მიდგომა

ენდოსკოპია გახდა როგორც დიაგნოზის, ასევე თერაპიის ქვაკუთხედი. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება უგულვებელვყოთ დეტალური ანამნეზის შეგროვებისა და გასინჯვის მნიშვნელობა, ვინაიდან გამოკვლევის ეს მეთოდები საშუალებას გვაძლევენ გადავარჩიოთ პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ პალატაში მოთავსებას ან მოვლას ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში. ანამნეზითა და გასინჯვით აგრეთვე ერთმანეთისგან ვყოფთ სასწრაფო და გადაუდებელი ენდოსკოპიის საჭიროების მქონე პაციენტებს.

ანამნეზი.

სისხლი გასტროინტესტინურ ტრაქტში არის როგორც დიარეის, ასევე ღებინების ხელშემწყობი ფაქტორი. დეტალური ანამნეზის შეგროვებით ხშირად ხერხდება სისხლდენის მიზეზის ამოცნობა ენდოსკოპიურ დადასტურებამდე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ჩამოთვლილ ნიშნებსა და სიმპტომებზე:

გულისრევა და ღებინება

  • გულისრევისა და ღებინების არარსებობა მელენას ან ჰემატოხეზიის პირობებში, რომლებიც სავარაუდოდ სათავეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან იღებს, მიუთითებს, რომ სისხლდენა პილორუსის დისტალურად მიმდინარეობს.

  • გასტროინტესტინური არხის სანათურში სისხლის შეყოვნება იწვევს ჰემოგლობინის რკინის კომპონენტის ჟანგვას, რაც განაპირობებს სისხლის გამუქებას. ყავის მარცვლების ფერის პირნაღები მასა მიუთითებს ნელ, სავარაუდოდ წყვეტილ სისხლდენაზე; მელენა კი უმრავლეს შემთხვევაში უკავშირდება ზედა გასტროინტესტინურ და არა ქვედა გასტროინტესტინურ სისხლდენას, რომელიც გულისხმობს სისხლდენას თორმეტგოჯა და მლივი ნაწლავის შეერთების ადგილის დისტალურად, ტრეიცის იოგის მიდამოში.[57] ამგვარად, ყავის ნალექის ფერის პირნაღები მასა უფრო მეტად პეპტიკურ წყლულზე მიუთითებს და ნაკლებ სავარაუდოს ხდის ვარიკოზულ სისხლდენას.

  • საპირისპიროდ, სწრაფად განვითარებული ჰემატემეზისი მიუთითებს დაზიანებიდან აქტიურ სისხლდენაზე, რომელიც უხშირესად ვარიკოზულ სისხლდენას, (განსაკუთრებით ღვიძლის დაავადების ან პორტული ჰიპერტენზიის ნიშნების მქონე პაციენტებში) აქტიურად სისხლმდენ გასტროდუოდენალურ წყლულს ან თორმეტგოჯა ნაწლავის დიოლაფუას (Dieulafoy's lesion) დაზიანებას წარმოადგენს.

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სისხლდენა, რომელიც იწყება ღბინების შემდეგ მიუთითებს მელორი-ვეისის ნახეთქზე, თუმცა ასეთი ნახეთქის მქონე ბევრ პაციენტს ანამნეზში ღებინება არ აღენიშნება. საყლაპავის სპონტანური ჩახევა საყლაპავის დამძაბავი მოძრაობების შედეგად (ბორჰავის სინდრომი) შესაძლოა უკავშირდებოდეს მძიმე ჰემატემეზის განვითარებას.

მელენა

  • მელენა მჭიდრო კავშირშია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სისხლდენასთან.

  • მელენას ხანგრძლივობა გვეხმარება განვსაზღვროთ, ზედა გასტროინტესტინური სისხლდენა მწვავეა თუ ქრონიკული, ვინაიდან ქრონიკული მელენის განვითარებას არაერთი დაავადება (წვრილი ნაწლავის არტერიოვენური მალფორმაციები და ა.შ.) იწვევს. მელენას არსებობა 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში რთულად ამოსაცნობია, თუმცა მუდმივი მელენა მიუთითებს UGIB-ის უფრო დიდ ხანგრძლივობაზე.

  • თავისთავად მელენა არ წარმოადგენს გადაუდებელი ენდოსკოპიის ჩატარების ჩვენებას, თუმცა ასეთი პაციენტების გადასარჩევად მელენას რაოდენობის განსაზღვრა მაინც გვეხმარება.

  • აგრეთვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მელენას ჩივილით მომართული პაციენტი არ არის იგივე, რაც პაციენტი, რომელიც აქტიურად გამოყოფს მელენის ტიპის განავალს. როგორც ბისმუტის შემცველი პროდუქტები (მაგ. პეპტო-ბისმოლი), ასევე რკინის დანამატები აძლევენ განავალს მუქ ან შავ შეფერილობას. უნდა ჩატარდეს რექტული გასინჯვა თითით, მათ შორის განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე.

ჰემატოხეზია

  • ჰემატოშეზია უფრო ხშირია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილიდან სისხლდენის, ვიდრე ზედა ნაწილიდან სისხლდენის დროს. თუმცა სწორ ნაწლავში ღია წითელი სისხლის ნახვა შესაძლებელია ზედა გასტრინტესტინური აქტიური სისხლდენის დროს, როდესაც სისხლის გადაადგილების სისწრაფე გვერდს უვლის მონელების ნებისმიერ ფაზას. ამგვარად, სისხლდენის რაოდენობის შეფასება მნიშნელოვანია 2 მთავარი მიზეზით:

    • დიდი მოცულობის ჰემატოხეზია ანამნეზში თანდართული სხვა ფაქტორებით, რომელიც მიუთითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენაზე საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას ზედა გასტროინტესტინური ენდოსკოპიით.

    • მცირე მოცულობის ჰემატოშეზია, რომელიც მხოლოდ დეფეკაციას უკავშირდება ან სხვა ნიშნების გარეშე მიუთითებს ზემომდებარე წყაროზე, მიგვანიშნებს ქვედა გასტროინტესტინურ სისხლდენაზე. შესაბამისად, ნაჩვენებია კოლონოსკოპია.

  • უნდა აღინიშნოს, რომ სისხლდენის ხანგრძლივობა მნიშნველოვანია: მუდმივი ან ხანგამოშვებითი ჰემატოქეზია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სისხლდენას ნაკლებ სავარაუდოს ხდის. თითით რექტული გასინჯვა ანუსის დეტალური ვიზუალური ინსპექციით საჭიროა გარეგანი ჰემოროიდების, როგორც ჰემატოხეზიის გამომწვევი მიზეზის გამოსარიცხად. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებების დიდ ნაწილში ანოსკოპი ხელმისაწვდომია.

  • კუჭის ვარიკოზები მკვეთრად უკავშირდება მასიურ სისხლდენასა და სწრაფ ჰემოდინამიკურ დარღვევას. დიოლაფუას დაზიანებეი ხშირად ვლინდება სისხლის სწრაფი დაკარგვით, თუმცა სისხლდენა შესაძლოა იყოს წყვეტილი ხასიათის.

  • აორტოენტერული ფისტულები ძირითადად ვლინდება "მაცნე სისხლდენით" (სწრაფად კუპირებადი სისხლდენის ეპიზოდი, რომელიც წინ უძღვის მასიურ სისხლდენას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს პაციენტის სისხლისგან დაცლა) როგორც ჰემატოხეზიის, ასევე ჰემატემეზისის სახით.

    • აორტოენტერული ფისტულა შეიძლება ხშირად გამოვლინდეს ენდოსკოპიისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ) დროს და მეტად სავარაუდოა გამოვლინდეს თორმეტგოჯა ნაწლავის მესამე ნაწილში.[58][59]

კვება

  • არც თუ ისე იშვიათად, პაციენტები, რომლებიც მოიხმარენ დიდი რაოდენობით წითელ ჟელატინს ან წითელი ფერის სასმელებს, მიიჩნევენ, რომ წითელი შეფერილობის პირღანები მასა ჰემატემეზია.

კონსტიტუციური სიმპტომები

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სიმსივნეები შეიძლება იყოს ასოცირებული უნებლიე წონის კლებასთან ან ღამის ოფლიანობასთან.

მედიკამენტები

  • წამალთან დაკავშირებული გასტროინტესტინური სისხლდენა უფრო ხშირია ხანდაზმულებში (65 წლის და უფროსი ასაკის).[60]

  • აუცილებელია პაციენტის მიერ მიღებული მედიკამენტების მიმოხილვა, რათა გამოვავლინოთ მდგომარეობის შესაძლო გამომწვევი აგენტები.

  • 4 ან მეტი მედიკამენტის გამოყენება დაკავშირებულია იდიოპათიური პეპტიკური წყლულის (PUD) განვითარებასთან.[61]

  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (NSAID)

    • პეპტიკური წყლული ხშირად გამოწვუელია არასეტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით ან მათი კომბინაციაში გამოყენებით კორტიკოსტეროიდებთან და/ან ანტიაგრეგანტულ ან ანტიკოაგულანტებთან ერთად.

    • ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებმა თავად არ იციან, რომ იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ვინაიდან ისინი შედიან ზოგიერთი ანტაციდის ან ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის შემადგენლობაში.

  • კორტიკოსტეროიდები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან კომბინაციაში ძლიერ უწყობს ხელს წყლულის ჩამოყალიბებას. სტეროიდების ხანმოკლე კურსიც კი (<14 დღე) დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის რისკის მატებასთან, განსაკუთრებით მედიკამენტების დაწყებიდან 1 თვის ფარგლებში.[62]

  • ანტიაგრეგანტ/ანტიკოაგულანტიური თერაპია

    • მწვავე კარდიოვასკულური დაავადებების მქონე პაციენტებს ხშირად მკურნალობენ ერთროუალდ ანტიკოაგულანტი და ანტიაგრეგატული აგენტებით, რის გამოც მათ ხშირად უყალიბდებათ ზედა გასტროინტესტინური სისხლდენა.

    • ერთი კვლევის მიხედვით, ასპირინის და/ან რივაროქსაბანის მიმღები პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, იმყოფებიან გასტროინტესტინური კიბოს ახალი დიაგნოზის დადგენის 20-ჯერ უფრო მაღალი რისკის ქვეშ, ვიდრე ისინი, ვისაც არ აღენიშნება გასტროინტესტინური სისხლდენა.[51]

ანამნეზში ალკოჰოლიზმის ან ღვიძლის ქრონიკული დაავადების არსებობა

  • მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ პორტულ ჰიპერტენზიას, ხელს უწყობენ ვარიკოზების განვითარებას. ანამნეზში ალკოჰოლის ქრონიკული ან ჭარბი გამოყენება, წამლების ინტრავენური გამოყენება (ან ქცევა, რომელიც აყენებს პირს ჰეპატიტის შეძენის რისკის ქვეშ) ან ღვიძლის ფონური დაავადება მკვეთრად მიუთითებს ვარიკოზულ სისხლდენაზე, რის გამოც საჭიროა სათანადო ზომების (ინტრავენური ოქტრეოტიდი) მიღება.

  • აღსაღნიშნია, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა იწვევს კოაგულოპათიას; ეს მდგომარეობა შესაძლია იყოს მძიმე და ხელს უშლიდეს ენდოსკოპიურ თერაპიას.

სამედიცინო ანამნეზის სხვა რელევანტური ასპექტები

  • ხანგრძლივი გულძმარვის პირობებში ხშირად გვხვდება ეზოფაგიტი. პაციენტები ზოგჯერ უჩივიან სიმძიმის შეგრძნებას; შესაძლოა აღინიშნებოდეს ხმის ჩახლეჩა. ბევრ პაციენტს, რომელიც შემოდის კლინიკაში ჩივილით მელენაზე და სავარაუდოდ აღენიშნება პეპტიკური წყლული, ენდოსკოპიით უვლინდება ეზოფაგიტი.

  • პეპტიკური წყლულოვანი დაავადება ანამნეზში ზრდის პათოლოგიის ხელახალი განვითარების ალბათობას.[61]

  • საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარის არსებობის შემთხვევაში ეჭვი უნდა მივიტანოთ მელორი-ვეისის ნახეთქზე.

  • არტერიოვენური მალფორმაციების წარმოქმნა უკავშირდება ციროზს, თირკმლის ბოლო სტადიის დაავადებას, ხანდაზმულობასა და ვონ ვილებრანდის დაავადებას.

  • დიოლაფუას დაზიანებები მიჩნეულია თანდაყოლილ ვასკულურ ანევრიზმებად, თუმცა ეს დარღვევები სიმპტომატიკას იწვევენ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ალკოჰოლის არასათანადო მოხმარება, კარდიოვასკულური დაავადებები: ჰიპერტენზია, დიაბეტი ან თირკმლის ქრონიკული დაავადება.

  • ანამნეზში სისხლძარღვის იმპლანტის ან აორტის ანევრიზმის არსებობა გვაძლევს საფუძველს მივიტანოთ კლინიკური ეჭვი აორტოენტერულ ფისტულაზე.

  • კოაგულოპათიის არსებობა უნდა გავივალისწინოთ ანამნეზში შედედების გენეტიკური დარღვევების შემთხვევაში (მაგ. ჰემოფილია, ვონ ვილებრანდის დაავადება).

  • პორტული ჰიპერტენზია შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლძარღვების პათოლოგიებით და ალკოჰოლური ციროზისგან დამოუკიდებელი მდგომარეობებით; ვენების ვარიკოზული გაგანიერება არ უნდა გამოვრიცხოთ ბავშვებშიც.

სოციალური ანამნეზი

  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAID) გარდა პეპტიკურ წყლულოვან დაავადებას (PUD) ასევე ხშირად იწვევს ფონური ინფექცია Helicobacter pylori-ით. მნიშვნელოვანია შეფასდეს H pylori-ის ინფექციის რისკი, ვინაიდან ადამიანები, რომლებიც გაიზარდნენ ან ბოლო დროს იმოგზაურეს ინფექციისთვის ენდემურ, განვითარებად ქვეყნებში, ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. H pylori-ზე ნამკურნალებ პაციენტებს ხშირად არ უდასტურდებათ ბაქტერიის აღმოფხვრა, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩატარებული მკურნალობა არ განვიხილოთ განკურნებად.

  • შისტოსომოზი პორტული ჰიპერტენზიის უკიდურესად იშვიათი გამომწვევია. ხსენებული ინფექციის არსებობაზე უნდა ვიფიქროთ მშობიარობის კონკრეტული შემთხვევებისას, პაციენტის სპეციფიკური პროფესიული გარემოს გათვალისწინებით ან იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი დიდი პერიოდის განმავლობაში იმყოფება აზიაში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში ან კარიბებზე.

ფიზიკური გამოკვლევა

გასინჯვის შედეგად საჭიროა პასუხი გაეცეს ორ მთავარ კითხვას:

  • როგორია ანემია/ჰიპოვოლემიის ხარისხი?

  • აღინიშნება თუ არა ღვიძლის ქრონიკული დაავადების ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ვარიკოზულ სისხლდენაზე?

პაციენტის ორგანიზმში სითხის მოცულობების სტატუსის შესაფასებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სასიცოცხლო მაჩვენებლები. არტერიული სისხლის წნევა თავდაპირველად შეიძლება იყოს ნორმაში, ამიტომ, მიმოქცევის სტატუსის უფრო მგრძნობიარე საზომი გულისცემის სიხშირეა.[63] იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის თანხმლები დაავადება არ წარმოადგენს უკუჩვენებას, ჰიპოტენზიით მიმდინარე ტაქიკარდიის შემთხვევაში აუცილებელია სითხის მოცულობის ინტენსიური აღდგენა. პაციენტის დასტაბილურების შემდეგ საჭიროა ორთოსტატული არტერიული წნევის განსაზღვრა. კაპილარული ავსება, ლორწოვანი გარსების სისველე და სიფერმკრთალის არარსებობა აგრეთვე დაგვეხმარება ანემიის/ჰიპოვოლემიის ხარისხის შეფასებაში.

ღვიძლის ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს პორტულ ჰიპერტენზიას, შეიძლება გამოვლინდეს ერთი ან მეტი სახით:

  • ენცეფალოპათია ასტერიქსისთან ერთად ან მის გარეშე

  • სკლერების სიყვითლე

  • ობობასებრი ტელანგიექტაზიები, იგივე ობობასებრი ანგიომა სახეზე, გულმკერდზე ან მუცელზე

  • გინეკომასტია

  • ჰეპატომეგალია ან სპლენომეგალია

  • ასციტი

  • მედუზას თავი (Caput medusae) კრუვეილიერ-ბაუმგარტენის (Cruveilhier-Baumgarten's) ხმიანობასთან ერთად ან მის გარეშე

  • ჰიპოგონადიზმი

  • ტერის ფრჩხილები (თეთრი ფერის ფრჩხილები)

  • ხელისგულის ერითემა.

ნესტოებისა და პირხახის ვიზუალიზაციის საშუალებით შესაძლოა გამოვლინდეს სისხლდენის წყარო, რომელიც არ საჭიროებს ენდოსკოპიურ მართვას. ამ ორგანოების ვიზუალიზაცია საჭიროა გამომდინარე იმ მსგავსებიდან, რომელიც ახასიათებს ეპისტაქსისს ან ღრძილებიდან სისხლდენას კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტის სისხლდენასთან მიმართებაში.

აუცილებელია ასევე თითით რექტული გასინჯვა. შორისის მიდამოს ვიზუალური ინსპექციით შესაძლებელია გარეგანი ჰემოროიდების გამორიცხვა. უნდა ჩატარდეს განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე.

შეიძლება დაგვეხმაროს ტკივილისა და დისკომფორტის ხარისხის, ადგილმდებარეობისა და ხასიათის განსაზღვრა. პეპტიკური წყლულოვანი დაავადების დროს საკვების მიღება ხშირად ამსუბუქებს ტკივილს აბდომინურ არეში; ასევე ხშირია მტკივნეულობა პალპაციით შუა ეპიგასტრიულ არეში. სისხლდენას რიგ შემთხვევებში თან ახლავს შუა ეპიგასტრიუმის ან რეტროსტერნული ტკივილი მელორი-ვეისის სინდრომის მქონე პაციენტებში. აორტოენტერული ფისტულა ზოგჯერ ვლინდება მუცლის ან ზურგის ძლიერი ტკივილითა და ცხელებით.

ეზოფაგიტი ზოგჯერ ასოცირებულია ხმის ჩახლეჩასთან (დისფონია). კახექსიის პირობებში ეჭვი უნდა მივიტანოთ გასტროინტესტინურ ან სხვა წარმოშობის სიმსივნეზე. ამასთან ერთად, ზედა გასტროინტესტინური ტრაქტის სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს ზოგჯერ აღენიშნებათ პალპირებადი წარმონაქმნი მუცლის არეში და/ან გადიდებული ღვიძლი.

ლაბორატორიული ანალიზები და რადიოლოგიური კვლევები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სისხლდენის მქონე პაციენტებში გასაკეთებელი ძირითადი ტესტები მოიცავს სისხლის საერთო ანალიზს და კოაგულოგრამას (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა და პროთრომბინის დრო). ვინაიდან ზედა გასტროინტესტინარული სისხლდენის მქონე პაციენტების კლინიკური მდგომარეობა სწრაფად უარესდება, უნდა განისაზღვროს სისხლის ჯგუფი სისხლის პროდუქტების მოსალოდნელი საჭიროებიდან გამომდინარე.

შარდოვანას მომატებული დონე ხშირია ზედა გასტროინტესტინური სისხლდენისას; წვრილ ნაწლავში სისხლის გადაადგილების და, შესაბამისად, მისი ნაწილობრივი მონელების შედეგად შესაძლოა გაიზარდოს შარდოვანას მაჩვენენელი და შარდოვანა/კრეატინინის შეფარდება.

ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც ანამნეზისა და გასინჯვის მეშვეობით ვერ დგინდება სისხლდენის წყარო, საჭიროა მუცლის ღრუს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება პერორალური და ინტრავენური საკონტრასტო საშუალებებით.

ენდოსკოპია

ენდოსკოპია მაღალი ეფექტურობით ხასიათდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სისხლდენის მიზეზების ერთდროულად დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით.[2]

ენდოსკოპიის დროის შერჩევა

  • ზოგადად, ენდოსკოპია უნდა ჩატარდეს პაციენტის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, ჰემოდინამიური სტაბილურობის შემთხვევაში.[10][17]​​[27][37][38][39][40][41]

  • შესაბამის პირობებში ენდოსკოპია შეიძლება გამოვიყენოთ პაციენტის ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილების მისაღებად. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში შეფასების პირობებში, გაწერა საავადმყოფოდან და მათი ამბულატორიულ რეჟიმში შემოწმება სავსებით შესაძლებელია იმ (ჰემოდინამიკურად სტაბილურ) პაციენტებში, რომლებსაც სისხლდენის შესაფასებლად უტარდებათ ზედა ენდოსკოპია და შემდგომ უმჟღავნდებათ განმეორებითი სისხლდენის დაბალი რისკის შემცველი ნიშნები.[34][64]ენდოსკოპია ამცირებს სისხლის გადასხმის საჭიროებას, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნის პერიოდს და ჯამურად საავადმყოფოში ყოფნის პერიოდს.[65]

ენდოსკოპიური მართვა

  • ვარიანტები არავარიკოზული სისხლდენის დროს:[2][10][41]

    • თერმული კაუტერიზაცია (გამათბობელი ზონდები, ორპოლუსიანი ზონდები, არგონის პლაზმით კოაგულაცია)

    • მექანიკური დამჭერები (მცირე და დიდი ზომის).

    • სალინის ან განზავებული ადრენალინის ინექცია ტამპონადის ინდუცირების მიზნით და:

      • კიდევ ერთი მასკლეროზებელი, ან

      • კაუტერიზაცია, ან

      • სამაგრები (კლიპირება)

    • ჰემოსტატური ფხვნილი გამოიყენება სპრეის სახით მწვავე სისხლდენის კონტროლისთვის, შემდეგ კი დამხმარე თერაპიული საშუალება (მაგ. თერმული ან მექანიკური თერაპია) მდგრადი ჰემოსტაზის შესანარცუნებლად.[42][43] აშშ-ში და მსოფლიოს სხვა ნაწილებში ხელმისაწვდომია ჰემოსტატური ფხვინლები.[44][45][46][47][48]

  • ვარიკოზული სისხლდენის ვარიანტები:[49]

    • ვარიკოზული ლიგირება

    • სკლეროთერაპია.

ენდოსკოპიის დროს აღებული კუჭის ლორწოვანი გარსის ბიოფტატი უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში H pylori-ის ტესტირებისა და ჰისტოლოგიური გამოკვლევისთვის.

შეერთებულ შტატებში, ციანოაკრილატის ენდოსკოპიური ინექცია შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭის ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს, თუმცა, ის ფართოდ არ არის ხელმისაწვდომი და უნდა ჩატარდეს მხოლოდ ენდოსკოპისტების მიერ, რომლებმაც გაიარეს სპეციალური ტრენინგი და გართულებების შემთხვევაში გამოცდილი ინტერვენციული რადიოლოგების თანდასწრებით.[36]

თუ სისხლდენის ლოკაციის დადგენა შეუძლებელია ენდოსკოპიით ან სისხლდენის კონტროლი შეუძლებელია, ვისცერული არტერიოგრაფია ან CT ანგიოგრაფია არის ადეკვატური შემდეგი ნაბიჯები.[66][67]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას