ეტიოლოგია
საზღვაო ტოქსინები გვხვდება საზღვაო სხვადასხვა სახეობებში.
საქსიტოქსინი
საქსიტოქსინი მოიცავს ნეიროტოქსინების ჯგუფს, რომელიც გვაძლევს სიმპტომებს ნატრიუმის არხების ბლოკირებითა და ნერვულ ქსოვილში იმპულსის გავრცელების შეკავებით.
დინოფლაგელატების მიერ წარმოებული, ფიტოპლაქტონის ტიპისა; მოწამვლა გამოწვეულია მოლუსკის მიღებით, რომელიც იკვებება ფიტოპლანქტონით, განსაკუთრებით დინოფლაგელატების სახეობა Alexandrium-ით და ახდენს საქსიტოქსინის კონცენტრირებას.[13] საქსიტოქსინი ასევე შეიძლება წარმოიქმნას ციანობაქტერიის მიერ და შეიძლება შეგვხვდეს გარკვეულ კიბორჩხალებში.
საქსიტოქსინი, წესისამებრ, გროვდება მოლუსკის ხორცში მავნე წყალმცენარეების აყვავებისას და შეიძლება განადგურდეს მისი მოხარშვისას. საქსიტოქსინით დაბინძურებული მოლუსკის მიღება იწვევს პარალიზური მოლუსკით მოწამვლის სინდრომს.
საქსიტოქსინი ძლიერმოქმედი ნეიროტოქსინია, უფრო ტოქსიკური, ვიდრე ნატრიუმის ციანიდი (ლეტალური დოზა 50: საქსიტოქსინი 10 მკგ / კგ, ციანიდი 10 მგ / კგ).
ტეტროდოტოქსინი
ტეტროდოტოქსინი გავლენას ახდენს ნატრიუმის არხების ბლოკირების, ნერვის გამტარებლობისა და კუნთების მოქმედების პოტენციალის შეჩერების მეშვეობით. მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს მზარდი დამბლა და სუნთქვის უკმარისობით გამოწვეული სიკვდილი.
არაცილოვანი, ტუტე ტოქსინი, რომელიც სითბოსა და მჟავას წინაშე მდგრადია. ის გვხვდება ხორკლიანი თევზის ოჯახის უამრავ სახეობებში, ასევე ღორჯოსებრებში, ამფიბიებში, უხერხემლოებსა და ლურჯრგოლებიან რვაფეხებში. ხორკლიანი თევზის უსაფრთხო მოხმარებისთვის საჭიროა თევზის შესაბამისი სახეობის ზუსტი ამოცნობა და საკვების ზედმიწევნითი მომზადება.
ყველაზე ხშირად ფიქსირდება ხორკლიანი თევზის მოხმარების ან ლურჯრგოლებიან რვაფეხასთან კონტაქტის შემდეგ. ხორკლიანი თევზის 20-ზე მეტი სახეობა შეიცავს ტეტროდოტოქსინს.[14] ხორკლიან თევზში დაგროვილი ტეტროდოტოქსინის რაოდენობა დამოკიდებულია სახეობაზე და სეზონზე, თუმცა უმეტესად კონცენტრირებულია ღვიძლში, საკვერცხესა და ნაწლავში.[15] ინტოქსიკაცია ლურჯრგოლებიანი რვაფეხას გამო განაპირობებულია ნერწყვით, უმტკივნეულო ნაკბენის შედეგად.[16] ტეტროდოტოქსინი ასევე გამოვლინდა გასტროპოდებში, ტრიტონებში, კიბორჩხალებში და ნემერტინებში.
კონოტოქსინი
კონოტოქსინები წარმოადგენს ტოქსინების ჯგუფს კონუსისებრი ლოკოკინას შხამში.[8]
კონოტოქსინის შხამი Conus-ის სახეობის კონუსისებრი ლოკოკინებისგან წარმოიქმნება. აღნიშნული გვარი შედგება ლოკოკინების 500-ზე მეტი სახეობისგან. თითოეულ სახეობას გააჩნია თავისი განსხვავებული შხამი, რომელიც შეიცავს შხამის 100-ზე მეტ კომპონენტს. მოშხამვა ვითარდება თავდაცვითი დარტყმისას, როდესაც შხამის ინექცია ხდება ერთი ღრუ კბილის მეშვეობით.[17] კონუსისებრი ლოკოკინას ნიჟარის გარსის ზომასა და შეყვანილი შხამის რაოდენობას შორის წრფივი კორელაცია არსებობს.
Conus geographus შხამის ანალიზებით იდენტიფიცირდა ბევრი კონოტოქსინი, რომლებიც იწვევს ძლიერ პარალიზურ ეფექტებს, რაც აზიანებს სხვადასხვა იონურ არხს, მათ შორის, ნატრიუმის პოტენციალდამოკიდებულ არხებს, კალციუმის პრესინაფსურ არხებს, ნატრიუმის პოსტსინაფსურ არხებს და კუნთოვანი ტიპის ნიკოტინურ რეცეპტორებს.[18] კონუსისებრი ლოკოკინების სხვადასხვა შხამებში დაახლოებით 50,000 სხვადასხვა ტიპის აქტიური კომპონენტია.[17] კონოტოქსინებს აქვს იონური არხებისადმი მაღალი სპეციფიკურობა, სხვადასხვა მდგომარეობების დროს თერაპიულად გამოყენების შემთხვევაში ტკივილის კონტროლისა და კარდიოპროტექციის პოტენციალის მქონეა.
პათოფიზიოლოგია
ზღვის ტოქსინებით ინტოქსიკაცია გამოწვეულია ზღვის დაბინძურებული პროდუქტების ან შხამიანი არსებების მიღებით ან მათთან უშუალო კონტაქტით.
როგორც ტეტროდოტოქსინის, ასევე საქსიტოქსინის მიღება და სწრაფი შეწოვა პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის მეშვეობით ხდება.[19] სისხლში მოხვედრის შემდეგ, ტეტროდოტოქსინი და საქსიტოქსინი ახდენს ნატრიუმის არხების ბლოკირებას გულის აღგზნებად უჯრედებში, კუნთსა და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში.[14] აღნიშნული ტოქსინები ზღუდავს ნატრიუმის შემოდინებას ნერვულ აქსონებში და აჩერებწ ნერვული იმპულსის გავრცელებას, რაც გამოიხატება მზარდი დამბლით.[20]
კონოტოქსინები წარმოადგენს ტოქსინების ჯგუფს კონუსისებრი ლოკოკინას შხამში.[8] კონოტოქსინი შეიცავს 100-ზე მეტ კომპონენტს, რომლებიც მოქმედებს რეცეპტორების ფართო სპექტრზე. ინტოქსიკაციის შემდეგ ეს კომპონენტები ხშირად იწვევს მძიმე ფორმის ტკივილის სინდრომს, რაც განპირობებულია კალიუმისა და კალციუმის არხებისა და ნიკოტინური აცეტილქოლინის რეცეპტორების აქტიურობით.[21] ტეტროდოტოქსინის მსგავსად, კონოტოქსინი შეიცავს აქტიურ შენაერთებს, რომლებიც ემაგრება ნატრიუმის არხებს და შეუძლია გამოიწვიოს პროგრესირებადი დამბლა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას