ეპიდემიოლოგია

2016 წელს დაფიქსირდა გაფანტული სკლეროზის 2 მილიონი შემთხვევა გლობალურად.[10] გაფანტული სკლეროზის პრევალენტობა ამერიკის ზრდასრულ მოსახლეობაში 2010 წელს იყო 309.2 ყოველ 100 000 ზე, ანუ 727 000 შემთხვევა.[11] ვარაუდობენ, რომ გაფანტული სკლეროზის ინციდენტობა და გამოვლენა(ე.ი. დიაგნოსტირება უფრო მაღალი მგრძნობელობისა და სპეციფიკურობის მქონე გამოკვლევებით) ხასიათდება მზარდი ტენდენციით გლობალურად და ასევე აშშ-ში.[10]

გაფანტული სკლეროზი ყველაზე ხშირად ვლინდება 20-დან 40 წლის ასაკობრივ პერიოდში. თუმცა დაავადება შესაძლოა განვითარდეს 2 წლის ასაკშიც, რაც ხშირად ერევათ ხოლმე მწვავე დისემინირებულ ენცეფალომიელიტში. აღნიშნული მდგომარეობა გვხვდება 60-70 წლის პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ასიმპტომურები იყვნენ. 2010 წელს გაფანტული სკლეროზის პრევალენტობა აშშ-ში 55-64 წლის პირებში იყო ყველაზე მაღალი.[11]

მნიშვნელოვნადაა სქესზე დამოკიდებული: დაავადების თანაფარდობა ქალებსა და კაცებში 3:1-ია, ამასთანავე აღნიშნული განსხვავება ხასიათდება მზარდი ტენდენციით.[11][12]

გაფანტული სკლეროზისთვის დამახასიათებელია გეოგრაფიული გრადიენტი, სადაც ინციდენტობა იმატებს პოლუსებთან მიმდებარე განედებზე.[11][13] ყველაზე ხშირად ავადდებიან ევროპული წარმომავლობის პირები; თუმცა აფრო-ამერიკელებში დაავადება უფრო აგრესიული მიმდინარეობით ხასიათდება, ვინაიდან მდგომარეობას თან ერთვის სოციოეკონომიკური და გენეტიკური ფაქტორების, ასევე დაგვიანებული დიაგნოსტიკის კომბინაცია.[14] ყველაზე მაღალი პრევალენტობა დაფიქსირებულია მაღალშემოსავლან ქვეყნებში ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ ევროპასა და ავსტრალიაში. პრევალენტობა ყველაზე დაბალია სუბსაჰარულ აფრიკაში, ცენტრალურ სუბსაჰარულ აფრიკაში, ოკეანეთში. თუმცა, მსოფლიოს ბევრი წერტილის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.[10]

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაახლოებით 80-85%-ს აღენისნება დაავადების მორეციდივე მიმდინარეობა. დანარჩენ 10-15%-ში დაავადება პროგრესირებადია დაწყებისთანავე (პირველადი პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი).[15]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას