მიდგომა

შემთხვევების უმეტესობაში იმპეტიგო ლაგდება სამედიცინო დახმარების საჭიროების გარეშე.[25]სისტემური გამოვლინებების გარეშე დაავადების სტანდარტული მკურნალობა ხორციელდება ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკებით.[26]პერორალური ანტიბიოტიკები რეზერვირებულია პაციენტებისთვის უფრო მძიმე ან მკურნალობის მიმართ რეფრაქტერული დაავადებით.[24][27]​​[28]ინტრანაზალური ანტიბიოტიკები გამოიყენება გამომწვევი ბაქტერიების ცხვირის ლორწოვანში ქრონიკული მატარებლებისთვის. კანის ჰიგიენის ზომები და ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება, რომლებიც ამცირებს პათოგენური ბაქტერიების სიმჭიდროვეს კანზე, სასარგებლოა პაციენტების უმეტესობისთვის.

კანი, რომლის მთლიანობა დარღვეულია მცირე ტრავმების ან სხვა დაავადებების შედეგად, განსაკუთრებით მგრძნობიარეა ინფექციის მიმართ. ამიტომ საჭიროა ყველა ფონური მიზეზის (მათ შორის ჭრილობების, დერმატიტის, მწერების ნაკბენების და მუნის) გამორიცხვა და მკურნალობა.[1]

ახალშობილები

რეკომენდირებულია, რომ ახალშობილებში ანტიბიოტიკოთერაპია ჩატარდეს პედიატრ დერმატოლოგთან ან ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტთან ერთად.

პაციეტებს, რომლებსაც სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში აქვთ არა ბულოზური იმპეტიგო, სჭირდებათ პერორალური ანტიბიოტიკები, თუ MRSA გამორიცხული ან ნაკლებად სავარაუდოა. ერითრომიცინი რეკომენდებულია როგორც პირველი რიგის მკურნალობა. ინტრავენური ვანკომიცინი რეკომენდებულია, თუ ტესტირება მიუთითებს MRSA-ის არსებობაზე.[26][29]

ბულოზური იმპეტიგოს მქონე ახალშობილებისთვის რეკომენდებულია პარენტერალური ანტიბიოტიკოთერაპია ნაფცილინით, ოქსაცილინით ან კლინდამიცინით; ვანკომიცინი რეკომენდებულია MRSA შემთხვევებისთვის.[26][29]

მოზრდილები, ბავშვები და ჩვილები: ზედაპირული ან შეზღუდული ინფექცია

ამ პაციენტებს არა აქვთ რბილი ქსოვილის უფრო ღრმა დაზიანების (აბსცესი, ცელულიტი) ან ჰემატოგენური გავრცელების (ცხელება, სისტემური სიმპტომები) ნიშნები. დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის გაიდლაინები პირველი რიგის მკურნალობად რეკომენდაციას უწევს წყალბადის ზეჟანგის კრემის გამოყენებას.[24] ტოპიკური ანტიბიოტიკები, როგორებიცაა მუპიროცინი, ფუსიდის მჟავა, რეტაპამულინი და ოზენოქსაცინი გამოიყენებ იმ შემთხვევაში, როდესაც წყალბადის ზეჟანგის კრემი შეუფერებელია (მაგ. პაციენტს თვალების გარშემო აქვს იმპეტიგო) ან არაეფექტურია, გარდა შემთხვევისა, როდესაც აღინიშნება რეზისტენტობა.[26][27][28]​​​[30][31][32]

მოზრდილები, ბავშვები და ჩვილები: კანის გავრცელებული დაზიანებები

ამ პაციენტებს არა აქვთ რბილი ქსოვილის უფრო ღრმა დაზიანების (აბსცესი, ცელულიტი) ან ჰემატოგენური გავრცელების (ცხელება, სისტემური სიმპტომები) ნიშნები. პაციენტების მკურნალობისთვის რეკომენდებულია პერორალური ანტიბიოტიკები, მათ შორის დიკლოქსაცილინი ან ფლუკლოქსაცილინი, ერითრომიცინი ან პირველი თაობის ცეფალოსპორინები (მაგ., ცეფალექსინი )[24][27]პარენტერალური ანტიბიოტიკოთერაპია მხედველობაში მიიღება გავრცელებული დაზიანებების და ძლიერ შესუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებისთვის.[26][29]თუ სავარაუდოა MRSA (სპონტანური აბსცესის ან ცელულიტის შემთხვევები, დაზიანებები, რომლებიც არ ლაგდება რეკომენდებული ანტიბიოტიკებით მკურნალობისას) და/ან დადგენილია ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტირებით, ანტიბიოტიკების შესაბამისი არჩევანი მოიცავს კლინდამიცინს, ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლს ან დოქსიციკლინს.[27][28][33]

მოზრდილები, ბავშვები და ჩვილები: რბილი ქსოვილის ღრმა ჩართულობა ან ჰემატოგენური გავრცელება

ეს პაციენტები შემოდიან კანის უფრო ფართო დაავადებით (აბსცესი, ცელულიტი) ან ჰემატოგენური გავრცელების (ცხელება, კონსტიტუციური სიმპტომები) მტკიცებულებით. რეკომენდირებულია პარენტერალური ანტიბიოტიკული თერაპია ნაფცილინით, ოქსაცილინით ან კლინდამინიცინით.[34]თუ სავარაუდოა MRSA (სპონტანური აბსცესის ან ცელულიტის შემთხვევები, დაზიანებები, რომლებიც არ ლაგდება რეკომენდებული ანტიბიოტიკებით მკურნალობისას) და/ან დადგენილია ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტირებით,[27]ვანკომიცინის ალტერნატივები მოიცავს ორიტავანცინს, დალბავანცინს და ტედიზოლიდს. შეიძლება საჭირო იყოს ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტთან (პედიატრთან ან მოზრდილთა ინფექციონისტთან) თანამშრომლობა ჩვილების, ბავშვების, სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტების ან ნებისმიერი ისეთი პაციენტის შემთხვევაში, რომელიც ცუდად რეაგირებს საწყის პარენტერალურ ანტიბიოტიკოთერაპიაზე.

ინტრანაზალური ანტიბიოტიკები ცხვირის ქრონიკული ბაქტერიული კოლონიზაციისთვის

პაციენტებისთვის, რომლებსაც ხშირად აქვთ იმპეტიგოს რეციდივი, დამატებით გამოიყენება ინტრანაზალური ანტიბიოტიკი (რომელიც გამოიყენება ნესტოებზე იმავე სიხშირით, როგორც ანტიბიოტიკის კანზე დატანა, თვის 5-7 დღის განმავლობაში).[35]იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის გარდა ოჯახის სხვა რამდენიმე წევრს აქვს იმპეტიგო, ოჯახის დაუსნებოვნებელი წევრ(ებ)ისთვის დაინიშნება მხოლოდ ინტრანაზული ანტიბიოტიკი. ნებისმიერ შემთხვევაში, მიზანია ცხვირში ბაქტერიების კოლონიზაციის შემცირება, რადგან ცხვირის რეზერვუარი შეიძლება გახდეს ადამიანის ხელახლა დაინფიცირების წყარო ან გაავრცელოს ინფექცია ახლო კონტაქტის გზით.

კანის ჰიგიენის ზომები

იმპეტიგოს მქონე პაციენტებისთვის დღეში ორჯერ საპნით და წყლით დაბანა კანის ზოგადი მოვლის კარგი საშუალებაა, ვინაიდან ის ხელს უწყობს კანზე ბაქტერიების რაოდენობის შემცირებას. უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, განსაკუთრებით, კანის უფრო ფართოდ გავრცელებული ჩართულობის მქონეთათვის, ქლორჰექსიდინი შეიძლება იყოს კარგი ანტიბაქტერიული გამწმენდი მათ რუტინულ პროცედურაზე დასამატებლად.[35]თუმცა, ქლორჰექსიდინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ახალშობილებში ან 4 წლამდე ბავშვებში (აბსორბციის დროს შესაძლო ტოქსიკური ეფექტის გამო).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას