მიდგომა
დიაგნოსტიკის მიზანია იმ პაციენტების იდენტიფიცირება, რომელთა ცხელების მიზეზი არსებული ფონური მდგომარეობაა.
ცხელებას შეიძლება თან ახლდეს სხვა ნიშნები და სიმპტომები. სისტემური შეფასება უმნიშვნელოვანესია დიაგნოსტიკური ტესტების შესარჩევად და დიაგნოზის დასადგენად. დიფერენციულ დიაგნოსტიკაზე დიდ გავლენას ახდენს ქირურგიულ ჩარევასა და ცხელების გამოვლენას შორის არსებული დროის პერიოდი.
ანამნეზი.
ანამნეზის შეკრების მთავარი მიზანია რისკფაქტორების გამოვლენა, არსებული ფონური მდგომარეობების დადგენა და იმ სიმპტომების აღწერა, რომლებიც ოპერაციის შემდეგ ანთებითი რეაქციის გარდა სხვა მიზეზზეც მიანიშნებს. გათვალისწინებული უნდა იყოს ოპერაციის ტიპი, ჩატარების დრო და მასთან დაკავშირებული ინვაზიური კათეტერიზაციისა და ინტუბაციის ხანგრძლივობა.
საოპერაციო არის და/ან ჭრილობის ტკივილი მნიშვნელოვანი ნიშანია და შეიძლება მიუთითებდეს ნაოპერაციევი ქსოვილის ინფექციაზე, ჰემატომასა ან იშემიაზე, განსაკუთრებით, თუ ტკივილი მაშინვე გამოვლინდა ან პროგრესირდა.
მედიკამენტური ანამნეზი
მნიშვნელოვანია დასახელდეს და შეფასდეს საანესთეზიო საშუალებები, მედიკამენტები და სისხლის პროდუქტები, რომლებიც ქირურგიული ჩარევის დროს ან შემდეგ გამოიყენეს, რადგანაც ბევრ ასეთ აგენტს შეუძლია ცხელების გამოწვევა.
ავთვისებიანი ჰიპერთერმია შეიძლება გამოვლინდეს საინჰალაციო საანესთეზიო პრეპარატის ან სუქცინილქოლინის შეყვანიდან 1 საათის განმავლობაში.[18] ძალიან იშვიათია.[18] ცხელება ძირითადად >40°C (104°F) და ასოცირებულია კუნთების რიგიდობასთან, ჰიპერკაპნიასა და/ან ტაქიპნოესთან ან ტაქიკარდიასთან.
სისხლმა ან სისხლის პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს ტრანსფუზიული რეაქცია, რომელიც როგორც წესი, ვითარდება ტრანსფუზიის დროს ან მისი დასრულებისთანავე. ცხელებას შეიძლება თან ახლდეს თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, შფოთვა და/ან ტკივილი გულმკერდის, ზურგის, მუცლის ან იმ კიდურის არეში, სადაც ჩატარდა ინფუზია. სისხლის ტრანსფუზიიდან 15 წუთში უნდა შემოწმდეს ტემპერატურა, გულისცემის სიხშირე და არტერიული წნევა; რეაქციაზე ეჭვისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს გადასხმა.[29]
ცხელება შეიძლება გამოიწვიოს ბეტალაქტამურმა ანტიბიოტიკებმა, ცეფალოსპორინებმა, სულფონამიდებმა, ვანკომიცინმა, რიფამპინმა ან ფთორქინოლონებმა. მათი გამოიყენება შეიძლება პერიოპერაციული ანტიბიოტიკოპროფილაქტიკისთვის.[17]ცხელების ინდუცირება შეუძლია სხვა მედიკამენტებსაც, რომლებიც ხშირად გამოიყენება პერიპერაციული მართვისთვის. ესაა: ჰიდროქსიშარდოვანა, პროპილთიოურაცილი, იოდიდები, ჰეპარინი, ალოპურინოლი, იმუნოგლობულინები, სალიცილატები, ფენიტოინი, ჰიდრალაზინი, პროკაინამიდი, ფუროსემიდი და თიაზიდის ჯგუფის შარდმდენები.[43]
წარსული სამედიცინო ანამნეზი
წარსული სამედიცინო ანამნეზი შეიძლება მოიცავდეს იმ მდგომარეობებს, რომლებიც პაციენტს მიდრეკილს ხდის პოსტოპერაციული ცხელების განვითარებისკენ.
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების ანამნეზი აძლიერებს ეჭვს ალკოჰოლურ აღკვეთაზე.
ჰიპერთირეოზი, ფონური ავთვისებიანი მდგომარეობები და ფეოქრომოციტომა განაწყობს პაციენტს არაინფექციური პოსტოპერაციული ცხელების განვითარებისკენ.
იმუნოსუპრესიის გამომწვევი მდგომარეობები ან ის დაავადებები, რომელთა მკურნალობაც საჭიროებს იმუნოსუპრესიულ თერაპიას, მიდრეკილს ხდის პაციენტს ინფექციის განვითარებისკენ.
ინფექციისადმი მომღებლობა ასევე მაღალია არასაკმარის კვებაზე მყოფ პაციენტებში.
უნდა ჩატარდეს ორგანზმის სისტემების დეტალური გამოკვლევა, ფონურ მიზეზებთან ასოცირებული ძირითადი სიმპტომების გამოსავლენად.
რესპირატორული ფაქტორები
სუნთქვის გაძნელება და პროდუქტიული ხველა შესაძლოა მიუთითებდეს პნევმონიაზე. სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის პლევრული ტკივილი და/ან ჰემოფთიზი შეიძლება მიუთითებდეს ფილტვის ემბოლიაზე (PE). უელსისა და ჟენევის მოდიფიცირებულ ქულათა სისტემებში ფილტვის ემბოლიის (PE) ალბათობის რისკის განსაზღვრისათვის გამოყენებულია რისკფაქტორები და კლინიკური ნიშნები; PE-ის მაღალი ალბათობა დაუყოვნებელ დიაგნოსტიკურ კვლევებს საჭიროებს.
ფეხების შეშუპება შეიძლება მიუთითებდეს ღრმა ვენების თრომბოზზე (DVT). ღრმა ვენების თრომბოზის ალბათობა შეიძლება შეფასდეს უელსის კლინიკური ალბათობის ინსტრუმენტის გამოყენებით; DVT-ის მაღალი ალბათობა დაუყოვნებელ დიაგნოსტიკურ კვლევებს საჭიროებს.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარჯვენა ფეხის ღრმა ვენების თრომბოზი (DVT), ასოცირებული შეშუპებასა და სიწითლესთანJames Heilman, MD, კოლექციიდან. [Citation ends].
გულსისხლძარღვთა ფაქტორები
მიოკარდიუმის ინფარქტი, როგორც წესი, ვლინდება გულმკერდის ცენტრალური ნაწილის ტკივილით, რომელიც ძლიერი, ზეწოლითი ან მოჭერითი ხასითისაა. ტკივილი შეიძლება გავრცელდეს მარცხენა მკლავზე, კისერსა ან ყბაზე და ასოცირებული იყოს გულისრევასთან, ღებინებასთან, დიაფორეზთან, ქოშინთან, თავბრუსხვევასთან, გულის ფრიალსა ან სინკოპესთან.
დიაბეტის მქონე პაციენტებში ტკივილი შეიძლება ატიპური იყოს ან არ ვლინდებოდეს.[44]
გასტროინტესტინური ფაქტორები
მუცლის ახლადგამოვლენილი ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს სხვადასხვა პოსტოპერაციულ გართულებაზე.
პერიტონიტი ვლინდება მუცლის ძლიერი ტკივილით და უკუცემითი მტკივნეულობით. ფონური აბსცესის დროს ტკივილის ლოკალიზაცია შეიძლება განსხვავდებოდეს. თუმცა ის ხშირად ასოცირდება ილეუსთან, მუცლის შებერილობასთან და პიკურ ცხელებასთან.
არაკალკულოზური ქოლეცისტიტი ვლინდება მარჯვენა ზედა კვადრანტის ძლიერი ტკივილით, ირადიაციით მარჯვენა გვერდში. პანკრეატიტი ვლინდება მსუბუქი ეპიგასტრული ტკივილით, რომელიც ზურგში გადაეცემა.
დიარეა, განსაკუთრებით ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ, შეიძლება მიუთითებდეს Clostridium difficile -თი ინფექციაზე.
ბოქვენზედა ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს საშარდე გზების ინფექციაზე (UTI). თუ ცოტა ხნის წინ ამოიღეს შარდის კათეტერი, პაციენტს ასევე შეიძლება ჰქონდეს დიზურიის სიმპტომები, შარდვის გახშირება და მოშარდვის უეცარი მოთხოვნილება.
ნევროლოგიური ფაქტორები
ახლადგამოვლენილი ნევროლოგიური სიმპტომები მიუთითებს უფრო მძიმე ფონურ მიზეზზე.
ახლადგამოვლენილი კეროვანი სენსორული ან მოტორული სისუსტე შეიძლება მიუთითებდეს იშემიურ ან ჰემორაგიულ ინსულტზე.
ახლადგამოვლენილი ძლიერი თავის ტკივილი ფოტოფობიით შეიძლება მიუთითებდეს სუბარაქნოიდულ ჰემორაგიაზე, მენინგიტსა ან სუბდურულ ჰემატომაზე.
რევმატოლოგიური ფაქტორები
მწვავედ გამოვლენილი სახსრების ტკივილი და შეშუპება შეიძლება მიუთითებდეს პოდაგრის ან ფსევდოპოდაგრის გამწვავებაზე, რასაც ოპერაციასთან დაკავშირებული სტრესი განაპირობებს.
პაციენტებს, რომელთაც გადაიტანეს ორთოპედიული ქირურგიული ჩარევა, შესაძლოა განუვითარდეთ ოსტეომიელიტი.
დერმატოლოგიური ფაქტორები
კანზე გამონაყარი სხვადასხვა ფონური მიზეზითაა განპირობებული, მათ შორის, მედიკამენტური რეაქციები, ცხიმოვანი ემბოლია, მენინგიტი და ტოქსიკური შოკის სინდრომი (TSS).
კანის ან კათეტერიზაციის ადგილების ანთება შეიძლება ცელულიტით ან ზედაპირული თრომბოფლებიტით იყოს გამოწვეული.
მოძრავი წარმონაქმნი შეიძლება იყოს ჰემატომა ან სერომა; სერომა, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოა.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარჯვენა ხელზე გამონაყარი და კანქვეშა შეშუპება ტოქსიკური შოკის სინდრომის გამოCDC-დან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოსახულებათა ბიბლიოთეკიდან [Citation ends].
ყურთან, ცხვირთან და ყელთან (ENT) დაკაშირებული ფაქტორები
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ყურთან, ცხვირთან და ყელთან დაკავშირებული სიმპტომები. ცხვირიდან გამონადენი, სინუსის ტკივილთან ერთად ან მის გარეშე, შეიძლება მიანიშნებდეს მწვავე სინუსიტზე.
ყბაყურა/ყბისქვეშა ჯირკვლის ტკივილი ყლაპვისას მიუთითებს სიალადენიტზე და განსაკუთრებით ხშირია პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენის მქონე, არასაკმარის კვებაზე მყოფ და ხანდაზმულ პაციენტებში.
დისფაგია შეიძლება მიუთითებდეს ინსულტზე და ასევე ვლინდება სიალადენიტის დროს.
ოტალგია შეიძლება მიუთითებდეს შუა ყურის ოტიტზე.
ორგანოს გადანერგვა
ტრანსპლანტის მოცილების რეაქცია გასათვალისწინებელია ყველა პაციენტთან, ვისაც ახლახანს გადაუნერგეს ორგანო, მიუხედავად იმისა, რომ ცხელება იშვიათადაა აღნიშნულის გამოვლინება. პაციენტთა უმრავლესობა აღნიშნავს შეუძლოდ ყოფნას, რაც არასპეციფიკური სიმპტომია. სხვა სიმპტომები უკავშირდება გადანერგილი ორგანოს უკმარისობას.
თირკმლის ტრანსპლანტაციისას რეციპიენტებს შესაძლებელია განუვითარდეს ოლიგურია.
ფილტვის გადანერგვისას შეიძლება აღინიშნოს ქოშინი.
ღვიძლის ტრანსპლანტაციისას რეციპიენტებთან შეიძლება დაფიქსირდეს სიყვითლე და სისხლდენა.
სიმპტომები შეიძლება იყოს ზემწვავე (გამოვლინდეს რამდენიმე წუთსა ან საათში) ან მწვავე (გამოვლინდეს რამდენიმე კვირაში).
გამოკვლევა
გასინჯვა უნდა დაიწყოს სასიცოცხლო ნიშნების დეტალური შეფასებით, რასაც მოჰყვება ორგანოთა სისტემების გასინჯვა. საჭიროა იმ დიფერენციული დიაგნოზების გათვალისწინება, რომლებიც ჩატარებულ ქირურგიულ ჩარევას შეესაბამება, ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ცხელების გამოვლინების დრო.
ზოგადი დათვალიერება
უნდა შეფასდეს ცხელების სიმძიმე და მიმდინარეობა. ტაქიპნოე, ტაქიკარდია და ჰიპოტენზია მიუთითებს მძიმე ფონურ მიზეზზე. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ასახავს ფონური მიზეზის სიმძიმეს.
სუნთქვის დარღვევა ან ციანოზი მიუთითებს ფონურ რესპირატორულ ისეთ მიზეზზე, როგორიცაა პნევმონია ან ფილტვის ემბოლია.
ცნობიერების დაქვეითება შეიძლება მიუთითებდეს ნევროლოგიურ ისეთ მიზეზზე, როგორიცაა ინსულტი ან სუბარაქნოიდული ჰემორაგია.
ჭრილობა და უცხო სხეული
ქირურგიული ჭრილობის ანთება, მგრძნობელობის მომატება ან ჩირქოვანი გამონადენი მიუთითებს ინფექციაზე. ჭრილობის ჩირქოვანი დრენაჟი გვხვდება ბევრი ზედაპირული და ღრმა ჭრილობის ინფექციების დროს.
მოძრავი წარმონაქმნი შეიძლება მიუთითებდეს ჰემატომასა ან სერომაზე. სერომა, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოა.
კათეტერის შეყვანის ადგილზე ანთება, მომატებული მგრძნობელობა ან ჩირქოვანი გამონადენი მიუთითებს ზედაპირულ თრომბოფლებიტსა ან ცელულიტზე. თრომბოფლებიტი განსაკუთრებით ხშირია ცენტრალური ვენის კათეტერიზაციისას.
მღვრიე შარდი შესაძლოა მიუთითებდეს საშარდე ტრაქტის ინფექციაზე.
კიდურები
კიდურების გასინჯვით შეიძლება გამოვლინდეს ქვედა კიდურების შეშუპება და წვივების მტკივნეულობა, რაც ღრმა ვენების თრომბოზის ნიშნებია. უნდა დავაფიქსიროთ კანზე ერითემა, შეშუპება ან გამონაყარი. შეშუპება, ერითემა და სახსრების მტკივნეულობა მიანიშნებს პოდაგრაზე, ფსევდოპოდაგრასა ან ოსტეომიელიტზე. ოსტეომიელიტის შედეგად მცირდება დაზიანებული სახსრის მოძრაობის დიაპაზონი. ჰემატომამ შეიძლება გამოიწვიოს კომპარტმენტ სინდრომი, რაც ვლინდება ტკივილით, ზეწოლის შგრძნებით და დაზიანებული კიდურის პარესთეზიით; სიფერმკრთალე და პულსის გაქრობა მოგვიანებით გამოვლენილი ნიშნებია.
რესპირატორული სისტემის გასინჯვა
ფილტვების გასინჯვით შეიძლება გამოვლინდეს უნილატერალური კრეპიტაცია, შესუსტებული სუნთქვა ან ბრონქული სუნთქვა, რაც მიუთითებს პნევმონიაზე.
ატელექტაზი არ არის ცხელების გამომწვევი, მაგრამ გავრცელებული თანდართული მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს ფილტვების გასინჯვისას.
მუცლის გასინჯვა
მუცლის გასინჯვით შეიძლება გამოვლინდეს წერტილოვანი მტკივნეულობა, მუცლის შებერილობა ან აბსცესი; შესაძლოა აღინიშნოს პერიტონიზმი. ამ ნიშნების გამოვლენა შესაძლოა მიუთითებდეს არაკალკულოზურ ქოლეცისტიტზე, პანკრეატიტზე, პერიტონიტზე (მათ შორის ანასტომოზის დაშლით გამოწვეულ პერიტონიტზე), მუცლის აბსცესსა ან ნაოპერაციევი ქსოვილის იშემიაზე.
ქოლეცისტიტის მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ მერფის დადებითი ნიშანი.
რექტულმა გამოკვლევამ შესაძლოა გამოავლინოს მენჯის ღრუს აბსცესი.
ნევროლოგიური გამოკვლევა
ნევროლოგიური გამოკვლევით შეიძლება გამოვლინდეს ფოკალური სენსორული ან მოტორული სისუსტე ინსულტიან პაციენტებში, ხოლო კეფის კუნთების რიგიდობა კერნინგის სიმპტომით ან მის გარეშე- მენინგიტის მქონე პაციენტებში.
ტრემორი შესაძლოა იყოს ალკოჰოლური აღკვეთის ადრეული ნიშანი.
ცნობიერების დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინში ნებისმიერმა სისხლდენამ ან ანთებამ.
კავერნოზული სინუსის თრომბოზი შესაძლოა გამოვლინდეს პერიორბიტალური შეშუპებით, ქემოზით და პროპტოზით, მზერის ლატერალური დამბლით და ოფთალმოპლეგიით.
ყელ-ყურ-ცხვირის გამოკვლევა
ყელ-ყურ-ცხვირის გამოკვლევით შეიძლება გამოვლინდეს სინუსების მომატებული მგრძნობელობა სინუსიტის დროს, სახის შეშუპება ყბაყურა ჯირკვლის არეში სიალადენიტის დროს ან ჩირქოვანი ექსუდატი პირის ღრუში არსებული სანერწყვე ჯირკვლების სადინრებიდან ბაქტერიული სიალადენიტის დროს.
თვალბუდის კომპარტმენტ სინდრომი შეიძლება განვითარდეს თვალის ან სახის ტრავმის გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგ და ვლინდება თვალის ტკივილით, დიპლოპიით, მხედველობის დაკარგვით, თვალის კაკლის მოძრაობის დაქვეითებით და დაზიანებული თვალის პროპტოზით.
ტიმპანური მემბრანის ამობურცულობა შეიძლება მიუთითებდეს შუა ყურის ოტიტზე.
კვლევები
საწყის ტესტირებაზე მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზსა და გასინჯვას. პირველ 48 საათში განვითარებული ცხელება ნაკლები ალბათობითაა ინფექციური გენეზის და არ საჭიროებს შემდგომ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ინფექციასა ან სხვა ფონურ მიზეზზე მიმანიშნებელი თანხმლები ნიშნები და სიმპტომები, ან თუ პაციენტს აღენიშნება იმუნოკომპრომისული მდგომარეობა.[45]
იმუნოკომპრომისულ პაციენტებს ესაჭიროებათ ინფექციაზე დაუყოვნებელი გამოკვლევა, რაც მოიცავს სისხლის საერთო ანალიზს, გულმკერდის რენტგენოგრაფიას, შარდის ანალიზს, კულტურასთან ერთად და სისხლის კულტურას, რადგან აღნიშნულ პაციენტები მიდრეკილნი არიან ოპორტუნისტული ინფექციების განვითარებისკენ, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს გამოვლინდეს.
48 საათის შემდეგ ყველა პაციენტთან საჭიროა გაკეთდეს პირველი რიგის ტესტები: სისხლის საერთო ანალიზი, გულმკერდის რადიოგრაფია, შარდის ანალიზი კულტურით, სისხლის კულტურა და ჭრილობის კულტურა. შემდგომი რადიოლოგიური ან ლაბორატორიული ტესტირება მიმართულია შესაძლო ეტიოლოგიის განსაზღვრაზე.
მაღალი ლეიკოციტოზი და მომატებული C-რეაქტიული ცილა ინფექციის ინფორმატიული ინდიკატორია, თუმცა არასპეციფიკურია.
შარდის კულტურა ავლენს საშარდე ტრაქტის ინფექციებს, ხოლო სისხლის კულტურა - სისტემურ ბაქტერიულ ინფექციებს ბევრი სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ჭრილობის ინფექციებიდან, აბსცესიდან, უცხო სხეულთან დაკავშირებული ინფექციებიდან, პნევმონიიდან და ტრანსფუზიასთან ასოცირებული ინფექციებიდან. ჭრილობის კულტურა ინფორმატიულია ნაოპერაციევი ადგილის ინფექციების დროს, განსაკუთრებით, თანდართული ჩირქოვანი დრენაჟის არსებობისას. პაციენტებში, პნევმონიაზე ეჭვის დროს ინფორმატიულია ნახველის კულტურა. გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე შეიძლება გამოვლინდეს უნილატერალური ინფილტაცია, კონსოლიდაცია, გამონაჟონი ან კავიტაცია, რაც პნევმონიაზე მიუთითებს.
მედიკამენტური ცხელება შეიძლება გამოვლინდეს მედიკამენტის მიღების დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს. ყველა პოტენციურად ცხელების გამომწვევი პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ცხელების კუპირებისას, შესაძლებელია რეტროსპექტულად დაისვას მედიკამენტური ცხელების დიაგნოზი.
შემდგომი ტესტირება განისაზღვრება სავარაუდო დიაგნოზით.
მიოკარდიუმის ინფარქტზე ეჭვის დროს: საჭიროა ჩატარდეს ეკგ და გაიზომოს კარდიული ფერმენტები შრატში.
ვენურ თრომბოემბოლიაზე ეჭვის დროს: ღრმა ვენების თრომბოზზე კლინიკური ეჭვი შეიძლება შეფასდეს უელსის კლინიკური ალბათობის ქულებით. [ ველსის მოდიფიცირებული შკალა ღრმა ვენების თრომბოზისთვის Opens in new window ] ღრმა ვენების თრომბოზის მაღალი ალბათობის მქონე პაციენტებს შემდგომ უნდა ჩაუტარდეს ქვედა კიდურების დუპლექს ულტრაბგერითი გამოკვლევა. უელსის ან ჟენევის მოდიფიცირებული ქულებით ფასდება კლინიკური ეჭვი ფილტვის ემბოლიაზე. უელსის ან ჟენევის მოდიფიცირებული ქულებით ფასდება კლინიკური ეჭვი ფილტვის ემბოლიაზე. [ ფილტვის ემბოლიის უელსის ქულა Opens in new window ] ფილტვის ემბოლიის მაღალი ალბათობის მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ შემდგომი გამოკვლევა ფილტვის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფიით ან ვენტილაციურ-პერფუზიული სკანირებით (პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ფილტვის CT ანგიოგრამის ჩატარების უკუჩვენება).
ინსულტი, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა და სუბდურული ჰემატომა: შეიძლება დიაგნოსტირდეს თავის ტვინის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირებით. ის უნდა ჩაუტარდეს ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც აქვს პოსტოპერაციული ცხელება და ახლადგამოვლენილი ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები ან ძლიერი თავის ტკივილი.
იშემია ან ნაოპერაციევი ქსოვილის ინფარქტი: არტერიული სისხლის აირები ავლენს აციდოზს, მომატებულია ლაქტატის დონე.
ცხიმოვანი ემბოლია: საეჭვოა, თუ პაციენტმა ახლახან გადაიტანა დიდი ტრავმა ან ორთოპედული ოპერაცია და ოპერაციიდან 48-72 საათში განუვითარდა ცხელება. გულმკერდის რენტგენოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს ცხიმოვანი ემბოლიისთვის დამახასიათებელი დიფუზური ინტერსტიციური სურათი, ხოლო გულმკერდის კტ ავლენს ფილტვებში "დამსხვრეული მინის" სურათს.[46][47]
C difficile ინფექცია: განავლის ნიმუშები C.difficile ტოქსინებზე, დიარეის მქონე ნებისმიერ პაციენტთან.
ჭრილობის სერომა და ჰემატომა: დიფერენცირება შეიძლება ულტრაბგერითი კვლევით. ჰიპოექოგენური სითხის დაგროვება და მასთან დაკავშირებული ტკივილი მიუთითებს ჰემატომაზე, ხოლო ანექოგენური სითხის არსებობა მიუთითებს სერომაზე. სერომა, როგორც წესი, უმტკივნეულოა.
კომპარტმენტ სინდრომი: დიაგნოსტირდება დაზიანებულ კომპარტმენტში წნევის გაზომვით.
აკალკულოზურ ქოლეცისტიტზე ეჭვის დროს: მუცლის ღრუს ულტრაბგერითი სკანირება, როგორც წესი, აჩვენებს გასქელებულ ემფიზემატოზურ ნაღვლის ბუშტს, კენჭების არარსებობის ფონზე.
პანკრეატიტი: პანკრეატიტზე ეჭვის დროს უნდა გაიზომოს შრატის ლიპაზა ან ამილაზა. შრატის ლიპაზას ტესტი უპირატესია შრატის ამილაზას ტესტთან შედარებით.[48][49][50] [
]
ტრანსფუზიაზე რეაქცია შეიძლება დადასტურდეს ცენტრიფუგირების შედეგად მიღებული პლაზმისა და შარდის დათვალიერებით; სისხლის გადასხმის რეაქცია იწვევს ჰემოგლობინემიას, რაც ვლინდება ცენტრიფუგირებული პლაზმისა და შარდის ნათელი წითელ ფერით.
ავთვისებიან ჰიპერთერმიაზე ეჭვის დროს: უნდა შეწყდეს საინჰალაციო საანესთეზიო პრეპარატების მიღება და დანტროლენის შეყვანა; სიმპტომების კუპირება დანტროლენით დამხმარეა დიაგნოსტირებისთვის, თუმცა დიაგნოზის დადასტურება მოგვიანებით საჭიროებს სპეციალიზებული ტესტების ჩატარებას.
პოდაგრასა ან ფსევდოპოდაგრაზე ეჭვის დროს: სახსრების პუნქცია. ასპირაციით გზით მიღებული სინოვიური სითხე უნდა გაიგზავნოს გრამის წესით შეღებისთვის, მიკრობული კულტურისთვის და პოლარიზაციული მეთოდით სინათლის მიკროსკოპიისთვის, კრისტალების გამოსავლენად.
ენდოკრინულ მიზეზზე ეჭვისას: ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტების შრატში უნდა შემოწმდეს თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი, ტრიიოდთირონინი და თიროქსინი; ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტებისთვის საჭიროა შრატის თავისუფალი მეტანეფრინის (მეტადრენალინის) და ნორმეტანეფრინის (ნორმეტადრენალინის) გაზომვა და 24 საათში შარდის შეგროვება კატექოლამინების, მეტანეფრინის (მეტარენალინის), ნორმეტანეფრინის (ნორმეტადრენალინი) და კრეატინინის შესამოწმებლად; თირკმელზედა ჯირკვლის კრიზზე ეჭვისას უნდა გაიზომოს შრატის კორტიზოლი და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი.
ტრანსპლანტის ზემწვავე მოცილება: შეიძლება გამოვლინდეს გადანერგვიდან წუთებსა ან საათებში, მაგრამ ძალზე იშვიათია; დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ქსოვილის ბიოფსია.
ინტენსიური თერაპიის პაციენტებში, რომლებსაც ახლახან ჩაუტარდათ გულმკერდის, მუცლის ან მენჯის ოპერაცია, შეიძლება საჭირო გახდეს კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირება, თუ ეტიოლოგია არ არის აშკარა საწყისი კვლევების საფუძველზე.[51] მუცლის ღრუს ულტრაბგერითი სკანირება რეკომენდირებულია, თუ არსებობს მუცლის სიმპტომები ან მუცლის ღრუში ცხელების წყარო, ინტენსიური თერაპიის პაციენტებში, რომლებსაც ბოლო დროს ჩაუტარდათ მუცლის ღრუს ოპერაცია.[51]
გამოკვლევები ნაოპერაციევი ადგილის სპეციფიკური ინფექციებისთვის
ღრმა აბსცესები: მათ შორის ყველაზე ხშირია მუცლის აბსცესი, დიაგნოსტირდება დაზიანებული კომპარტმენტის CT სკანირებით.
მენინგიტზე ეჭვის დროს: საჭიროა ლუმბური პუნქცია დიაგნოზის დასადგენად და ინფექციის გამოსავლენად. ნევროლოგიური ოპერაციების შემდეგ განვითარებული მენინგიტების უმეტესი ნაწილი ასეპტიკურია, თუმცა საჭიროა ინფექციური მიზეზების გამორიცხვა.
კავერნოზული სინუსის თრომბოზი თავსა და კისერზე ქირურგიული ჩარევის ან ნეიროქირურგიული ოპერაციების სერიოზული გართულებაა. მისი მაპროვოცირებელია მოშორებული კერიდან ინფექცია, რისთვისაც საჭიროა სისხლისა და ინფექციის პირველადი კერიდან აღებული ჩირქოვანი სითხის ან ქსოვილის კულტურალური კვლევა. დიაგნოსტირდება თავის ტვინის მაღალი გარჩევადობის კონტრასტული CT სკანირებით.
უცხო სხეულით გამოწვეული ინფექციების დიაგნოსტირება ძირითადად სისხლის კულტურას და ჭრილობიდან გამონადენის კულტურას ეფუძნება, თუმცა დადასტურება შესაძლებელია პროთეზირებული სახსრების რენტგენოგრაფიით და ტექნეციუმ-მეთილენდიფოსფონატის სცინტიგრაფიით ლეიკოციტების სკანირებასთან ერთად. სინოვიური სითხის და ქსოვილის კულტივირება ასევე უნდა გაკეთდეს პროთეზირებული სახსრის ინფექციაზე ეჭვის დროს.[20]
ოსტეომიელიტის შემთხვევაში: ერითროციტების დალექვის სიჩქარე, C- რეაქტიული ცილა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ დიაგნოზს ადასტურებს ძვლოვანი ქსოვილის ბიოფსია ან სისხლის კულტურები და დამხმარეა სათანადო ანტიბიოტიკის შერჩევაში.
სინუსიტი და სიალადენიტი: შეიძლება გამოწვეული იყოს ინტუბაციით და საანესთეზიო საშუალებების გამოყენებით. სიალადენიტის დიაგნოზი ეფუძნება ერთდროულად კლინიკურ სურათს და სახის რენგტგენოგრაფიაზე ან CT სკანირებაზე სიალოლითების არსებობას. სადინრის ექსუდატის კულტურა საჭიროა გამომწვევი მიკროორგანიზმის დასადგენად. სინუსიტი კლინიკური დიაგნოზია.
ინფექციური ენდოკარდიტი სარქველზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ: დიაგნოსტირდება სისხლის კულტურით და ექოკარდიოგრაფიით. ექოკარდიოგრაფიამ შეიძლება გამოავლინოს სარქვლოვანი ვეგეტაციები. ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე უნდა ავიღოთ სისხლის კულტურის 3 კომპლექტი 1 საათიანი ინტერვალით.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას