შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
50 წლის მამაკაცი სარკოიდოზის, ჰიპერტენზიის და წინაგულების ფიბრილაციის ანამნეზით შემოვიდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ფსიქიკური სტატუსის ცვლილებით და გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრით. პაციენტი ცხოვრობს სოფელში ჩრდილოეთ ფლორიდაში და ზოგჯერ ნადირობს ტყეში. მომართვამდე ერთი კვირით ადრე ჰქონდა ქოშინი, სისუსტე და თავის ტკივილი. განყოფილებაში გასინჯვის დროს დაუდგინდა მაღალი ტემპერტურა (39.5°C). პაციენტს დაუნიშნეს პარაცეტამოლი და ანტიკონვულსიური პრეპარატები და მოათავსეს საავადმყოფოში, იქ ჩაუტარდა სეროლოგიური გამოკვლევა. გაუკეთდა ლუმბური პუნქცია, დაუნიშნეს ვანკომიცინი, ცეფტრიაქსონი, ამპიცილინი და აციკლოვირი ინტრავენურად. ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა გამოავლინა ზომიერი ლეიკოციტოზი ნეიტროფილების სიჭარბით და მსუბუქი ჰიპონატრიემია. თავზურგტვინის სითხის ტესტი პათოლოგიის გარეშე. აივ-ზე, დასავლეთ ნილოსის ვირუსზე, ენტეროვირუსზე და მარტივ ჰერპესვირუსზე ტესტები უარყოფითია. თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით გამოვლინდა პათოლოგიური T2 და სითხით შესუსტებული ინვერსიული აღდგენის (FLAIR) სიგნალები ფრონტალურ და საფეთქლის წილებში ორმხრივად, აგრეთვე ბაზალურ განგლიებში და პარკუჭოვან ბირთვებში. ელექტროენცეფალოგრამა ავლენს ზომიერ გენერალიზებულ შენელებას. ჰოსპიტალიზაციისას პირველადი ტესტი ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტის ვირუსის IgM-ზე იყო უარყოფითი, მაგრამ 3 კვირის შემდეგ გახდა დადებითი ტიტრით 1:32. თავდაპირველად ვირუსის საწინააღმდეგო IgG-ის მაჩვენებელი იყო 1:64, 3 კვირის შემდეგ კი გახდა 1:1024. სეროლოგიური ტესტი სენტ-ლუისის ენცეფალიტზე უარყოფითია. პაციენტის გამოჯანმრთელება მიმდინარობდა ნელა, ის საავადმყოფოში 4 კვირა დარჩა. 6 თვის შემდეგ მას აქვს მეხსიერების გარკვეული გაუარესება, მაგრამ არანაირი სხვაგვარი ნევროლოგიური დეფიციტი. ანტიკონვულსიური პრეპარატებით მკურნალობა გრძელდება.
სხვა გამოვლინებები
პაციენტებს შეიძლება ასევე ჰქონდეთ თავის ტვინის შეშუპება და ინტრაკრანიული ჰიპერტენზია, რაც საჭიროებს ექსტრავენტრიკულურ დრენირებას და ოსმოთერაპიას. სხვა სიმპტომატიკა მოიცავს ასეპტიურ მენინგიტს, დეზორიენტაცის, ტრემორს, ფსიქოზს, ფოკალურ ნევროლოგიურ სისუსტეს, კომას და მულტიორგანულ უკმარისობას. ჩვილი ბავშვის შემთხვევისას აღწერილი იყო მწვავე EEEV ინფექციასთან დაკავშირებული ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი.[4] სამხრეთ ამერიკის ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტის ვირუსს (ცნობილია როგორც მადარიაგას [MADV] ვირუსი) აქვს ტენდენცია, გამოიწვიოს დაავადების უფრო მსუბუქი ფორმა; თუმცა, კლინიკური გამოვლინებები სხვადასხვაგვარია, შესაძლებელია უსიმპტომო მიმდინარეობა, ცხელება ნევროლოგიური სიმპტომებით ან მათ გარეშე (მაგ, გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები, მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტი, ან ჰემიპარეზი).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას