Videos
მხრის ასპირაცია და ინექცია - ანიმაციური დემონსტრაცია
როგორ ამოვიღოთ სინოვიალური სითხე მხრიდან და შევიყვანოთ სახსარშიდა მედიკამენტები. ვიდეო გვიჩვენებს უკანა მიდგომას მხრის სახსართან და ლატერალურ მიდგომას სუბაკრომიულ სივრცეში.
საჭირო ხელსაწყოები
მოამზადეთ სტერილური სივრცე, შეხების გარეშე მიდგომით. დაგჭირდებათ:
სტერილური ხელთათმანები
სტერილური ანტისეპტიკური ხსნარი კანისთვის (პოვიდონ-იოდი ან ქლორჰექსიდინი ყველაზე შესაფერისია)
ქირურგიული წკირები
სტერილური შპრიცები და ნემსები (კალიბრი: 21-იანი ან 23-იანი)
სტერილური ბოთლები ნიმუშებისთვის (თუ ასპირაცია დიაგნოსტიკური მიზნით კეთდება)
მედიკამენტი საინექციოდ (თუ ასპირაცია თერაპიულია)
წებოვანი (ადჰეზიური) სახვევი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება (საჭიროებისამებრ).
უკუჩვენებები
სახსრის ჩანაცვლება ან პროთეზი (ამ სახსრებიდან სინოვიალური სითხის ასპირაცია და ინექცია შესაძლებელია, მაგრამ უნდა გაკეთდეს მხოლოდ გამოცდილი კლინიცისტის მიერ სტერილურ საოპერაციო გარემოში)
ინფექცია: კანის მთლიანობის დარღვევა ინექციის ადგილას, კანის ლოკალური ინფექცია (მაგ. ცელულიტი), ბაქტერიემია ან ოსტეომიელიტი. კანის ინფექციის გამომწვევი ბაქტერია შეიძლება შეიტანოთ სახსარში, რაც გამოიწვევს იატროგენურ სეპტიკურ ართრიტს. შეიძლება განვითარდეს სახსრის მძიმე დესტრუქცია და სისტემური ავადმყოფობა
ცელულიტი: ბაქტერიული ინფექცია სახსრის მიმდებარედ. არ შეიძლება სახსრის ასპირაცია და/ან ინექცია
ჰემართროზი, ოსტეოქონდრული მოტეხილობა ან ეჭვი სახსარშიდა მოტეხილობაზე (ინექცია უკუნაჩვენებია; ასპირაცია ჰემართროზის დროს შეიძლება იშვიათად იყოს ნაჩვენები)
გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობა სახსარშიდა კორტიკოსტეროიდების მიმართ
პაციენტის უარი
სისხლის შედედებაში დარღვევები (მაგ. ჰემოფილია), ანტიკოაგულანტების მიღება ან თრომბოციტოპენია ითვლება შედარებით უკუჩვენებად: თეორიულად იზრდება სახსარში სისხლდენის რისკი; თუმცა, რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ არ არის სისხლდენის მნიშვნელოვანი ზრდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვარფარინს, იმ პირობით, რომ პაციენტის საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა თერაპიულ დიაპაზონშია.[71] [75]
ჩვენებები
სავარაუდო სეპტიკური ართრიტის დროს სახსრის ასპირაცია აუცილებელი გამოკვლევაა.
სახსრის ასპირაცია შეიძლება ნაჩვენები იყოს თუ არსებობს კლინიკური ეჭვი ჩამოთვლილზე:
კრისტალური ართროპათია: პოდაგრა და ფსევდოპოდაგრა
სეროუარყოფითი ართროპათია (მაგ. რეაქტიული ართრიტი, გონოკოკური ართროპათია, მაანკილოზებელი სპონდილიტი)
სეროდადებითი ართროპათია (მაგ. რევმატოიდული ართრიტი)
მონოართროპათია ან სახსროვანი გამონაჟონი უცნობი მიზეზით.
იშვიათად, მხრის სახსრის ასპირაცია კეთდება სიმპტომური შვებისათვის, დიდი ზომის, მტკივნეული ჰემართროზის ან დიდი, დაჭიმული ეფუზიის დროს.
მხრის სახსარში ინექცია შეიძლება განვიხილოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
მხრის სახსრის ოსტეოართრიტი
ადჰეზიური კაფსულიტი ("გაყინული" მხარი)
მხრის როტაციული კუნთის დაზიანება.
გართულებები
ტკივილი: როგორც წესი, ხანმოკლეა; მედიკამენტის ინექციის შემდეგ ტკივილი თავდაპირველად შეიძლება გამწვავდეს რეაქტიული ართრალგიის გამო
ნერვის და/ან სისხლძარღვების დაზიანება (ძალიან იშვიათია უკანა მიდგომით)
ინფექცია: ასეპტიკური მიდგომით ვამცირებთ ინფექციის შეტანის რისკს სტერილურ სახსარში; იმ შემთხვევაში, თუ ეჭვია ინფექციაზე, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი კვლევები და ორთოპედის ჩართულობა
სიმპტომების ან ეფუზიის განმეორება
სინოვიური სითხის მიღება ვერ ხერხდება.
მხარში კორტიკოსტეროიდების გაკეთების დამატებითი გართულებები შეიძლება იყოს:
ადგილობრივი ან სისტემური ჰიპერმგრძნობელობა საინექციო ნივთიერების მიმართ
სახის წამოწითლება
კანის ატროფია ან დეპიგმენტაცია
სისხლში გლუკოზის მატება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში
მენსტრუალური ციკლის დარღვევა
სახსრის დესტრუქცია: სახსარში კორტიკოსტეროიდების შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ოსტეონეკროზი და სასახსრე ზედაპირების დესტრუქცია. თუმცა, ინექცია პაციენტს დროებით შვებას მოგვრის სიმპტომურად. ინექციები დიდ სახსრებში წელიწადში არაუმეტეს სამჯერ უნდა გაკეთდეს[76]
მყესის დაზიანება ან გაგლეჯა: დაკავშირებულია კორტიკოსტეროიდის შემთხვევით ინექციასთან მყესში. რისკი შეიძლება შევამციროთ ნემსის ამოღებით წინააღმდეგობის შეგრძნების შემთხვევაში ან ულტრაბგერის კონტროლით.
შემდგომი მოვლა
დიაგნოსტიკური ასპირაციის შემდეგ გააგზავნეთ სინოვიური სითხე ლაბორატორიაში ჩამოთვლილი კვლევებისთვის: ურგენტული მიკროსკოპია, უჯრედული ანალიზი, გრამის წესით შეღებვა, კულტივირება და კრისტალები
თუ ასპირატში გამოხატულია ჩირქი ან არის კლინიკური ეჭვი სეპტიკურ ართრიტზე, საჭიროა დაუყოვნებლივი შეფასება ორთოპედის მიერ და შესაბამისი ჩარევა. საჭიროა სისხლის კულტივირება და ინტრავენური ანტიბიოტიკები. რაც შეიძლება მალე უნდა გამოვრეცხოთ სახსარი საოპერაციო პირობებში
არასეპტიკური ასპირატებისთვის მართვის გეგმა ეფუძნება კლინიკურ ნიშნებს და სახსრის სითხის ანალიზის შედეგებს
დაგეგმეთ შემდეგი ვიზიტი და პაციენტს გაესაუბრეთ პროცედურის შედეგების შესახებ. შემდეგი ვიზიტი კლინიცისტებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ გართულებები, რომლებიც შეიძლებოდა მოყოლოდა პროცედურას. ასევე გაირკვევა ჩარევა წარმატებული იყო თუ არა.