მიდგომა
EEEV ინფექციის დაგნოსტირება ემყარება კლინიკურ სურათს, ანამნეზს და გასინჯვის შედეგებს, ლაბორატორიული ტესტები აუცილებელია დიაგნოზის დასადასტურებლად. EEEV ინფექციის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია საფუძვლიანი ეჭვი, ვინაიდან შემთხვევებს აქვს სპორადული ხასიათი, გვხვდება ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსა და მექსიკის ყურეში. ვირუსი აღმოაჩინეს სამხრეთ ამერიკაშიც, სადაც მან გამოიწვია ადამიანის დაავადება აღმოსავლეთ პანამასა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში, თუმცა შემთხვევები ძალიან იშვიათად. სამხრეთ ამერიკის EEEV-ს (ცნობილია როგორც Madariaga ვირუსი [MADV]) ჩრდილოეთ ამერიკის EEEV-გან განსხვავებული გენეტიკური ხაზი აქვს. ის ნაკლებად ვირულენტულია, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის EEEV და დაკავშირებულია მნიშვნელოვნად ნაკლებ სიკვდილობასთან.
დაავადების კლინიკური გამოვლინებების სპექტრი ემთხვევა სხვა ვირუსული ინფექციებით გამოწვეულ კლინიკური გამოვლინებების სპექტრს; შესაბამისად დიფერენციული დიაგნოზის დასმა რთულდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პაციენტში EEEV ინფექცია შეიძლება უსიმპტომო იყოს, ტიპური გამოვლინება მოიცავს ცხელებას, თავის ტკივილს, მენტალური სტატუსის ცვლილებას ან/და გულყრებს. EEEV ინფექციის დიაგნოზი შეიძლება ვივარაუდოთ ამ სიმპტომების საფუძველზე და ენდემურ რეგიონში, კერძოდ, ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტიკური სანაპიროს და მექსიკის ყურის შტატების ტყიან ტენიან და დიდი ტბების მიდამოებში, მოგზაურობის, მუშაობის ან ცხოვრების ანამნეზთან ერთად. სხვა დამაეჭვებელი ეპიდემიოლოგიური და გარემო ფაქტორები მოიცავს კოღოს სეზონის პიკს, ბოლო პერიოდში უხვ ნალექს, ან სხვა ეპიზოოტიკურ შემთხვევებს ცხენებში. დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევები - სეროლოგია, ან ვირუსის იდენტიფიკაცია უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (RT-PCR) მეშვეობით ან ვირუსის გამოყოფა.
ცხენის აღმოსავლური ენცეფალომიელიტის ვირუსით ინფექცია შეტყობინებადი დაავადებაა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში.
ანამნეზი
ჩვეულებრივ, პაციენტის ანამნეზი მოიცავს კოღოების გარემოცვაში მოხვედრას, ენდემურ რეგიონებში ცხოვრებას ან მუშაობას. კოღოების გავრცელების რეგიონებში პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ცხენების დაავადების შესახებაც.
EEEV -ს ინკუბაციური პერიოდი ადამიანში სავარაუდოდ გრძელდება 4-დან 10 დღემდე.[34] ინკუბაციური პერიოდის შემდეგ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ გრიპის ან დენგეს ცხელების მსგავსი სიმპტომები (ცხელება, ჟრჟოლა, ძლიერი თავის ტკივილი, ართრალგია, მიალგია) ნევროლოგიური სიმპტომატიკით ან მის გარეშე. ინტენსიური ან ზომიერიდან ძლიერამდე თავის ტკივილი, ან ზომიერი თავის ტკივილი, რომელიც თანდათანობით უარესდება, მიუთითებს ნევროლოგიურ ჩართულობაზე. ნევროლოგიური/ცნს ჩართულობა (მაგ. ენცეფალიტი) ყველაზე ხშირია 15 წლამდე ან 50 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფებში. თუმცა, მადარიაგას ვირუსით გამოწვეული ნევროლოგიური ჩართულობა უფრო პრევალენტურია ბავშვებში.[16] ნევროლოგიური სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში ცხელება, როგორც წესი, სრულდება 1-2 კვირაში.[5] ნევროლოგიური სიმპტომები ვითარდება დაავადების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ და მოიცავს გაღიზიანებას, ძილიანობას, მენტალური სტატუსის შეცვლას, გულყრებს, კრანიალური ნერვების დამბლას, ფოკალურ სისუსტეს, ფოტოფობიას და მენინგიზმს. ამ სტადიაზე შესაძლებელია აგრეთვე გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა. მძიმე შემთხვევები თითქმის ყოველთვის იწვევს კომას და სიკვდილს, როგორც წესი, სიმპტომების გამოვლინებიდან 2- 10 დღეში.[5][15][35] აღწერილია EEEV-თან დაკავშირებული ერთი ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზის შემთხვევა 5 თვის ბავშვში, შემდგომი მძიმე ნევროლოგიური დაზიანებითა და გარდაცვალებით.[4]
ფიზიკური გამოკვლევა
დაავადების ადრეულ ეტაპზე გაზინჯვისას შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერთერმია. თუ არ არის ნევროლოგიური / ცნს ჩართვა, ნიშნები მოიცავს: კისრის გაშეშებას (კეფის კუნთების რიგიდობა), მენტალური სტატუსის ცვლილებას, ტრემორს, ფოკალურად მოტორული ფუნქციის დარღვევას, ჰემიპარეზს და გულყრებს.[5] გულყრები ყველაზე ხშირად გენერალიზებული ხასიათისაა და იშვიათად ადგილობრივი.[36] ინტენსიური თავის ტკივილი კისრის გაშეშებით / კეფის კუნთების რიგიდობით მიუთითებს ნევროლოგიურ ჩართვაზე.
საწყისი კვლევები
პაციენტებისთვის, ვისაც აქვს EEEV ინფექციაზე დამაეჭვებელი ნიშნები და სიმპტომები, აუცილებელია ლაბორატორიული ტესტები (მაგ, სისხლის საერთო ანალიზი, ძირითადი მეტაბოლური პანელი). სისხლის საერთო ანალიზმა შეიძლება გამოავლინოს ლეიკოციტოზი.[36] სისხლის ბიოქიმიური ანალიზი ხშირად ავლენს ჰიპონატრიემიას.[36]
სპეციფიკური დიაგნოსტიკა ხორციელდება სეროლოგიურად (მაგ. იმუნოსორბენტული ანალიზის მეშვეობით) დაწყვილებული მწვავე და კონვალესცენტური ფაზების პლაზმის ნიმუშებით, ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტის ვირუსის სპეციფიკური IgG-ის 4-ჯერადი ზრდის იდენტიფიკაციით ან ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტის ვირუსი IgM-ის დადგენით შრატში ან თავზურგტვინის სითხეში. IgM და IgG დადებითი ხდება ავადმყოფობის დაწყებიდან დაახლოებით 5 დღეში. IgM რჩება დადებითი დაავადების გამოვლენიდან სულ მცირე 1 თვის განმავლობაში, ხოლო IgG შესაძლოა დადებითი დარჩეს ათწლეულების განმავლობაში. იმუნოსორბენტულ ანალიზს (განსაკუთრებით IgG ELISA) აქვს ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტის ვირუსისადმი დაბალი სპეციფიკურობა, ვირუსის სხვა ალფავირუსებთან (მაგალითად, ვენესუელის ცხენის ენცეფალიტის, მაიაროს და ჩიკუნგუნიას ვირუსები) ჯვარედინი რეაქციისკენ ტენდენციის გამო; ამიტომ, თუ სეროლოგიისთვის გამოიყენება ELISA, რეკომენდებულია ფოლაქის შემცირების ნეიტრალიზაციის ტესტით (PRNT) შემდგომი დადასტურება.
EEEV დაინფიცირებულ პაციენტებში ვირემია ძალზე ტრანზიტორულია, ვირუსის გამოყოფა ან გაძლიერება უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით პერიფერიულ სისხლში იშვიათია; აქედან გამომდინარე სეროლოგიური დიაგნოსტიკა ძირითად მეთოდად რჩება. თუ ეჭვია ნევროლოგიურ /ცნს ჩართვაზე, ლუმბალური პუნქცია აუცილებელია; უნდა შემოწმდეს უჯრედების რაოდენობა, კულტურა, სტანდარტული ბიოქიმიური მაჩვენებლები (მაგ.: გლუკოზა, ცილები), აგრეთვე ვირუსის იდენტიფიკაცია უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ან ვირუსის გამოყოფით. როგორც წესი, EEEV დაინფიცირებულ პაციენტებს აქვთ ნეიტროფილური პლეოციტოზი და მომატებული ერითროციტები და მომატებული ცილები.[2][36]
ასეთი სპეციფიკური დიაგნოსტიკის მეთოდები ენდემურ რეგიონებში ხელმისაწვდომია მხოლოდ ცენტრალურ ლაბორატორიებში ან დაავადებათა კონტროლის ზოგიერთ სახელმწიფო დაწესებულებაში (მაგ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებში [CDC], აშშ).
EEEV დიაგნოსტიკისთვის კომპიუტერული გამოკვლევა არ არის საჭირო, მაგრამ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ცნს ჩართვის შესაფასებლად. ცენტრალური ნერვული სისტემის ანომალიების გამოსავლენად MRI უფრო გრძნობიარეა, ვიდრე CT.[36] დასაწყისში თავის კტ-მ შეიძლება პათოლოგია არ გამოავლინოს.[2] თუ CT დაზიანებებს აჩვენებს, როგორც წესი, ისინი წარმოდგენილია ბაზალურ განგლიებში, თალამუსში ან თავის ტვინის ქერქში.[2][36] T2 შეწონილი გამოსახულება ავლენს მომატებული ინტენსივობის სიგნალის უბნებს, აგრეთვე ბაზალურ განგლიებში, თალამუსში და თავის ტვინის ქერქში.
სხვა გამოკვლევები
ელექტროენცეფალოგრამა (EEG) ასევე შეიძლება გამოიყენოთ ს ცნს-ის ჩართულობის შესაფასებლად. შეიძლება აჩვენოს ზოგადი მოდუნება, სუბკლინიკური ეპილეფსიური სტატუსი და ეპილეპტიფორმული აქტივობა.[2]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას