პირველადი პრევენცია
ხანდაზმულ კონტინგენტში განვითარებული ჰოსპიტალური პნევმონიის უმეტესობა და არაჰოსპიტალური პნევმონიის მნიშვნელოვანი წილი წარმოადგენს ინფიცირებული ოროფარინგეალური შიგთავსის მიკროასპირაციის შედეგს. ასპირაციული პნევმონიის რისკის პოტენციური შემცირება შესაძლებელია ოროფარინგეალური დისფაგიის იდენტიფიცირების და ოროფარინგეალურ სივრცეში პათოგენური მიკროორგანიზმების დათრგუნვაზე მიმართული ზომების დანერგვის გზით, განსაკუთრებით ნევროლოგიური დაავადების მქონე პაციენტების, ხანდაზმულთა ინტერნატების ბინადარი კომორბიდული დაავადებების მქონე პაციენტების, აგრეთვე ინტუბირებული ან საკვები მილის მქონე პაციენტებისთვის.[24]
ოროფარინგეალური მასალის ასპირაციის პრევენციის მიზნით აუცილებელია სათანადო სიფრთხილის გამოჩენა. გადაცდენის ან რეგურგიტაციის პრევენციისთვის მიზანშეწონილია ხანდაზმული ან ნევროლოგიური დისფუნქციის მქონე პაციენტების კვება მცირე ულუფებით, აუჩქარებლად და შესაბამისი კონსისტენციის საკვების გამოყენებით. რეკომენდებულია პირის ღრუს კარგი ჰიგიენა, თუმცა ჯერ დაუდგენელია პირის ღრუს ჰიგიენა ამცირებს, თუ არა ინფექციის ინციდენტობას.[25] პირის ღრუს ჰიგიენა, რომელიც ითვალისწინებს კვირაში ერთჯერ პირის ღრუს პროფესიული წმენდის, ყოველი კვების შემდეგ კბილების გახეხვის, დღეში ერთხელ კბილების პროტეზების წმენდის, აგრეთვე სადეზინფექციო ხსნარით პირის ღრუს გამოვლების მიდგომებს, შესაძლებელს ხდის პათოგენური ბაქტერიების რაოდენობის შემცირებას ოროფარინგეალურ სეკრეტებში და გააჩნია ასპირაციული პნევმონიის სიხშირის და მასთან დაკავშირებული სიკვდილობის დაქვეითების პოტენციალი.[26][27][28][29] არა-აღდგენადი კბილები ექვემდებარება ექსტრაქციას.
ორალური ჰიგიენა სცილდება ორალური დეკონტამინაციის ზომებს და აქცენტი კეთდება ოროფარინგეალური სეკრეტების დრენირების აუცილებლობაზე დისფაგიის მკურნალობის გზით (ყლაპვის სავარჯიშოები, დიეტური მიდგომები და პოზიციონირება). მიუხედავად იმისა, რომ პნევმონიის ინციდენტობის შემცირება რჩება მიუღწეველი, ყლაპვის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის არსებობს ასპირაციის შემცირების პოტენციალი.[30] როგორც ჩანს, პირის ღრუს მოვლის ყველაზე მეტი სარგებელი მიიღება, როდესაც ამას უზრუნველყოფენ სტომატოლოგიური პროფესიონალები. ექთნების მიერ მიწოდებული პირის ღრუს მოვლა არ ავლენდა პნევმონიით გამოწვეული სიკვდილობის მნიშვნელოვან შემცირებას.[31]
პოსტურალური მანევრირება და სავარჯიშოები ყლაპვაში მონაწილე მუსკულატურის გაძლიერების მიზნით საჭირო ხდება ყლაპვის დისფუნქციის მქონე უნარშეზღუდული პაციენტების რეაბილიტაციის კონტექსტში.
პაციენტი უნდა რჩებოდეს ვერტიკალურ, ან წამოწეულ პოზიციაში საკვების მიღებიდან მინიმუმ 1 ან 2 საათის განმავლობაში. საკვები მილები საჭიროებენ რეგულარულ კორექტირებას მათი დისპოზიციის პრევენციის მიზნით. მკვებავი ზონდის გამოყენებისას აუცილებელია კუჭის რეზიდუალური მოცულობის მონიტორინგი, ხოლო ზონდით კვება უნდა შეჩერდეს, როდესაც რეზიდუალური მოცულობა აღემატება 50მლ-ს. უწყვეტი ტუმბო ნაზოგასტრალური კვება არ ამცირებს პნევმონიის ინციდენტობას ბოლუსურ კვებასთან შდარებით. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის არსებობს საშუალო ხარისხის მტკიცებულება იმის სასარგებლოდ, რომ პოსტ-პილორული კვება კუჭიდან კვებასთან შედარებით დაკავშირებულია პნევმონიის განვითარების სიხშირის 30%-იან კლებასთან.[32] ასპირაციული პნევმონია ნაკლებად უვითარდება გასტროტომიის მქონე პაციენტებს, რომელნიც ღებულობენ ელემენტალურ დიეტას[33] და გასტროკინეტიკურ აგენტებს (მოზაპრიდი).[34]
პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპია ასპირაციის ამოცნობილი ეპიზოდის შემდეგ ბაქტერიული პნევმონიის მომდევნო განვითარებას შესაძლოა ვერ აფერხებდეს; მეტიც, ამას შესაძლოა მოჰყვეს რეზისტენტული მიკროორგანიზმების გააქტიურება. ამჟამად არ არის შესაძლებელი ასპირაციული პნევმონიის პრევენციაზე მიმართული არც ერთი ფარმაკოლოგიური ინტერვენციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაცია.[35]
მცირე მტკიცებულებები არსებობს, რომ ოპერაციამდე კვების თავიდან აცილება ამცირებს პერიოპერაციული ასპირაციის რისკს.[36] ანტაციდების ან კუჭის წვენის სეკრეციის მაბლოკირებელი მედიკამენტების რუტინული პრეოპერაციული გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტს არ გააჩნია პულმონალური ასპირაციის გამოკვეთილად გაზრდილი რისკი (მსგავს რისკს ზრდის ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, საყლაპავის თიაქარი, ნაწლავთა დინამიური გაუვალობა ან ობსტრუქცია, კვება ენტერალური მილის გამოყენებით, ორსულობა და სიმსუქნე).[19] ერთ-ერთი სისტემური მიმოხილვის შედეგად გამოვლინდა ჰისტამინური H2 რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენების სარგებლიანობა კუჭის მოცულობის შემცირების და pH-ის გაზრდის თვალსაზრისით, რაც ამცირებს მჟავების ასპირაციის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობას.[37] მიუხედავად ამისა, არასაკმარისი მტკიცებულებები არსებობს კუჭის წვენის სუპრესიის გასამართლებლად, როგორც პროტონების ტუმბოს ინჰიბიტორი ან ჰიტამინ-2 რეცეპტორის ანტაგონისტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს პნევმონიის მომატებულ რისკთან.[38]
ასპირაციული პნევმონიტის რისკის შემცირების ანალოგიური ტენდენცია აღინიშნება H2 რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებისას ქალი პაციენტების მიერ, რომელთაც ჩაუტარდა საკეისრო კვეთა ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, თუმცა მტკიცებულების ხარისხი დაბალია.[39]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას