ეტიოლოგია
კლასიფიკაცია ადგილმდებარეობის მიხედვით
შემდგომი ეტიოლოგიური კლასიფიკაცია სავარაუდოდ პრაქტიკული და გამოსადეგია მუცლის ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტების შეფასებისთვის, თუმცა ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ნებისმიერი სისტემის სხვადასხვა დაზიანებით (დეტალურად მხოლოდ უფრო ხშირი მიზეზებია განხილული):
I. ტკივილი, რომელიც მუცლის შინაგანი ორგანოებიდან იწყება (მუცლის ვისცერული ტკივილი)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ღრუ ორგანოები
საყლაპავი: ეზოფაგიტი (მაგ. გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება); მედიკამენტური (მაგ. ბისფოსფონატი, ერითრომიცინი); მოტორიკის დაავადებები (მაგ. ატიპური აქალაზია); საყლაპავის კიბო
კუჭი: ქრონიკული გასტრიტი (მაგ: Helicobacter pylori); მედიკამენტით/ალკოჰოლით გამოწვეული; პეპტიურ წყლულოვანი დაავადება; კუჭის კიბო
წვრილი ნაწლავი: ანთება (მაგ. კრონის დაავადება); მედიკამენტური (მაგ. ასპირინი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები); ქვემწვავე ობსტრუქცია (მაგ. ნაწლავის შემოგრეხა, ინვაგინაცია)
მსხვილი ნაწლავი: ანთება (მაგ. წყლულოვანი კოლიტი, კრონის კოლიტი, ინფექციური გასტროენტერიტი); ქვემწვავე ობსტრუქცია (მაგ. ნაწლავის შემოგრეხა, სიმსივნე); კოლორექტული კიბო
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მყარი ორგანოები
ღვიძლი: ჰეპატოცელულარული კარცინომა, მეტასტაზები, აბსცესები
პანკრეასი: ქრონიკული პანკრეატიტი, პანკრეასის ცისტები/ფსევდოცისტები
ნაღვლის ბუშტი: ქოლეცისტიტი, ქოლელითიაზი
შარდ-სასქესო ტრაქტი
თირკმელები/შარდსაწვეთი/შარდის ბუშტი: ნეფროლითიაზი, პიელონეფრიტი, პერინეფრული აბსცესი
მუცლის გინეკოლოგიური დაავადებები: ენდომეტრიოზი
მუცლის ღრუს სისხლძარღვები
ჯორჯლის ქრონიკული იშემია/ნაწლავის იშემია/მუცლის ანგინა
ჯორჯლის ზედა არტერიის სინდრომი
II. ტკივილი, რომელიც გადაეცემა მუცლისგარე უბნიდან (მუცლის გადაცემითი ტკივილი)
მენჯი
მენჯის ქრონიკული ტკივილი (მაგ.: ინტერსტიციული ცისტიტი, ენდომეტრიოზი, ადჰეზიები, შარდსადინრის სინდრომი, მენჯის კუნთების ცვლილებები ან დისფუნქცია)[19]
ქალის გენიტალიები და რეპროდუქციული ორგანოები (მაგ. მენჯის ანთებითი დაავადება, ენდომეტრიოზი, საკვერცხის ცისტური დაავადებები, გინეკოლოგიური ავთვისებიანი მდგომარეობები)
მამაკაცის გენიტალიები და რეპროდუქტიული ორგანოები (მაგ. პროსტატიტი, წინამდებარე ჯირკვლის კიბო, ეპიდიდიმიტი, სათესლის ხანგამოშვებითი/განმეორებითი შემოგრეხა)[20]
გულმკერდი/თორაკალური ღრუ
ფილტვები (მაგ. ავთვისებიანი მდგომარეობა)
პლევრა და გულმკერდის კედელი
საყრდენ-მამოძრავებელი
მუცლის კედელი (მაგ. მუცლის კანის ნერვის მოყოლის სინდრომი, მუცლის კედლის თიაქარი)[21]
ხერხემალი (მაგ. რადიკულიტი)
ნეიროგენული მიზეზები
ჰერპეს-ზოსტერი
სისტემური/მეტაბოლური მიზეზები
გლუტენური დაავადება-ცელიაკია
ლაქტოზას აუტანლობა/ლაქტაზას დეფიციტი
მედიკამენტები: ნარკოტიკები, არადიჰიდროპირიდინული კალციუმის არხების ბლოკატორები, ვიტამინები, მინერალები (მაგ. რკინა, კალციუმი, მაგნიუმი და ალუმინი)
პორფირია: მწვავე ხანგამოშვებითი
მძიმე მეტალებით მოწამვლა: ტყვია/დარიშხანი
ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება
ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურია
IV. ნეიროგასტროენტეროლოგია
ნაწლავების გაღიზიანების სინდრომი
ფუნქციური დისპეპსია
ცენტრალურად მდებარე მუცლის ტკივილის სინდრომი (წარსულში- მუცლის ფუნქციური ტკივილის სინდრომი)
ნარკოტიკული ნაწლავის სინდრომი
მუცლის შაკიკი.
კლასიფიკაცია პათოფიზიოლოგიის მიხედვით
ორგანოების ან მათი სისტემების ჩართულობის გარდა, გათვალისწინებული უნდა იყოს ტკივილის პათოფიზიოლოგია.
1. მექანიკური ობსტრუქცია
ნაწლავის, საშარდე ან სანაღვლე გზების ობსტრუქცია ძირითად შემთხვევებში მწვავედ ვლინდება. ნაწილობრივი ან ხანგამოშვებითი ობსტრუქცია უფრო დიდხანს ვითარდება და გამოვლენამდე მეტი დრო გადის, ამიტომ მუცლის სიმპტომი ქრონიკული ან განმეორებითია.
2. ღრუ ორგანოს გაგლეჯა
ძირითადად უკავშირდება მწვავე გამოვლენას. თუმცა, მცირე ზომის პერფორაცია, რომელსაც სპონტანური მოშუშება ახასიათებს, იწვევს ადგილობრივი აბსცესების ჩამოყალიბებას, რაც მუცლის ქრონიკული ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს.
3. ქრონიკული ანთება
შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ქრონიკული ტკივილის სიმპტომები.
ნაწლავის ანთებამ შეიძლება მოიცვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა სეგმენტი. ანთება შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ეტიოლოგიებით. გავრცელებული მაგალითებია: ეზოფაგური რეფლუქსით გამოწვეული საყლაპავის ანთება, Helicobacter pylori-ით გამოწვეული კუჭის ანთება და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადებით გამოწვეული მცირე და / ან მსხვილი ნაწლავის ანთება.
ყოველთვის უნდა განვიხილოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ორგანოების (მაგ. პანკრეასი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი) და არაგასტროინტესტინური ორგანოების (შარდის ბუშტი და თირკმელები) ჩართვით მიმდინარე ანთებითი პროცესები.
4. იშემია
ნაწლავის სისხლმომარაგების შემცირება (ნაწლავის/ჯორჯლის იშემია) შეიძლება დაიწყოს მწვავედ და ჰქონდეს მძიმე (ზოგჯერ კატასტროფული) შედეგები; თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მდგომარეობა ქრონიკულია და ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული ან განმეორებითი სიმპტომებით. ჯორჯლის ქრონიკული იშემიის მქონე პაციენტთა უმრავლესობა უსიმპტომოა, რადგანაც ჯორჯლის 3 არტერიას შორის დამყარებულია სისხლის კარგი კოლატერალური მიმოქცევა. სიმპტომები ვლინდება როდესაც ჯორჯლის 3 მთავარი არტერიიდან 2-ში აღინიშნება მნიშვნელოვანი ხარისხის დახშობა.[22]
ჯორჯლის ქრონიკული იშემია (ზოგჯერ უწოდებენ ნაწლავის ანგინას) უნდა გავითვალისწინოთ ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც ფონური ათეროსკლეროზული, სისხლძარღვოვანი დაავადება და/ან მოწევის ხანგრძლივი ანამნეზი აქვთ და უვლინდებათ ყრუ, მოვლითი, მუცლის ზემო/ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი, რომელიც კვებიდან 1 საათში ვლინდება და 2-3 საათის შემდეგ თანდათან ქრება. სხვა შესაძლო სიმპტომებია გულისრევა და ღებინება, წონის კლება და საკვების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა.
მიკროვასკულური ოკლუზიური დაავადება ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის, მცირე ზომის სისხლძარღვების ვასკულიტის, დაბალი მიმოქცევის მდგომარეობის ან ვენური ოკლუზიის დაავადების მქონე პაციენტებში.
რადიოგრაფიულად გამოვლენილი ჯორჯლის არტერიების კალციფიკაცია მიუთითებს აღნიშნულ დიაგნოზზე, თუმცა მის დასადასტურებლად ძირითადად საჭიროა დამატებითი გამოკვლევები, როგორიცაა კტ ან მრტ ანგიოგრაფია.[23]
5. მედიკამენტები/პრეპარატები
მრავალი სხვადასხვა მედიკამენტი იწვევს ანთებას, დაზიანებას და ნაწლავის ლორწოვანის დაწყლულებასაც კი.
მაგალითებია: საყლაპავის ანთება ერითრომიცინის ან ბისფოსფონატების გამო, კუჭის ან წვრილი ნაწლავის ანთება ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ქრონიკული მოხმარების შემდეგ.
ზოგიერთი მედიკამენტი გამოხატული ანთებითი ნიშნების გარეშე იწვევს მუცლის სიმპტომებს, როგორიცაა ტკივილი. არადიჰიდროპირიდინული კალციუმის არხების ბლოკატორები, როგორიცაა დილტიაზემი და ვერაპამილი, ანელებენ ნაწლავის მოტორიკას და იწვევენ ქრონიკულ ყაბზობასა და ტკივილს. ვიტამინებისა და მინერალების გავრცელებული დანამატები, როგორიცაა რკინა და კალციუმი, შეიძლება ამძიმებდნენ ყაბზობას და მუცლის ტკივილს, ხოლო მაგნიუმი და ალუმინი (მაღალ დოზებში) იწვევენ ფაღარათს, ზოგჯერ მოვლითი ტკივილის ფონზე.
ნარკოტიკების ქრონიკული მოხმარება, ქრონიკული ყაბზობის გარდა, იწვევს შინაგანი ორგანოების ჰიპერალგეზიას და ნაწლავის მგრძნობელობის გაძლიერებას. ნარკოტიკების, განსაკუთრებით ხანმოკლე მოქმედების პრეპარატების, ხანგრძლივი გამოყენება იწვევს "გაყუჩებისა და გაუარესების" ეფექტს, რომლის დროსაც ტკივილის ხანმოკლე გაყუჩების შემდეგ ნაწლავების მგრძნობელობა იზრდება და ტკივილი ძლიერდება, რაც ნარკოტიკების მოხმარების საჭიროებას ზრდის. ნარკოტიკების ქრონიკული მოხმარების ფონზე (დოზების თანდათან ზრდის/დაკლების მიუხედავად) განვითარებული მუცლის ქრონიკული ტკივილი, რომელიც არ ემორჩილება ნარკოტიკულ მკურნალობას, ცნობილია ნარკოტიკული ნაწლავის სინდრომის სახელით (კუჭ-ნაწლავის სისტემის ოპიოიდებით გამოწვეული ჰიპერალგეზია).[24] ნარკოტიკული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები შეიძლება შემსუბუქდეს ოპიოიდის მოხსნის შემდეგ.[25]
6. კუჭ-ნაწლავის ტკივილის გამომწვევი ცენტრალურად გაშუალებული დაავადებები
ცენტრალურად გაშუალებული მუცლის ტკივილის სინდრომი წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ფუნქციურ დაავადებას. იგი გულისხმობს იმ მდგომარეობებს, რომლებიც განპირობებულია ცენტრალური ნერვული სისტემის სენსიბილიზაციითა და ტკივილის სიგნალების დისინჰიბირებით, და არა გაზრდილი პერიფერიული აფერენტული აღგზნებადობით. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და ფუნქციური დისპეპსიისაგან განსხვავებით, ცენტრალურად გაშუალებული მუცლის ტკივილის სინდრომის დროს ტკივილი მუდმივია და არ უკავშირდება პერიფერიულ მოვლენებს, როგორიცაა საკვების მიღება ან დეფეკაცია.[25]
ნარკოტიკული ნაწლავის სინდრომის (ოპიოიდებით გამოწვეული ჰიპერალგეზია) სიმპტომები შეიძლება შემსუბუქდეს ოპიოიდის მოხსნის შემდეგ.[25]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას