ეტიოლოგია

ინფექცია ვითარდება კოლონიზებული არედან პირდაპირი გავრცელებით ან ბაქტერიემიის შედეგად, შორეული საიტიდან. ეს ნორმაში გვხვდება მხოლოდ რისკფაქტორების მქონე პაციენტებში (მცირე ან ხანდაზმული ასაკი, ორსულობა, შაქრიანი დიაბეტი, იმუნოსუპრესია ან სისხლძარღვშიდა მოწყობილობის ან საშარდე კათეტერის ტარება).[13]

ადრეული ნეონატალური ინფექცია გამოწვეულია ამნიონური სითხის ინფიცირებით დაბადებამდე და მოიაცავს სეროტიპებს Ia, II, III, V.[14] ეს უფრო მეტად სავარაუდოა დღენაკლულებში, თუ დედის კოლონიზება მძიმეა, თუ მემბრანები ნაადრევად იხევა, ვლინდება ცხელება ორსულობის დროს ან სეროტიპის სპეციფიკური ანტისხეული დაბალია დედასა და ახალშობილში.[15][16] ახალშობილის მიერ ამნიონური სითხის ასპირაცია იწვევს რესპირატორულ ინფექციას. ამ ჯგუფის ყველაზე გავრცელებული ინფექციებია მენინგიტი, სეფსისი, საშარდე გზების ინფექცია (UTI) და პნევმონია.

მოგვიანებითი გამოვლენილი ინფექცია ასოცირებულია დაბადების შემდეგ კოლონიზაციასთან; შესაბამისად, სამეანო გართულება რისკფაქტორი არ არის. ამ ჯგუფში ყველაზე ხშირი ინფექციებია უცნობი ეტიოლოგიის სეფსისი და მენინგიტი. ამ ჯგუფის ყველაზე გავრცელებული ინფექციებია უცნობი ფოკუსის სეფსისი და მენინგიტი. მოგვიანებითი გამოვლინების დაავადების შემთხვევაში მენინგიტის შემთხვევათა პროპორციული წილი უფრო მეტია, ვიდრე ადრეული გამოვლინების დაავადების დროს (19% vs 6%), რაც ასახავს III სეროტიპის მიერ მოგვიანებითი დაავადების უფრო მეტი შემთხვევის გამოწვევას (71% vs. 30%).[17][18]

ბავშვთა ინფექციები ყველაზე ნაკლებადაა შესწავლილი. 90 დღიდან 1 წლამდე ბავშვებში ფონური მდგომარეობები (ნაადრევი მშობიარობის გარდა) იშვიათია და შემთხვევათა მხოლოდ 11%-ში გვხვდება.[3] 1-დან 14 წლამდე ბავშვებში ფონური მდგომარეობა გვხვდება შემთხვევათა 44%-ში.[3] ყველაზე ხშირი მიზეზები იყო ნევროლოგიური დაავადებები (25%), იმუნოსუპრესია (23%), ასთმა (23%), ავთვისებიანი მდგომარეობა (15%) და თირკმლის დაავადება (13%). ყველაზე ხშირი გამოვლინებებია: უცნობი ეტიოლოგიის სეფსისი, მენინგიტი, პნევმონია, სეპტიკური ართრიტი და პერიტონიტი.[3]

მოზრდილებში ინფექცია ასოცირებულია ორსულობასთან ან თანმხლებ მდგომარეობებთან, რომლებიც ინფექციისადმი მგრძნობელობას ზრდიან, როგორიცაა დიაბეტი, ნევროლოგიური დარღვევა და ციროზი.[13] ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებული ინფექციები (ჰოსპიტალიზაციიდან >72 საათში განვითარებული ინფექცია) ხშირადაა ასოცირებული სხვა თანმხლებ მდგომარეობებთან, კანულაციასთან, კათეტერიზაციასთან და ცნობიერების დონის ცვლილებასთან.[19][20] ორსულებში ყველაზე ხშირი ინფექციებია საშარდე გზების ინფექცია, ქორიოამნიონიტი, პოსტნატალური წვეთა, ენდომეტრიტი და ჭრილობის ინფექცია.[3] არაორსულ მოზრდილებში ყველაზე ხშირი ინფექციებია უცნობი ეტიოლოგიის სეფსისი, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია, მენინგიტი და საშარდე გზების ინფექცია. არაორსულ მოზრდილებში შედარებით იშვიათია სეპტიკური ართრიტი, პნევმონია, კონიუნქტივიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება, მუცლისშიდა ინფექცია.

პათოფიზიოლოგია

B ჯგუფის სტრეპტოკოკი ნორმაში გვხვდება გასტროინტესტინურ ტრაქტში, ქალებში-შარდსასქესო გზებსა და პერინეუმში. რესპირატორული ტრაქტისა და ლორწოვანი გარსების კოლონიზაცია შესაძლებელია განვითარდეს ახალშობილებში. B ჯგუფის სტრეპტოკოკი ნაპოვნია მოზრდილების ხახაშიც.

კოლონიზაციას ხელს უწყობს სხვადასხვა ადჰეზიური ფაქტორები, რომლებიც მრავალ ქსოვილში იძლევიან კოლონიზაციის საშუალებას.[14] ინფექცია მოჰყვება კოლონიზაციას B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების ნებისმიერი ფორმის შემთხვევაში. ქსოვილების ინვაზიას ხელს უწყობს რამდენიმე ტოქსინი (ჰემოლიზინი), ფერმენტი (მაგ. C5a პეპტიდაზა), ცილა (C ცილები) და ნახშირწყალი (კაფსულის პოლისაქარიდები), რომლებიც ქსოვილების დაზიანებას უწყობენ ხელს და აინჰიბირებენ იმუნურ პასუხს. აღნიშნული ვირულენტური ფაქტორების უმეტესობის ზუსტი მოქმედების მექანიზმი უცნობია. ჰემოლიზინი არის ფორების წარმომქმნელი ციტოლიზინი, რომელიც უჯრედების ინვაზიას უწყობს ხელს. B ჯგუფის სტრეპტოკოკის კაფსულა შედგება კაფსულის პოლისაქარიდებისგან და სიალის მჟავისგან და შეუძლია ფაგოციტოზის ინჰიბირება კომპლემენტის სისტემის ინჰიბირების მეშვეობით. C5a პეპტიდაზა ჭრის კომპლემენტის ფაქტორს, C5-ს, რითაც აინჰიბირებს ოფსონიზაციას.[14]

კლასიფიკაცია

B ჯგუფის სტრეპტოკოკის მორფოლოგიური კლასიფიკაცია

B ჯგუფის სტრეპტოკოკი არის ბეტაჰემოლიზური, გრამ დადებითი, ჯაჭვებად განლაგებული კოკი. აღნიშნული მიკროორგანიზმი კატალაზა-უარყოფითია და ზედაპირზე აქვს ლანსფილდის B ჯგუფის ანტიგენი- კაფსულის პოლისაქარიდი, რომელიც ლატექსის აგლუტინაციის ტესტებით ვლინდება. ასევე არსებობს სხვა ჯგუფებიც (A-დან G-მდე), თუმცა ეს თემა მათ აღწერას არ მოიცავს. Streptococcus agalactiae ერთადერთი მიკროორგანიზმია B ჯგუფში. B ჯგუფის სტრეპტოკოკების 1-2% არის არაჰემოლიზური.[1]

B ჯგუფის სტრეპტოკოკი ცალკე კლასიფიცირდება 10 სეროტიპად, რაც ეფუძნება ნახშირწყლოვანი და ზედაპირული ცილის ანტიგენების ექსპრესიას.

კლასიფიკაციის სქემა ნეონატალური ინფექციებისათვის[2]

ადრეული: დაბადებიდან 0-6 დღეში, როგორც წესი, პირველი 12 საათის განმავლობაში.

მოგვიანებითი: მშობიარობიდან 7-89 დღე, ძირითადად პირველი 4 კვირა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას