მცირედით მომატებული იყო წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგენდა 11,000 უჯრედი/მლ³-ს. საწოლში გადაღებულ წინა-უკანა პროექციის გულმკერდის რენტგენოგრამაზე გამოვლინდა მარჯვენა ქვედა წილის დაჩრდილვა.

შემთხვევის ანამნეზი #2

88 წლის ქალს, მოხუცთა თავშესაფრის მაცხოვრებელს, რომელიც ჩვეულებრივ არ მიმართავს საავადმყოფოს სამკურნალოდ, ხშირად აქვს საშარდე გზების ინფექცია (UTI), რასაც მკურნალობს თავშესაფარის ექიმი. თავშესაფარში მას განუვითარდა საშარდე გზების ინფექცია (UTI), რომელიც გამოიწვია მულტირეზისტენტურმა პათოგენებმა. საავადმყოფოში შესვლისას მისი მენტალური სტატუსი დარღვეული იყო და მისი საწოლის თავი წამოწეული იყო მხოლოდ 5-გრადუსიანი კუთხით. ჰოსპტალიზაციის მე-4 დღეს გულმკერდის რენტგენოგრაფიამ გამოავლინა მარჯვენა ქვედა წილის დაჩრდილვა.

სხვა გამოვლინებები

ჰოსპიტალური პნევმონია (HAP ) ჩვეულებრივ ვლინდება ცხელების (ან ჰიპოთერმიის), ლეიკოციტოზის (ან ლეიკოპენიის), ტრაქეის ჭარბი სეკრეციის და ცუდი ოქსიგენაციის კომბინაციით. დიაგნოზს ადასტურებს ფილტვის დაჩრდილვა გულმკერდის რეტნგენოგრაფიით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით. კვლევები გვიჩვენებს, რომ სწორი ანტიმიკრობული მკურნალობის ადრეული დაწყება აუმჯობესებს დაავადების გამოსავალს.[2] საჭიროა პაციენტების განმეორებით შეფასება HAP დიაგნოზის ვერიფიკაციისა და ანტიმიკრობული საშუალებების საჭიროების განსაზღვრისთვის. ზოგადად, მრავლობითი თანმხლები დაავადება აუარესებს მკურნალობის შედეგს HAP-ით დაავადებულ პაციენტებში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას