ეტიოლოგია

ცხელება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლინიკური სიმპტომია, რომელსაც პედიატრები და სხვა ჯანდაცვის პროვაიდერები მართავენ.[3][4]​ბავშვებში აუხსნელი ცხელების უამრავი მიზეზი არსებობს.​ ეტიოლოგია მოიცავს როგორც იშვიათ დაავადებებს, ისე გავრცელებულ ავადმყოფობებს, რომლებიც უჩვეულო კლინიკით ვლინდება. ბავშვების უმრავლესობას აქვს ფონური ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები.[5] თუ ანამნეზი ვერ შეგროვდა ადეკვატურად, არ ჩატარდა დეტალური გასინჯვა, დაყოვნდა შესაბამისი კვლევების ჩატარება ან გართულდა მისი შედეგების ინტერპრეტაცია, დიაგნოზი სწორად ვერ დაისმევა.

ინფექციები

უცნობი ეტიოლოგიის ცხელებით შესაძლოა გამოვლინდეს ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტული და მიკობაქტერიული ინფექციები, ასევე ტკიპებით გამოწვეული დაავადებები. სიმპტომები ხშირად უფრო ხანმოკლეა და ბაქტერიული ინფექციების დროს ბავშვები უფრო ავადმყოფურად გამოიყურებიან, ვიდრე ვირუსული ან პარაზიტული ინფექციების შემთხვევაში. ცხელების მქონე პაციენტებს, კლინიკურად გამოხატული ვირუსული მდგომარეობით, აქვთ ბაქტერემიის უფრო დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე პაციენტებს, რომელთა შემთხვევაშიც ინფექციის აშკარა წყარო არ ვლინდება.[6]

თუმცა ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა ცისტიტი, მენინგიტი და პნევმონია ცხელების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ბავშვთა ყველა ასაკობრივ ჯგუფში. უფროსი ასაკის ბავშვებს ხშირად აქვთ ლოკალური ნიშნები და სიმპტომები და ამ ჯგუფში უცნობი ეტიოლოგიის ცხელებით იშვიათად ვლინდება.

პაციენტებს, რომელთაც აქვთ ისეთი იშვიათი და არაენდემური ინფექციები, როგორიცაა ტუბერკულოზი, მალარია, დენგეს ცხელება და მუცლის ტიფი (ნაწლავური ცხელება), ხშირად აქვთ ახლო წარსულში საზღვარგარეთ მოგზაურობის ან ენდემურ რეგიონში მყოფ ადამიანებთან კონტაქტის ანამნეზი.

ბავშვებში ცხელების ინფექციური მიზეზები

  • მულტისისტემური ინფექციები

    • ბაქტერიემია

    • მალარია

    • დენგეს ცხელება

    • ჩიკუნგუნია

    • ზიკას ვირუსი

    • ტიფოიდური

    • ტუბერკულოზი

    • ციტომეგალოვირუსი (Cytomegalovirus)

    • ტოქსოპლაზმოზი

    • ვირუსული სინდრომები

    • გრიპი

    • ინფექციური მონონუკლეოზი

    • ტკიპისმიერი დაავადებები, როგორიცაა, ლაიმის დაავადება და კლდოვანი მთების ლაქოვანი ცხელება

    • კატის ნაკაწრის დაავადება

    • ბრუცელოზი

    • ლეპტოსპიროზი

    • ტულარემია

    • სტაფილოკოკური ტოქსიკური შოკის სინდრომი

    • სტრეპტოკოკური ტოქსიკური შოკის სინდრომი

    • ქუნთრუშა

  • საშარდე გზების ინფექციები

    • ცისტიტი

    • პიელონეფრიტი

  • კარდიული ინფექციები

    • ენდოკარდიტი

    • მიოკარდიტი[7][8]

  • რესპირატორული ინფექციები

    • პნევმონია

    • COVID-19

  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები

    • სინუსიტი

    • ტონზილიტი

    • შუა ყურის მწვავე ოტიტი

  • ძვლისა და რბილი ქსოვილის ინფექციები

    • ოსტეომიელიტი

    • სეპტიური ართრიტი

  • ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ინფექციები

    • მენინგიტი

    • თავის ტვისნის აბსცესი

    • ენცეფალიტი

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები

    • ღვიძლის აბსცესი

ორგანული დარღვევები

ანთებითი/სისხლძარღვთა დაავადებები

  • მიზეზებია: სისტემური წითელი მგლურა (SLE), კავასაკის დაავადება, რევმატული ცხელება, იუვენილური იდიოპათიური ართრიტი და სარკოიდოზი. პაციენტებს, რომელთაც აქვთ ცხელება, ხშირად აღენიშნებათ სხვა ასოცირებული სისტემური გამოვლინებები, როგორიცაა შეუძლოდ ყოფნა, ართრალგია, გამონაყარი და მულტისისტემური დაზიანება. კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებს შესაძლოა, გამოუვლიდეთ უცნობი ეტიოლოგიის ცხელება, თუმცა ყველაზე ხშირად ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ მუცლის ტკივილი და დიარეა.

  • პაციენტებს ხშირად მკურნალობენ იმუნოსუპრესიული მედიკამენტებით და აქვთ განმეორებითი ინფექციის განვითარების მაღალი რისკი, რაც შესაძლოა გამოვლინდეს პერსისტენტული ცხელებით.

ავთვისებიანი მდგომარეობები

  • ბავშვებში ცხელება შესაძლოა იყოს ავთვისებიანი მდგომარეობის გამოვლინება.[9] ყველაზე ხშირი მიზეზებია ლეიკემია და ჰოჯკინის და არაჰოჯკინის ლიმფომა. ამ პაციენტებს ესაჭიროებათ ურგენტული შეფასება და მართვა.

ენდოკრინული დაავადებები

  • თიროიდული კრიზი

ვეგეტატიური (ავტონომიური) დარღვევები

  • სიმპათიკური და/ან პარასიმპათიკური ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევები. პაციენტებში ტემპერატურის დისრეგულაცია ვლინდება ჰიპო- ან ანჰიდროზის გამო, რაც გვხვდება მემკვიდრეობითი სენსორული აუტოიმუნური ნეიროპათიის დროს.

მედიკამენტთან ასოცირებული ცხელება

ბევრი სამედიცინო პრეპარატი იწვევს მედიკამენტთან ასოცირებულ ცხელებას. წამლებმა ცხელება შესაძლოა სხვადასხვა მექანიზმის მეშვეობით გამოიწვიოს.

  • ჰიპერსენსიტიური რეაქციები ისეთ მედიკამენტებზე, როგორიცაა სალიცილატები, ანტიკონვულსანტები, სულფონამიდები, ბეტალაქტამური ანტიბიოტიკები, ანტიქოლინერგული მედიკამენტები და ნარკოტიკული საშუალებები (მაგ., ამფეტამინები, კოკაინი). შრატისმიერი დაავადება ჰიპერსენსიტიური რეაქციაა, რაც იწვევს იმუნური კომპლექსების ფორმირებას, რომელიც ილექება ქსოვილებში და შესაძლოა გამოიწვიოს ცხელება, გამონაყარი და პოლიართრალგია.

  • თერმორეგულაციის ცვლილება მედიკამენტებით, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და ანტიჰისტამინური საშუალებები.

  • იდიოსინკრაზიული რეაქცია, როგორიცაა სეროტონინის სინდრომი, ვლინდება ცხელებით, აგზნებით, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებითა და კუნთების რიგიდობით.

სუბფებრილური ცხელება ასევე ხშირია ბავშვთა ასაკის ვაქცინაციების შემდგომ.

ფსიქოსოციალური მიზეზები

იშვიათად, ცხელება შესაძლოა იყოს სიმულირებული ან განპირობებული დარღვევებით, რომელის დროსაც იმიტირება სხვა პირზე დელეგირდება(ადრე ცნობილი როგორც დელეგირებული მიუნჰაუზენის სინდრომი). ამ მდგომარეობებმა შესაძლოა გაართულოს დიაგნოზის დასმა; აუცილებელია ფსიქოსოციალური ანამნეზის კარგად შეკრება და შეფასება.

გარემო მიზეზები

ცხელ ამინდთან ექსპოზიციით გამოწვეული სითბური დაავადებები.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას