მიდგომა

აშშ-ის გაიდლაინების მიხედვით, ყბაყურის დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ სურათს, ისტორიას და ლაბორატორიული ტესტების შედეგებს.[30] კლინიკური დიაგნოზი შეიძლება დაისვას, როდესაც პაციენტს აქვს პაროტიტის ტიპიური შემთხვევა; თუმცა, ყველა საეჭვო შემთხვევა უნდა დადასტურდეს სეროლოგიის, კულტურის ან პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR).[31]

ანამნეზი.

ყბაყურას ინფექცია იწყება პროდრომით, რომლის სიმპტომებია: სუბფებრილური ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, მიალგიები და ანორექსია.[2] პაროტიდის შეშუპება ვლინდება სიმპტომატური ყბაყურის მქონე ადამიანების 95%-ში და ჩვეულებრივ გრძელდება 5 დღე.[1][32]​​​ ვაქცინის შემდგომ ეპოქაში, ყბაყურის შემთხვევების უმეტესობა გვხვდება ახალგაზრდებში და კოლეჯის სტუდენტებში.

ყბაყურაზე ვაქცინაციის გარეშე ქვეყნებში ბავშვები ყველაზე ხშირად დაავადებული ასაკობრივი ჯგუფია.[3] მნიშვნელოვანია აცრების დეტალური ანამნეზის შეკრება. სრულად ვაქცინირებულ ადამიანები შესაძლოა დაავადდნენ,მაგრამ მათ აქვთ ბევრად ნაკლები რისკი როგორც ყბაყურის, ასევე მისი გართულებების.[1]

ყბაყურასთან დაკავშირებული გართულებებია: ორქიტი, ოოფორიტი, ასეპტიური მენინგიტი, ენცეფალიტი (დაახლოებით 0.1% ყბაყურით), მასტიტი და სიყრუე (ჩვეულებრივ ცალმხრივი).[1] გართულებები შეიძლება პაროტიტის გარეშეც ჩამოყალიბდეს, რაც დააყოვნებს დაავადების დიაგნოსტიკას.

კვლევები

ყბაყურის ყველა საეჭვო შემთხვევა უნდა დადასტურდეს ლაბორატორიული გამოკვლევებით.[31] ლაბორატორიული ტესტირება ასევე სასარგებლოა პაროტიტის გარეშე ატიპიურ გამოვლინებებში.

  • სისხლის საერთო ანალიზი

    • როგორც წესი, WBC რაოდენობა და დიფერენციალი ნორმალურია. თუმცა, ლეიკოციტოზი გამოვლინდა ყბაყურას მენინგიტის, ორქიტის ან პანკრეატიტის დროს.[2]

  • სეროლოგია

    • შრატის IgM ტესტირება არ უნდა ჩატარდეს კლინიკური სიმპტომების დაწყებიდან 3 დღეზე ადრე, IgM ტესტირებისთვის იდეალური დროა სიმპტომების დაწყებიდან 7-10 დღე.[33] დადებითი ყბაყურა IgM ტესტი მიუთითებს ბოლოდროინდელ ინფექციაზე.[34] შედეგი დადებითია დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში. თუმცა, ცრუ-უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოვლინდეს მწვავე ყბაყურის ინფექციის მქონე ადამიანებში, რომლებიც ადრე იყვნენ ვაქცინირებული.[35]​ უარყოფითი IgM ტიტრი ადრე ვაქცინირებულ ადამიანში არ გამორიცხავს მწვავე ინფექციას, რადგან IgM არ არის მეორადი იმუნური პასუხის ძირითადი შემადგენელი ნაწილი. თუ თავდაპირველი IgM უარყოფითია აცრილ პაციენტში, მეორე ნიმუში უნდა შეგროვდეს იმ შემთხვევისთვის, თუ განვითარდა დაყოვნებული IgM პასუხი.[34]

    • IgG სეროლოგია ყბაყურის დროს დიაგნოსტიკურია იმ შემთხვევაში, თუ მწვავე და კონვალესცენტური ფაზების ნიმუშებს შორის ტიტრი 4-ჯერ იზრდება. მწვავე ტიტრი უნდა განისაზღვროს თავდაპირველი სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 4 დღეში. გამოჯანმრთელების ნიმუში უნდა იქნას აღებული სიმპტომების დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ. დიაგნოსტიკური 4-ჯერადი ზრდა ფიქსირდება რაოდენობრივი ანალიზით ან სეროკონვერსიით უარყოფითიდან დადებით პასუხზე ფერმენტული ანალიზით.[34] ეს ზრდა შესაძლოა არ შეინიშნოს აცრილ ადამიანებში; ამიტომ უარყოფითი ტესტი არ გამორიცხავს ყბაყურას ინფექციას.[2]

  • ნერწყვის ტესტირება

    • დიდ ბრიტანეთში სტანდარტულია ყბაყურას IgM-ის ტესტირება ნერწყვის ნიმუშში. პასუხი და სიზუსტე ძალიან ჰგავს შრატის IgM-ის მახასიათებლებს.[36]

  • პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია

    • PCR-ის გამოყენება ყბაყურას სწრაფი და ზუსტი დადასტურების საშუალებას გვაძლევს. ტესტირება ტარდება პირდაპირ კლინიკურ ნიმუშზე, უპირატესად ნერწყვზე. უკუტრანსკრიპტაზას PCR კვლევა მცირე ზომის სპეციფიკური გენის ფრაგმენტის გამოყენებით ადასტურებს დიაგნოზს, ადგენს ვირუსის შტამს და გვეხმარება ეპიდემიოლოგიურ კვლევებში.[2]

    • შედარებით კვლევებში RT-PCR ცალსახად უფრო მგრძნობიარე მეთოდია, ვიდრე ვირუსის კულტივირება.[2] ერთ კვლევაში შეფასდა ცენტრალური ნერვული სისტემის ვირუსული დაავადების კლინიკური დიაგნოზის მქონე პაციენტები. ყბაყურას ვირუსი დადგინდა RT-PCR-ით პაციენტთა 96%-ის თავზურგტვინის სითხეში, ხოლო იმუნოჰისტოქიმიური მეთოდით პაციენტთა მხოლოდ 39%-ს დაუდასტურდა დიაგნოზი.[37]

  • ვირუსოლოგიური ანალიზი

    • ვირუსის სელექტიური იზოლირება შეზღუდული მეთოდია, რადგანაც ყბაყურას ვირუსი მრავლდება მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ვირუსი ხშირად გამოიყოფა თავზურგტვინის სითხიდან, ნერწყვიდან, შარდიდან ან სპერმიდან კლინიკური სიმპტომების გამოვლენიდან პირველი კვირის განმავლობაში; პირველი კვირის შემდეგ ვირუსის გამოყოფა რთულდება.[2]​ ვირუსის არსებობა გამოვლენილია ნიმუშის იმუნოფლუორესცენციული შეღებვით.

    • მიუხედავად იმისა, რომ ვირემია ხშირია, ყბაყურის ვირუსის გამოყოფა სისხლიდან იშვიათია და, როგორც წესი, შესაძლებელია მხოლოდ ავადმყოფობის პირველი 2 დღის განმავლობაში.[38]​​ ყბაყურის ვირუსის სისხლში იზოლირების შეუძლებლობა შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი ვირუსის მიმართ ანტისხეულების თანხვედრის გამო.[2]​​

  • ამილაზა შრატში

    • დონე შეიძლება იყოს მომატებული პაროტიტისა და ყბაყურა პანკრეატიტის დროს (რომლის სიმპტომებია მუცლის ტკივილი, შემცივნება, ცხელება და მუდმივი ღებინება), მაგრამ ტესტი არასპეციფიკურია.[2]

ნევროლოგიურ გართულებებზე ეჭვის შემთხვევაში (მაგ. ძლიერი თავის ტკივილი, ცნობიერების დაბინდვა, ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები) სხვა პათოლოგიების გამოსარიცხად გამოიყენება თავზურგტვინის სითხის ანალიზი და თავის CT.

  • თავზურგტვინის სითხე

    • თავზურგტვინის სითხის უჯრედული ანალიზი: ყბაყურას მენინგიტის და ენცეფალიტის დროს გამოხატულია ლიმფოციტოზი.[2] პლეოციტოზი შეიძლება აღინიშნოს კლინიკური ყბაყურის შემთხვევათა 50%-ში.[32]

    • თავზურგტვინის სითხე და გლუკოზა: როგორც წესი, ნორმაშია.[2] თავზურგტვინის სითხეში ცილის შემცველობა ძირითადად ნორმაშია. თუმცა, აღწერილია ცილის კონცენტრაციის მატება.[2]

  • გამოსახულებითი კვლევები

    • თავის CT შეიძლება გამოვიყენოთ თავდაპირველ კვლევად თუ ვლინდება ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები, მათ შორის მგრძნობელობის ან მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევა, მხედველობის ცვლილება ან კოგნიტური პათოლოგია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას