შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
ასაკის სპეციფიკური ჰიპოტენზია და ცივი, წებოვანი კანი, მოუსვენრობა. 21 წლის მამაკაცს 3 დღეა აწუხებს უწყვეტი, მაღალი ცხელება. იგი ასევე უჩივის გენერალიზებულ ტკივილსა და მტკივნეულობას, რომელიც წელის მიდამოდან იწყება. ასევე ვლინდება თავის ტკივილი, რომელიც თავის წინა ნაწილში უფრო ძლიერია და რეტროორბიტული ტკივილი, რომელიც თვალის მოძრაობისას უარესდება. პაციენტის მადა დაქვეითებულია, მაგრამ შეუძლია სითხეების ატანა და სხვა სიმპტომებს არ უჩივის. იგი ცხოვრობს აშშ-ს ერთ-ერთ სოფელში, რომელშიც ახლახანს დენგეს ცხელების მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასინჯვისას, ტემპერატურა აღწევს 38.3°C-ს (101°F), არტერიული წნევა 110/80 მმ.ვწყ.სვ., და სხივის არტერიაზე პულსი 92 დარტყმა წუთში. თქვენ ამჩნევთ, რომ პაციენტის კანი ჰიპერემიულია მთელ ტანზე, თუმცა უფრო შესამჩნევია სახეზე, ყურებზე და ტუჩებზე. სიწითლე ფერმკრთალდება თითით ზეწოლისას. პაციენტის მტევნები და ტერფები თბილია, კაპილარების ავსების დრო <2 წმ-ზე. სუნთქვა ნორმალურია, ენა ოდნავ გამომშრალია.
შემთხვევის ანამნეზი #2
13 წლის გოგონა 5 დღეა უჩივის მაღალ ცხელებას. ასევე უჩივის ძლიერ რეტროორბიტულ ტკივილს, ძვლისა და სახსრების ტკივილს, გულისრევას, ყაბზობას და მუცლის ზედა ნაწილის ტკივილს. პაციენტმა ორჯერ აღებინა და უჩივის ვაგინალურ სისხლდენას, რომელსაც მენსტრუაციას მიაწერს. იგი წამოდგომისას გრძნობს თავბრუსხვევას, თითქოს გული მისდის. წინა დღეს პაციენტმა მხოლოდ ორჯერ მოშარდა. გასინჯვისას, იგი ფებრილურია, შეუძლოდ გამოიყურება და დეჰიდრირებულია. კიდურებზე აღენიშნება წითურასებრი გამონაყარი, მოწითალო ლაქებითა და პეტექიებით. შეხებისას მტევნები და ტერფები გადაციებულია და მოლურჯო ფერისაა. კაპილარების ავსების დრო >3 წმ-ზე, სუნთქვის სიხშირე არის 22 ჩასუნთქვა წუთში, პულსი არის 108 დარტყმა წუთში, მწოლიარე მდგომარეობაში არტერიული წნევა 90/80 მმ.ვწყ.სვ., წამოდგომისას იკლებს 30 მმ.ვწყ.სვ.-ით. მუცელი ოდნავ შებერილია, ეპიგასტრიუმი პალპაციისას მტკივნეულია, ფერდქვეშა არეები მოყრუებულია.
სხვა გამოვლინებები
სხვა გამოვლინებები უფრო იშვიათია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ. ენცეფალოპათია უნდა განიხილებოდეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ცნობიერების დონე შეეცვლება. კონკრეტულად, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია უნდა განვიხილოთ სიყვითლის ან ასტერიქსისის (ღვიძლისმიერი ტრემორი) არსებობის შემთხვევაში. ენცეფალიტი უნდა განვიხილოთ გულყრების შემთხვევაში. მიოკარდიტი შესაძლებელია გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც ჭარბ ან უჩვეულო დაღლილობას, გულმკერდის არეში დისკომფორტს, ჰიპოქსიას, ტაქიკარდიას ან ბრადიკარდიას ან ელექტროკარდიოგრამის ცვლილებებს უჩივიან (მათ შორისაა T კბილის ინვერსია ან ჰისის კონის ტოტების ბლოკადები). გასტროინტესტინური ნიშნების შემთხვევაში (მაგ. წყლიანი დიარეა, ტკივილი მარჯვენა ზედა ან ქვედა კვადრანტში) შესაძლებელია გამოვლინდეს აკალკულოზური ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი, მწვავე პანკრეატიტი ან მწვავე აპენდიციტი. შესაძლებელია რაბდომიოლიზის, პერსისტენტული თრომბოციტოპენიისა და ჰემოფაგოციტური სინდრომის განვითარებაც.[1] იშვიათად დენგეს ცხელებას თან ახლავს ბაქტერიემია. რისკ ფაქტორები მოიცავს დენგეს მძიმე ინფექციას, ხანდაზმულ ასაკს და თანმხლებ დაავადებებს.[4]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას