ეტიოლოგია
პირველადი სპონტანური პნევმოთორაქსი (PSP) წინდართული ტრავმის ან გამომწვევი მოვლენის გარეშე ყალიბდება და ფილტვის დაავადების აშკარა კლინიკური გამოვლინების არმქონე ადამიანთან ვითარდება. ყველაზე მაღალ რისკს მიეკუთვნება თამბაქოს მოხმარება, მარფანის სინდრომი, ჰომოცისტინურია, ან პნევმოთორაქსის ოჯახური ანამნეზი. PSP-ის მქონე პაციენტები უპირატესად მაღალი, გამხდარი და ახალგაზრდა მამაკაცები არიან.[12][13][14][15][16][17]
მეორადი სპონტანური პნევმოთორაქსი ვითარდება, როგორც ფილტვის ფონური დაავადების გართულება. აშშ-ში სიგარეტის მოწევით გამოწვეული ფქოდ ყველაზე ხშირი განმაპირობებელი ფაქტორია და ასეთი პნევმოთორაქსების 70%-ის შემთხვევაში გვხვდება. სხვა ხელშემწყობი ფაქტორებია ჟიროვეცის პნევმოცისტური რესპირატორული ინფექცია, მუკოვისციდოზი და ტუბერკულოზი. ფილტვის დისფუნქციის სიმძიმე პირდაპირ კორელაციაშია მეორადი სპონტანური პნევმოთორაქსის განვითარების ალბათობასთან.[18][19][20][21] კატამენიური პნევმოთორაქსი ვითარდება თორაკალური ენდომეტრიოზის შედეგად.
ტრავმული პნევმოთორაქსი ვითარდება როგორც გულმკერდის ისე მუცლის ღრუში შეღწევადი ან ბლაგვი დაზიანების შედეგად და შეიძლება თან ახლდეს ჰემოთორაქსი.
დაძაბულობის პნევმოთორაქსმა შეიძლება გაართულოს პირველადი და მეორადი სპონტანური პნევმოთორაქსი, ისევე როგორც ტრავმული პნევმოთორაქსი.
პათოფიზიოლოგია
პნევმოთორაქსი პლევრის ღრუში აირის არსებობას ნიშნავს. ნორმალურ რესპირატორულ ციკლში, ალვეოლური წნევა ინტრაპლევრალურ წნევაზე მაღალია, მაშინ როცა ინტრაპლევრალური წნევა ატმოსფერულ წნევაზე დაბალია. შესაბამისად, ალვეოლებსა და პლევრის ღრუს შორის ან ატმოსფეროსა და პლევრის ღრუს შორის გასავლის გაჩენის შემთხვევაში აირი მიჰყვება წნევის გრადიენტს და აირი ნაკადით პლევრის ღრუში ხვდება. ეს ნაკადი გაგრძელდება მანამ, სანამ წნევის გრადიენტი აღარ იარსებებს ან პათოლოგიური გასავალი დაიხურება. ვინაიდან გულმკერდის ღრუ მის მოსვენებულ მოცულობაზე მცირეა, და ფილტვი მის მოსვენებულ მოცულობაზე მეტია, პნევმოთორაქსის დროს გულმკერდის ღრუ ფართოვდება და ფილტვი მცირდება.[1]
დაჭიმული პნევმოთორაქსი გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა და ვლინდება როცა პლევრის შიდა წნევა ატმოსფერულ წნევას აჭარბებს, განსაკუთრებით ამოსუნთქვის დროს, და სფეროს სარქვლის მექანიზმის ამოქმედების შედეგია, რაც პლევრაში აირების აკუმულაციას განაპირობებს. ეს იწვევს ჟანგბადის არტერიული პარციალური წნევის დაქვეითებას და ალვეოლურ-არტერიული ჟანგბადის სხვაობის ზრდას, რაც იწვევს კლინიკურ დეკომპენსაციას. გაზრდილი ინტრათორაკალური წნევა, აფერხებს რა ვენური სისხლის გულში დაბრუნებას და ზღუდავს გულის წუთმოცულობას, სავარაუდოდ ასევე თამაშობს როლს, ვინაიდან დაჭიმული პნევმოთორაქსის დროს გულის ინდექსის დაქვეითება დაფიქსირდა.[1][22][23]
კატამენიური პნევმოთორაქსის პათფიზიოლოგია კარგად არ არის აღწერილი. არსებობს ოთხი შემოთავაზებული თეორია თუ რატომ ხდება ეს, მაგრამ არცერთი არ არის დადასტურებული. ყველაზე ფართოდ მიღებული თეორია ჰაერის დიაფრაგმული გადინებაა მუცლის ღრუდან და სასქესო ტრაქტიდან დიაფრაგმული ფენესტრაციებით პლევრის ღრუში.[24] სხვა თეორიები მოიცავს: 1) პროსტაგლანდინ F2-ის მაღალი კონცენტრაცია, რომელიც მენსტრუაციის დროს სისხლძარღვი/ბრონქიოლის კონსტრუქციის და ალვეოლის დაზიანებას იწვევს, 2) ენდომეტრიუმის უჯრედების მიგრაცია დიაფრაგმის მეშვეობით გულმკერდის კედელში და ვისცერალურ პლევრაში, და 3) სიხლძარღვებიდან ან ლიმფური სადინრებიდან ენდომეტრიუმის უჯრედების მეტასტაზური გავრცელება ან ფილტვის მიკროემბოლიზაცია (რამაც ასევე შეიძლება ჰემოპთიზი გამოიწვიოს).[25]
კლასიფიკაცია
კლინიკური კლასიფიკაცია[2]
სპონტანური პნევმოთორაქსი: წარმოიქმნება წინამორბედი ტრავმის ან მაპროვოცირებელი მოვლენის გარეშე. ამ ტიპის პნევმოთორაქსი ქვევით მოცემულ ქვეჯგუფებად იყოფა, თუმცა მაღალი გარჩევადობის კომპიუტერული ტომოგრაფიის ფართო გამოყენების და სისხლდენის უფრო ხშირი შემთხვევების დაფიქსირების პირობებში ეს განსხვავება ისეთი თვალსაჩინო არ არის როგორც ადრე ეგონათ:[3]
პირველადი პნევმოთორაქსი: ვითარდება კლინიკურად გამოხატული ფილტვის დაავადების გარეშე
მეორადი პნევმოთორაქსი: ვითარდება ფილტვის ფონური დაავადების გართულების სახით, მათ შორის თორაკალური ენდომეტრიოზის შედეგად განვითარებული კატამენიური პნევმოთორაქსი.
ტრავმული პნევმოთორაქსი: ვითარდება გულმკერდის შეღწევადი ან ბლაგვი ჭრილობის შედეგად. ეს შეიძლება მოხდეს უბედური შემთხვევის ან სხვა მიზეზის გამო. იატროგენული პნევმოთორაქსი არის უბედური შემთხვევით გამოწვეული ტრავმული პნევმოთორაქსის ფორმა, რომელიც ვითარდება სამედიცინო ჩარევებით გამოწვეული გართულებების შედეგად. ესენია:
დაზიანებული ფილტვის ტრანსკუტანური (კანგავლითი) ნემსით ასპირაცია, თორაკოცენტეზი, ბრონქოსკოპით ფილტვის ტრანსბრონქული ბიოფსია, ცენტრალური ვენური კათეტერის ჩადგმა და ბაროტრავმა, როგორც მექანიკური ვენტილაციის დადებითი წნევის ნარჩენი ცვლილებები.
დაძაბულობის პნევმოთორაქსი: ვითარდება მაშინ, როცა წნევა პლევრის ღრუში ამოსუნთქვის და ხშირად ჩასუნთქვის დროს აჭარბებს ატმოსფერულ წნევას. ეს გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა, რომელსაც სასწრაფო ჩარევა ესაჭიროება.
პნევმოთორაქსი ex vacuo: პნევმოთორაქსის იშვიათად აღწერილი ფორმაა და ორიდან ერთი მექანიზმით ვითარდება. 1) როდესაც ფილტვის სწრაფი კოლაფსი (მაგ. ლორწოვანით დახშობის გამო) ინტრაპლევრალური წნევის დაქვეითებას იწვევს. ის ყველაზე ხშირად გვხვდება მარჯვენა ზედა წილის ატელექტაზების შემთხვევაში. პლევრის ღრუში მომატებული უარყოფითი წნევა იწვევს აზოტის აიროვანი მოლეკულების ფილტვის კაპილარებიდან პლევრის ღრუში გადასვლას.[4] 2) როდესაც ანთებითი პლევრის გამონაჟონი იწვევს ვისცერული პლევრის გასქელებას და ხელს უშლის პნევმოთორაქსის შემდეგ ფილტვების ხელახალი გაფართოებას ხელს უშლის. ის ჩვეულებრივ პლევრის ავთვისებიანი გამონაჟონების დროს ვლინდება და შეიძლება პლევროდეზის ბარიერი იყოს.[5]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას