ეტიოლოგია

ჯილეხის ინფექცია გამოწვეულია Bacillus anthracis გავრცელებით. ჯილეხის ბაცილა დიდი ზომის, გრამ-დადებითი, უმოძრაო აერობული ბაცილაა, ზომით 1.0-1.5 მიკრომეტრი / 3.0- 10 მიკრომეტრზე.[22] ბრტყელი, თეთრი კოლონიები ადვილად იზრდება ცხვრის სისხლიან აგარზე. ახასიათებს დავიწროებული, პერიფერიული წანაზარდები, რაც ცნობილია "მედუზას თავის" სახელწოდებით. ბაცილის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, B anthracis არაჰემოლიზურია. კულტურაში ორგანიზმებისთვის დამახასიათებელია გრძელი დუმპკარის ან სიგარის ფორმის ჯაჭვებად გამოვლენა. ჯილეხის ბაცილა ასევე ფაკულტატური ანაერობია. ბიკარბონატისა და ნახშიროჟანგის გარემოში წარზიდული კაფსულა ფორმირდება. ნიადაგის საკვები ნივთიერებების ამოწურვის შემდეგ წარმოიქმნება რეზისტენტული 1-დან 2-მდე მიკრომეტრის სპორები,[23][Figure caption and citation for the preceding image starts]: სისხლის გრამის საღებავი ნივთიერება კულტურის გარემოში. გრამ-დადებითი ბაცილა ჯაჭვებში 20x გადიდებით (პანელი A) და 100x გადიდებით (პანელი B)ბორიო და სხვები. JAMA. 2001;286:2554-2559 [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@38032ec5

პათოფიზიოლოგია

ჯილეხის ბაცილის ენდოსპორები ორგანიზმში შესუნთქვის, ალიმენტური, ინექციური ან ყველაზე ხშირად ჭრილობის ან ნაკაწრის გზით ხვდება.

მაკროფაგებში მათ მიერ შთანთქმული სპორები ღივდება და ვეგეტატიურ ბაქტერიად გარდაიქმნება.[24] აღნიშნული ბაქტერიები გამოყოფს ორ ეგზოტოქსინს: შეშუპების ტოქსინს და ლეტალურ ტოქსინს. შეშუპების ტოქსინი შეიცავს შეშუპების ფაქტორს, კალმოდულინზე დამოკიდებულ ადენილატციკლაზას, რომელიც ახდენს ნეიტროფილების ფუნქციის ინჰიბირებას და იწვევს კანის ინფექციასთან დაკავშირებულ მასიურ შეშუპებას.[25][26][27][28] ლეტალური ტოქსინი თუთიის მეტალოპროტეაზაა, რომელიც ხელს უწყობს რეაქტიული ჟანგბადის შუალედური პროდუქტებისა და მაკროფაგების მიერ პროანთებითი ციტოკინების, კერძოდ, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორისა და ინტერლეიკინ-1-ბეტას გამოყოფას; სისტემური ინფექციისას ამ ტოქსინის გამოყოფამ შეიძლება უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს.[29][30][31] ორივე ეგზოტოქსინი პლაზმიდით გაშუალებული და ბინარულია, მასპინძლის უჯრედში შეღწევისთვის საერთო დამაკავშირებელ ცილას (დამცავ ანტიგენს) საჭიროებს.

კანის ჯილეხი, რომელიც სპორების უშუალოდ კანში ინოკულაციის შედეგად ვითარდება, დაბალი ინტენსივობის სპორების ლოკალური გაღივების შედეგია, რასაც შემდეგ მოჰყვება შესაბამისი უბნის შეშუპება და ნეკროზი. პირველადი დაზიანება ინოკულაციიდან 1-7 დღეში ვითარდება, რომელიც 48 საათში ნეკროზულ შავ ფუფხში გადადის და თან ახლავს ლოკალური შეშუპება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯილეხის დროს, რომელიც ჩვეულებრივ, ვითარდება ინფიცირებული ხორცის მოხმარების შედეგად, ორგანიზმში მოხვედრილი სპორები გაღივებისას ასევე იწვევს ლოკალურ დაავადებას, რაც ვლინდება ლორწოვანი გარსის შეშუპებით, დაწყლულებით და ასციტით.[32] სპორების ალიმენტური გზით მოხვედრამ შეიძლება ასევე შემოსაზღვრული ოროფარინგული ჯილეხის განვითარება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში სპორის ლოკალური დაგროვება და გაღივება იწვევს ყელის ტკივილს, დისფაგიას, ცერვიკალურ შეშუპებას და ლოკალურ ლიმფადენიტს.

ინჰალაციური ჯილეხი, რომელიც ვითარდება აეროზოლის მდგომარეობაში არსებული სპორების გადაყლაპვის შედეგად, ხშირად უფრო მძიმე ფორმისაა და შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ინფექცია. ჩასუნთქულ სპორებს შთანთქავს ალვეოლური მაკროფაგები და გადააქვს შუასაყრის და პერიბრონქულ ლიმფურ კვანძებში, სადაც ხდება მათი გაღივება. სპორების გაღივების გამომწვევი ტრიგერები გაურკვეველია, ვინაიდან ისინი ექსპოზიციიდან 2- 43 დღის განმავლობაში შესაძლოა არააქტიურ მდგომარეობაში დარჩეს.[7]ჯილეხის ბაცილა შემდეგ მრავლდება რეგიონულ ლიმფურ კვანძებში, რაც იწვევს პულმონურ ლიმფედემას და ჰემორაგიულ მედიასტინიტს. ჰემატოგენურ დისემინაციას კი მოჰყვება ტოქსემია, სეპტიცემია და სიკვდილი.

ინექციური ჯილეხი, რომელიც ვითარდება B anthracis სპორებით დაბინძურებული ჰეროინის ინექციის შედეგად, შედარებით ახლო წარსულში აღწერილი დაავადების ფორმაა.[1]

იშვიათ შემთხვევებში B anthracis ლიმფოგენური ან ჰემატოგენური გავრცელება შეიძლება ასევე კანის ან გასტროინტესტინური ჯილეხის გართულება იყოს. ჯილეხის ნებისმიერი ფორმის სისტემურმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯილეხისმიერი მენინგიტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ექსტენსიური ცერებრული შეშუპება, ანთებითი და ჰემორაგიული ინფილტრაცია და ნევროლოგიური სწრაფი დეგენერაცია.[33]

კლასიფიკაცია

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC): კლინიკური აღწერა[2]

კანის ჯილეხი

  • შეხებაში მყოფ კანზე პატარა, უმტკივნეულო, ქავილის გამომწვევი პაპულა, როგორც წესი, პირველი სიმპტომია. შემდგომ პროგრესირდება ვეზიკულურ სტადიაში და გარდაიქმნება ჩაზნექილ შავ ფუფხად; ფუფხი ხშირად შემოფარგლულია შეშუპებით ან ერითემით და შესაძლოა თან ახლდეს ლიმფადენოპათია. ასევე ხშირია ცხელება.

ინჰალაციური ჯილეხი

  • დაავადება ბიფაზურია. ადრეული არასპეციფიკური სიმპტომებია ცხელება და დაღლილობა. აღინიშნება გულმკერდის არეში ლოკალიზებული სიმპტომები (ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში და ქოშინი). შეიძლება განვითარდეს აგრეთვე ისეთი სიმპტომები, რომელიც არ არის დაკავშირებული გულმკერდთან (გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, თავის ტკივლი, დიაფორეზი და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება). ფილტვის ხმიანობა ხშირად პათოლოგიურია, ხოლო ვიზუალიზაციური კვლევებით უმეტესად ვლინდება პლევრული გამონაჟონი ან შუასაყრის გაფართოება.

ალიმენტური ჯილეხი

  • გასტროინტესტინური: როდესაც ჯილეხის სპორები გაღივდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილში, ვლინდება შემდეგი სიმპტომები: ღებინება ან დიარეა (რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლს), მუცლის ტკივილი, გულისრევა და აბდომინური შეშუპება. ასევე ხშირია ნაკლებად სპეციფიკური ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, დაღლილობა და თავის ტკივლი. შესაძლოა გამოვლინდეს შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა და ასციტი.

  • ოროფარინგული ჯილეხი: როდესაც ჯილეხის სპორები გაღივდება ოროფარინქსში, ვითარდება პირის ღრუსა ან პირ-ხახის ლორწოვანი გარსის დაზიანება. სიმპტომებია: ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება და კისრის შეშუპება. ნაკლებად სპეციფიკური სიმპტომებია: ცხელება, დაღლილობა, ქოშინი, მუცლის ტკივილი და ღებინება/გულისრევა. სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს სასუნთქი გზების ვირუსულ ავადმყოფობას. შესაძლოა გამოვლინდეს კისრის ლიმფადენოპათიით, ასციტითა და შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობით.

ინექციური ჯილეხი

  • ჩვეულებრივ, ვლინდება რბილი ქსოვილების მძიმე ინფექცია ინექციის შემდეგ, მნიშვნელოვანი შეშუპების ან სისხლჩაქცევების სახით. ამ დროს ფუფხი არ არის გამოხატული, იშვიათია აგრეთვე ტკივილი. არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ქოშინი ან გულისრევა, ზოგჯერ ავადმყოფობაზე პირველი მიმანიშნებელია. ხანდახან პაციენტებს აღენიშნებათ მენინგეური ან აბდომინური დაზიანება. არცთუ ისე იშვიათია კოაგულოპათია.

ჯილეხისმიერი მენინგიტი

  • ჯილეხის ნებისმიერი ფორმა შეიძლება გართულდეს მენინგიტით. ჯილეხისმიერი მენინგიტი შესაძლოა ასევე ინფექციის პირველი გამოვლინება იყოს. პირველადი სიმპტომებია ცხელება, თავის ტკივილი (ხშირად ძლიერი), გულისრევა, ღებინება და დაღლილობა. როგორც წესი, ვლინდება მენინგეური ნიშნებით (მაგ., მენინგიზმით), ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებით და სხვა ნევროლოგიური ნიშნებით, როგორიცაა გულყრები და ფოკალური ნიშნები. ჯილეხისმიერი მენინგიტის მქონე პაციენტთა უმრავლესობას თავზურგტვინის სითხეში (CSF) აღენიშნება პათოლოგიური ცვლილებები, რომელიც შეესაბამება ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევას, ხოლო ცერებროსპინური სითხე კი ხშირად ფასდება, როგორც ჰემორაგიული.

სისტემური დაზიანების ნიშნები შეიძლება ჯილეხის ყველა ტიპის დროს აღინიშნებოდეს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას